გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი გივი ფანცულაია გარდაიცვალა. "კაპრალი გივი მამუკას ძე ფანცულაია ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად, 2012 წლის იანვარში დაიჭრა. კაპრალ გივი მამუკას ძე ფანცულაიას ამერიკული მხარის მიერ ადგილზევე სამედიცინი დახმარება მყისიერად ჩაუტარდა. შემდეგ ის გადაყვანილი იქნა გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალში. კაპრალი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში და აღენიშნებოდა ნერვული სისტემის დაზიანება.
3 მარტის შემდეგ კაპრალი გივი მამუკას ძე ფანცულაია გადმოყვანილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად კვალიფიციური ექიმები 6 თვის განმავლობაში იბრძოდნენ. ექიმების თავდადებული მცდელობის მიუხედავად სამწუხაროდ, გივი მამუკას ძე ფანცულაიას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს დაფარავს", - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ფანცულაია ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში 6 იანვარს, ქართველ ჯარისკაცებზე "თალიბანის" მებრძოლების თავდასხმისას დაიჭრა. თავდასხმისას დაიღუპა კაპრალი შალვა ფაილოძე. გიორგი ფანცულაია მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში მსახურობდა.