მავანს გაუხარდა სამარშრუტო ტაქსებში რადიოს გათიშვა - უდროო დროს და უადგილო ადგილას ბოლო ხმაზე აწეულ "ყაზბეგის" რეკლამის "საუნდტრეკს" - "აყვავებულა არაგვზე დეკას" აღარ მოასმენინებდნენ.
მომღერალმა გიორგი ჩიტაურმა კი პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. შესაძლოა, ნუგზარ ერგემლიძის ბედი გაიზიაროს. ჩიტაური მშობლიურ თიანეთის რაიონში აპირებს ლეიბორისტული პარტიის სიით მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას. მისი კონკურენტი თიანეთში ”ქართული ოცნებიდან” ზაქარია ქუცნაშვილი იქნება. რატომ მაინცდამაინც ლეიბორისტების მხრიდან? იმიტომ რომ "დაბადებიდან ლეიბორისტია”.
”ბიძაჩემი იყო ამ პარტიაში და ბავშვობიდანვე სულ ლეიბორისტებს ვხედავდი. ძალიან მომწონს ამათი გამოსვლები", - განუცხადა ჩიტაურმა გაზეთ ”ახალ თაობას”.
თავადაც, პარლამენტში ფოლკლორის ასაყვავებლად მიდის: "დღეს საქართველოში ძალიან პოპულარულია ფოლკლორი. მე მყავს მეგობრები, რომლებიც ამ სიმღერებს მღერიან და მთელი საქართველო პატივს სცემს, ამის მიუხედავად, მათ ყურადღებას არავინ აქცევს, ფოლკლორს კი დაცვა სჭირდება. სიმღერიდან პოლიტიკაში იმიტომ მივდივარ, რომ მომღერლებს აღარ უჭირდეს", - აცხადებს ჩიტაური.
ასე რომ, შეიძლება მალე ”აყვავებულა ლეიბორიზმი” იმღეროს. - "რატომაც არა, სიმღერებს ვიმღერებ, მაგრამ მარტო სიმღერით ჩემს რაიონს ვერ ვუშველი".
ქართულ ოცნებასთან ჩახუტებას კი უარყოფს.
გიორგი ჩიტაური: ”მოდით, პირდაპირ ვიტყვი, ქართული ოცნება ცდილობდა ჩემს გადაბირებას. დაიწყეს ხალხის გამოგზავნა. ერთ-ერთ შეხვედრაზე 10 ათასი ლარი დამიდეს და მოთხოვნა წამიყენეს, დავმდგარიყავი მათ გვერდით. უარი ვთქვი. გვერდით არასოდეს დავუდგები, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ვნახე, როგორი ხალხი შემოიკრიბეს გარშემო. თუ ჰგონიათ, რომ მარტო ბერა ივანიშვილის სიმღერით მოულბობენ ხალხს გულს, ძალიან ცდებიან”.
- ბერას სიმღერებს რაღას ერჩით?
- მაგ ბავშვს არაფერს ვერჩი, მაგრამ არ შეიძლება საქართველოში ასეთი სიმღერების სიმღერა. რა რეპი, როცა ასეთი სიმღერები გვაქვს.
- ამით რისი თქმა გინდათ, რომ თქვენი სიმღერები უფრო მოსწონს ხალხს?
- ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ძალიან ბევრს მოსწონს. მე არ ვამბობ, რომ ამით არჩევნებს მოვიგებ, მაგრამ ბევრი გულშემატკივარი მყავს და მართლა მინდა, რომ ჩემი რაიონისთვის და ფოლკლორისთვის რამე გავაკეთო. წინა დეპუტატებმა რაიონისთვის არაფერი გააკეთეს. მე არ მინდა ასეთი დეპუტატი ვიყო. მე ვიცი, რა უჭირს ამ ხალხს.
ასე რომ, პოლიტიკა ოხერია. ფოლკლორზე მოფიქრალი კაცი, შეიძლება ლეიბორისტების "ავანგარდში" აღმოჩნდე.