"...ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას ვაძლევ. ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე. სწორედ ამ ჩიხურის პირად, მაღლობზე, სდგას ორსართულიანი ქვითკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე - დარბაზისა და სისქე - ციხის, მაგრამ არც ერთ მათგანს კი არა ჰგავს!.. აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას, 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში 1841 მიწერია"... აკაკი წერეთელი, "ჩემი თავგადასავალი".
"ჩემი რჩეული" ქართველი მგოსნის, მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის - აკაკი წერეთლის 5-ტომეულის უკვე მესამე ტომს გთავაზობთ ჟურნალ "გზასთან" ერთად.
აკაკი წერეთელი საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში, თავად როსტომ წერეთლის ოჯახში დაიბადა, მაგრამ იმჟამინდელი ტრადიციით, პატარა აკაკი იქვე, სოფელ სავანეში ძიძას - მანო სადუნიშვილს მიაბარეს აღსაზრდელად.
"საწერეთლოში, ზემო იმერეთში, ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც, ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი. როგორც სათვალთვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ "სავანე", ე.ი. მოსასვენებელი ადგილი. საჩხერეზე შორს არ არის: ჩვენი სახლიდან ნახევარი საათის სასიარულო თუ იქნება... არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ თუკი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხის შვილებთან ერთად ვიზრდებოდი" ("ჩემი თავგადასავალი").
დღეს წერეთლების სასახლეში, სოფელ სხვიტორში აკაკის სახლ-მუზეუმია; ძიძისეულ ქოხში, სავანეში კი - მუზეუმი, რომელსაც ეთნოგრაფიულს უფრო ვუწოდებდით. წლების განმავლობაში დამთვალიერებელიც ბევრი სტუმრობს ამ მუზეუმებს. აკაკის სახლ-მუზეუმის დირექტორს, ბატონ ცეზარ ლაშხს საჩხერეში შევეხმიანეთ:
- რა პერიოდიდან იქცა როსტომ წერეთლის სასახლე და აკაკი წერეთლის ძიძის - მანო სადუნიშვილის ქოხი მუზეუმებად და რა მდგომარეობაშია დღეს?
- აკაკის გარდაცვალების შემდეგ, 1915 წლიდან მუზეუმს ჰპატრონობდა აკაკის ნების აღმსრულებელი კოტე აბდუშელიშვილი, რომელიც 1927 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ეს საქმე მისმა მეუღლემ, ანიკო თარხნიშვილ-აბდუშელიშვილისამ ითავა.
სახლ-მუზეუმი 1939 წელს გაიხსნა, ხოლო სახელმწიფო მუზეუმად 1943 წელს გამოცხადდა. აკაკი წერეთლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი, 1940 წელს, სასახლეს ჩაუტარდა რემონტი. მუზეუმის პირველი დირექტორი გახლდათ მიხეილ ტუსკია, შემდეგ, სამამულო ომის პერიოდში, 1943 წლამდე - ბაბო მეგრელაძე, 1944-1984 წლებში კი - ნიკოლოზ (კოკი) კეჟერაძე, რომელიც ზუსტად 40 წლის განმავლობაში განაგებდა მუზეუმს. პირველი გამოფენა სხვიტორის სახლ-მუზეუმში 1948 წელს გაიხსნა. 1959 წელს მუზეუმს შეემატა აკაკის დედისეული ბაღი და მთელი ტერიტორია გამოცხადდა ნაკრძალად. ნაწილობრივ აღდგა მემორიალებიც. ამავე წელს სავანეში აღდგა ძიძისეული კარ-მიდამო და ქოხი ბეღლით, სახაბაზოთი და სასიმინდეთი. დღემდე მუზეუმს უამრავი ქართველი და უცხოელი დამთვალიერებელი ჰყავს.
"თვალწინ მიდგია ისლით გადახურული ხის სახლი წინა და უკანა კარებით, უფანჯრო-უსარკმლო მხოლოდ ორი საკვამლურით, ანუ საფაფურით, საიდანაც კვამლი გადიოდა და სამაგიეროდ, სინათლე შემოდიოდა. შუა კერაზე, მხართეძოზე წამოწოლილი დევივით იდვა დიდი, უზარმაზარი ჯირკვი და გაუსხლეტელად ზამთარ-ზაფხულ ცეცხლი გუზგუზებდა" ("ჩემი თავგადასავალი").
- სად რა ნივთებია დაცული, რა იყო შემორჩენილი და რისი მოძიება გახდა საჭირო?
