რატომ არ მეგობრობს ნათია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან

რატომ არ მეგობრობს ნათია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან

ირაკლი ალასანია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. მისი ოჯახიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, მაგრამ შვილებს, ნიკა და ეკა ალასანიებს, ყველაზე მეტად ეს ფაქტი არ მოსწონთ. თავდაპირველად მხოლოდ დედასთან ერთად ფოტოების გადაღებაზე დაგვთანხმდნენ, მაგრამ მათთან სტუმრად მისულმა, რამდენიმე კითხვის დასმა მაინც მოვახერხეთ. ფოტოგადაღებამ მხიარულად ჩაიარა, ნიკას განსაკუთრებული იუმორი აქვს და აივანზე გადაღებისას ყვავილების მორწყვაც შემოგვთავაზა. ეკას მასწავლებელთან ეჩქარებოდა, ნიკას მეგობრები ელოდნენ... ოჯახის დიასახლისი - ნათია ფანჯიკიძე, როგორც ყოველთვის, სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა.

ნათია:

- საერთოდ, არ მიყვარს დიდი სახლები. მომწონს, როცა სივრცე ენერგეტიკულად ათვისებულია. არ მიყვარს ბევრი ცარიელი სივრცე, დაკეტილი ოთახები, თუმცა ერთი ოთახით მეტი რომ გვქონდეს, გამიხარდებოდა. ნიკუშა რომ ჩამოდის, ვეღარ ვეტევით, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია, ვიდრე ბევრი გამოუყენებელი ოთახი მქონდეს.

- ამ სახლში ვინ ცხოვრობთ?

- მუდმივად ვცხოვრობთ მე, ირაკლი და ეკა. ნიკუშა არდადეგებზე ჩამოდის. ნიუ-იორკში, მანჰეტენის "სითი კოლეჯში" სამართალს სწავლობს. იქ ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. საბედნიეროდ, ცოტა ხანგრძლივი არდადეგები აქვს, მაგრამ აქ ჩამოსული დიდ დროს ატარებს მეგობრებთან, ძირითადად მძინარეს ვხედავ. ეკა თბილისში სწავლობს, მე-11 კლასში გადავიდა.

- ნიკა, შეგიძლია შენი ამერიკული ცხოვრების შესახებ მოგვიყვე?

- არ ვიცი, მოკლედ როგორ მოვყვე, უფრო სწავლაზე ვარ ორიენტირებული და თავისუფალ დროს ცოტ-ცოტას იქაურ მეგობრებთან ვერთობი.

- ამერიკაში ყოფნისას ყველაზე მეტად ქართული რა გენატრება?

- საჭმელი და მეგობრები (იღიმება).

- ნათია, ეს ბინა თქვენი გემოვნებით მოაწყვეთ?

- დიახ, აქ წელიწად-ნახევარია ვცხოვრობთ და ზედმეტად ჩემი გემოვნებით მოვაწყვე. ირაკლის ეზარებოდა მონაწილეობა და არც მოიცალა. ჭრელა-ჭრულა სახლი გამოვიდა, ბევრი ნივთით, ყვავილებით. აქ ყველა პატარა ნივთსაც თავისი ისტორია აქვს. მიყვარს, როცა ჩემს საყვარელ მოგონებებს მუდმივად ვუყურებ. მამას ძალიან უყვარდა ზღვა და ზღვაშივე გარდაიცვალა. ზღვის ქვები, რომელიც თაროზე მამას წიგნებთან ერთად აწყვია, მისი შეგროვებულია და სამახსოვროდ წამოვიღე.

- კედლებზე ცოტა ოჯახური ფოტო გაქვთ...

- საერთოდ, უამრავი ფოტო გვაქვს გადაღებული, მაგრამ ცოტა ნარცისულად მეჩვენება, როდესაც ყველა მხრიდან საკუთარი თავი გიყურებს. მე მგონი, ამ სახლში უცხო სტუმარიც რომ შემოვა, თავი ცუდად არ უნდა იგრძნოს. წუთიერმა დუმილმაც არ უნდა შეაწუხოს, ამაში კი ჭრელი ნივთების დათვალიერება დაეხმარება.

- პრეტენზიული მეუღლეა ირაკ­ლი, ზედმეტად მოწესრიგებულია?

- პედანტური მომენტები არ აქვს, მაგრამ შინაგანად დისციპლინირებული და მოწესრიგებულია. მტვერი აქ რატომ არის და ასეთი რაღაცები არ ახასიათებს.

- როგორ იწყება თქვენი ერთი დილა, როდესაც ყველა სადღაც მიიჩქარით?

- ვცდილობ, ყველაზე ადრე ავდგე, დილას ირაკლის ყავას მე ვუდუღებ, მაგრამ ხშირად ადგომას და წასვლას თავად მასწრებს. მხოლოდ იმიტომ არ ვცდილობ ადრე ავდგე, რომ ოჯახს მოვემსახურო, გაღვიძება ხომ ცხოვრებასთან დაბრუნებაა. ჩემი ფილოსოფია მაქვს, ახალგაღვიძებული ცხოვრებას სიამოვნებით და სიხარულით უნდა დაუბრუნდე. არაფრით არ შეიძლება დილას ფაციფუცით მიირთვა ყავა. პირიქით, მშვიდად უნდა დალიო, საყვარელ მუსიკას მოუსმინო, გახვიდე აივანზე, ყვავილებს გადახედო და სიცოცხლეს გაუღიმო.

- სტუმრები თუ მოდიან თქვენთან?

- უფრო ქალები. ბოლო დროს ირაკლი შინ გვიან მოდის და ამიტომ სუფრა, ქეიფი, რაც ადრე ორივეს გვიყვარდა, ახლა იშვიათად იმართება. ირაკლი ხშირად არ არის თამადა, რადგან იშვიათად სვამს, მაგრამ როცა ასე ხდება, ჩემთვის მისაღები თამადაა. კონკრეტული და სადა. ბევრს არ ლაპარაკობს (იღიმება). ჩემი აზრით, ბევრი მხოლოდ განსაკუთრებით მჭევრმეტყველმა ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ, მამაჩემთან ერთად სუფრასთან მოხვედრა სრული ფეიერვერკი იყო. ჯანსუღ ჩარკვიანმა სუფრაზე ბევრი უნდა ილაპარაკოს, რადგან სიტყვა მისი უპირატესობაა, სხვა შემთხვევაში, ჯობს ნაკლებად მოაწყინო ადამიანები გრძელი სადღეგრძელოებით.

- ირაკლის თქვენს მეგობრებთან როგორი ურთიერთობა აქვს?

- ქალების კომპანიაში ჯდომა და ფეხსაცმელებსა და ბაფთებზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ ძალიან უყვარს ჩემი მეგობრები.

- შვილებისთვის დრო რამდენად რჩება?

- კარგი იქნებოდა, მეტი დრო ჰქონოდა, მაგრამ როდესაც დღე კარგად გაქვს ორგანიზებული, ყოველთვის ახერხებ, შენთვის ძვირფას ადამიანებს ყურადღება არ მოაკლო. ეკასთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამასთან ურთიერთობა, გიჟდება მამაზე.

- ეკა, მამას რჩევებს ხშირად ეკითხები?

- რჩევას იშვიათად ვეკითხები, უფრო თხოვნით მივმართავ ხოლმე (იღიმება).

- ნათია, ფიზიკურად ორივე შვილი მამას ჰგავს...

- ის ანეკდოტი თუ იცით, სვანი ქალი რომ ამბობს, ეს ჩემი ქმარი იმდენს მღალატობს, ვისგან ჰყავს შვილები არ ვიციო. ხანდახან მინდა, მეც სვანი ქალივით ვთქვა, ვისგან ჰყავს ირაკლის ეს შვილები, მე რატომ არ მგავს არც ერთი, ვერ გავიგე (იღიმება). ხასიათით ნიკუშა უფრო მგავს, მარტივად ამყარებს ურთიერთობას. თუ ბრაზდება, ბრაზდება, თუ ეცინება - ეცინება. ეკა უფრო მამის ტიპია...