- 1908 წელს, აკაკის საიუბილეო დღეებისათვის გიგო გაბაშვილმა დახატა აკაკი თავისი უბრალო გაცვეთილი პალტოთი. აკაკის უხუმრია: "დამხატე ამ ჩემს გაცვეთილ პალტოში. ახლა იუბილეს მიხდიან, იქნებ ახალი პალტო მაინც მიყიდონ". სასაჩუქრე ნივთები, რომლებიც აკაკის 1908 წლის იუბილეზე გადასცეს და, აგრეთვე, პირადი ნივთები - პერანგები, ქურთუკები, ჰალსტუხი, ხელნაწერები ინახება ჩვენს მუზეუმში, ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ხელოვნებისა და ლიტერატურის მუზეუმებში. მაგალითად, ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია აკაკის ორი სავარძელი და საწერი მაგიდის მოწყობილობა. 1959-1960 წლებში სხვიტორის მუზეუმმა შეიძინა აკაკისეული სახაბაზო და ბეღელი, რომლებიც აკაკის უფროსი ძმის, დავითის ოჯახში იყო დაცული. ალექსანდრე ბარამიძემ უსასყიდლოდ გადმოსცა მუზეუმს ივანე ელიაშვილის ოჯახში შენახული აკაკის წიგნების კარადა. "ქართლის ცხოვრების ქრონიკები" დავით წერეთლის ოჯახიდანაა შეძენილი. მუზეუმში დაცულია 1917 წელს საჩხერის სამეფო სტამბაში დაბეჭდილი მინიატიურული სახარება, აგრეთვე, ერეკლე მეფის სტამბაში დაბეჭდილი ბიბლია.
ამჟამად მემორიალობა ძირითადად დაცულია. მის სრულყოფილად აღსადგენად საჭიროა სამ ოთახში მუხის იატაკისა და 1990 წელს აგებული საგამოფენო დარბაზის დასრულება.
- ყველა მუზეუმს აქვს "შთაბეჭდილებათა წიგნი". შეგიძლიათ, თქვენს მუზეუმში დაცული რამდენიმე განსაკუთრებულად საინტერესო და მასობრივად ნაკლებად ნაცნობი ჩანაწერი გაგვაცნოთ აკაკის ცხოვრებიდან?
- მუზეუმის შთაბეჭდილებათა წიგნებში დაცულია უამრავი ცნობილი ადამიანის ჩანაწერი. მაგალითად, 1976 წლის 5 სექტემბერს ჩაწერილია საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში მცხოვრები ყარამან ოთხმეზურის შთაბეჭდილება: "დიდი მღელვარებით ვნახე სახლი აკაკის, რომლის წიგნების კითხვით მე გადავირჩინე საზღვარგარეთ ჩემი მშობლიური ენა. თანაც იგი იყო ახლობელი ჩემი ოჯახის, ნიკო და კატო ოთხმეზურისა ჭიათურაში"; პოეტ-აკადემიკოს ირაკლი აბაშიძეს 1975 წლის 24 ოქტომბერს ჩაუწერია მუზეუმის "შთაბეჭდილებათა წიგნში": "კიდევ აკაკის სახლში - ბედნიერებაა..."
აქვე, სხვიტორის წერეთლების სასახლეში გარდაიცვალა 1915 წლის 25 იანვარს უკვე მხცოვანი და ღვაწლმოსილი. მისი საფლავი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია.
"ყოველი არსი, სულიერი თუ უსულო, ხილული თუ უხილავი, ერთსა და იმავე მსოფლიო კანონს ექვემდებარება: დაიბადება, იზრდება, დაბერდება - კვდება!.. წყალი რა არის... წყალი!.. უბრალო მდინარეც კი ვერ ასცდენია ამ საყოველთაო წესსა და რიგს: დაიბადება თუ არა, ე.ი. თავს იჩენს თუ არა სადმე მივარდნილ მთის კალთაზე, მაშინვე იწყებს ჟონვას ნელ-ნელა, ახალფეხადგმულ ბავშვივით დაუყვება დაღმართს, თანდათან იზრდება, ფეხს იკიდებს, სანამ წკრიალით არ ჩამოცუნცულდება რომელსამე ხევში, სადაც, როგორც აღვირასხმული, სისხლჭარბი, თავმომწონე და შეუპოვარი, სანავარდოდ გამოსული ჭაბუკი, აღარავის ეკრძალვის, აღარაფერს ერიდება: მირბის და მიხტის ღრიალ-გრიალით!.. მიდის, მიშხუის, ზღვისკენ თავმიცემული, შორს გზით მიმავალი, და, რაც უფრო და უფრო უახლოვდება აუცილებელ სავანეს, თანდათან იჩენს აუჩქარებლობას, როგორც მოხუცი, და ბოლოს კიდეც შეჩერდება ერთი შეჩერება... ტბორავს, თითქოს უნდა, რომ უკანასკნელად ერთი კიდევ მოიხედოს უკანვე, თვალი გადაავლოს თავის წარსულს, ფერადად გაშლილ შორეულ გზას, და მერე კი საუკუნოდ ჩაინთქას, ჩაიღუპოს ზღვის უფსკრულში" ("ჩემი თავგადასავალი").
ირმა ხარშილაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)
იხილეთ ვიდეო: აკაკი წერეთელის ხუთტომეული პროექტში "ჩემი რჩეული"