- ნიკა, როგორი მამაა ირაკლი, უყვარს შენიშვნების მოცემა?

- ირაკლი სამართლიანი მამაა, შესაბამისად, შენიშვნების მოცემა უსაფუძვლოდ არ უყვარს.

- მამას რომელი თვისებებით გამსგავსებენ?

- მამას ყველაზე მეტად გარეგნობით მამსგავსებენ, ხასიათით, მგონი, განვსხვავდებით.

- ნათია, როგორც ვიცი, თქვენს შვილებს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვართ.

- როდესაც გინდა, ხალხი გიცნობდეს, ამისთვის თავად დგამ ნაბიჯს, მაგრამ როცა ყურადღების ცენტრში შენი ოჯახის წევრის გამო ექცევი, ცოტა უჩვეულო გრძნობაა. ნიკუშა უკვე სრულწლოვანია. აქამდე ჩემი პოზიცია იყო, რომ არ მინდოდა ჩემი შვილები ჩემი ინიციატივით პოლიტიკაში ჩამერთო. თუ თავად გამოთქვამენ სურვილს, ეგ სხვა საქმეა.

- ოთხი წელი ცხოვრობდით ამერიკაში, აქ ჩამოსულს რასთან შეგუება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

- სამშობლოსთან შეგუება როგორ გამიჭირდებოდა. ერთადერთი, თავიდან, სანამ გონს მოვიდოდი და მივხვდებოდი, რომ ეს სამთავრობო პოლიტიკის სტილია, ვერ ვხვდებოდი, რატომ მლანძღავდნენ, როცა არაფერი დამიშავებია.

- მახსოვს, პირველად რომ გამოჩნდით, თქვენს ყვავილებიან კაბაზეც ბევრი ილაპარაკეს...

- ესეც ძალიან უცნაური იყო. ქვეყანაში, სადაც ასეთი სერიოზული პროცესები მიდის, რატომ გახდა ჩემი კაბა წლობით განხილვის საგანი, ვერ ვხვდები. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ამაზე აღარ ისაუბრონ და ქვა არ მესროლონ (იცინის). სინამდვილეში იმ კაბას, გარდა ფერისა, არაფერი ჰქონია არააკადემიური. არც მოკლე იყო, არც ვიწრო, არც შეჭრილი ყოფილა, არც ღრმა დეკოლტე. ნაცრისფერი რომ ყოფილიყო, ვერავინ შეამჩნევდა, რა მეცვა.

- ბავშვები თუ ნერვიულობენ, როცა თქვენ ან ირაკლის გაკრიტიკებენ?

- ამის გამო არასოდეს უსაყვედურიათ. ერთადერთი, ეკას თავიდან გაუჭირდა დაბრუნება. აქედან 9 წლის წავიდა და 14 წლის ჩამოვიდა. მისთვის ადაპტაციის მომენტი ცოტა რთული გამოდგა - თავის დამკვიდრება, მეგობრების შეძენა. ახლა უკვე ჩვეულებრივი თბილისელი გოგოა, მშვენივრად გრძნობს თავს.

- ეკა, როგორც ვნახე, ძალიან და­კავებული ხარ, ახლაც მასწავლებელთან მიდიხარ.... პროფესია უკვე შერჩეული გაქვს?

- ჯერ არა. მგონი, ყველაზე მეტად ფსიქოლოგია მაინტერესებს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.

- ნათია, შვილები ვის უფრო გიმ­ხელენ საიდუმლოს, თქვენ თუ ირაკლის?

- არა მგონია, განსაკუთრებული უნდობლობა ჰქონდეთ რომელიმეს მიმართ. ნიკუშა უფრო პირდაპირია, ეკას უფრო აქვს ის განცდა, რომ რაღაც უნდა დამალოს, რადგან დედა გაბრაზდება, მაგრამ დედა საბოლოოდ მაინც ყოველთვის იგებს და ორმაგად ბრაზდება (იღიმება).

- ეკა, რაზე შეიძლება გაგიბრაზდეს დედა?

- ძირითადად სწავლაზე და სკოლის გაცდენაზე მეჩხუბება.

- ნათია, ირაკლის თქვენთვის აქციებზე გაყოლა თუ უთხოვია?

- 27 მაისს მეც ვიყავი აქციაზე, ახლა ძალიან მიმეჩქარება სამეგრელოში. თბილისში ამდენი ხალხი ეროვნული მოძრაობის დროსაც არ მინახავს, გამიხარდა ის სილაღე, რაც ვნახე. როცა ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოდის, ისინი ერთმანეთის დამცველები ხდებიან. ყველას ვერ დააპატიმრებ, ამდენი ადამიანი რომ სამსახურიდან დაითხოვო, ვიღამ უნდა იმუშაოს. სიამაყე ვიგრძენი, სხვანაირი ხალხი ვართ, არ შეიძლება, ასეთ ერს პატივი არ სცე.

საერთოდ, ირაკლი არ ცდილობს, იმაზე მეტად ჩამრთოს პოლიტიკაში, ვიდრე მე ეს შემიძლია. დღეს განსაკუთრებული მდგომარეობაა და ცხადია, დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს მოვლენებს, თორემ, საერთოდ, ჩვენ ყოველთვის გამიჯნული გვქონდა ერთმანეთის საქმიანობა. როგორც ირაკლი არ მოვა და არ მირჩევს, რა მეთოდით ვუმკურნალო პაციენტებს, ასევე ვიქცევი მეც მისი საქმის მიმართ. ეს ურთიერთობის ელემენტარული ეთიკაა.

- ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ეკა არაჩვეულებრივი ადამიანია. მისი ინტერვიუ ცოტა ხნის წინ "მაესტროზე" გავიდა და მე მგონი, ყველა მოიხიბლა. რაც შეეხება ახლო მეგობრობას, ეს ბუნებრივად უნდა მოვიდეს. დიდ პატივს ვცემ, მაგრამ გაცნობის დღიდან ყოველდღე ტელეფონზე ურეკავდე ადამიანს და მის ამბებს კითხულობდე, სწორად არ მიმაჩნია. ამას დრო სჭირდება. რამდენჯერმე შევხვდით სუფრასთან და მოხიბლული ვარ ამ წყვილით.

- თქვენ და ირაკლიც განსაკუთ­რებული წყვილი ხართ, არასოდეს გავ­რცელებულა თქვენზე ყვითელი ჭორი...

- ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთისთვის ყველაფერი ვართ. ქმარზე საუბარი რთულია, სასაცილოა, ცოლი რომ ინტერვიუს იძლევა და ქმარს მეტისმეტად განადიდებს, უბრალოდ, მარტივად, ძალიან მომწონს ირაკლი და რა ვქნა (იღიმება).

- ბევრ ქალბატონსაც მოსწონს...

- დარწმუნებული ვარ, აბა, თუ არავის მოსწონს, მაშინ მე რად მინდა (იცინის). ირაკლი სულიერი წყობითაც გამორჩეულია. კაცურია, თუნდაც იმიტომ, რომ უაზროდ არ ისვრის სიტყვებს, მუშტებს ჰაერში არ იქნევს. მიყვარს, როცა კაცს შეუძლია საკუთარი თავი მოთოკოს.

- მის "საფირმო" ხალზე ტელევიზიით ხშირად უხუმრიათ...

- ხალზე გამორჩევით რა უნდა მოგიყვეთ, ირაკლის ჰაბიტუსი მთლიანად მომწონს (იცინის).

- ნათია, ოჯახურ ტრადიციებზე მოგვიყევით, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოგიყალიბდათ.

- ჩვენს ოჯახს აქვს ასეთი ტრადიცია, სადაც უნდა ვიყოთ, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც, ზაფხულობით აუცილებლად რაჭაში ვისვენებთ. ირაკლიც ამ ტრადიციის თანაზიარი გახდა. რაჭა თავისი კუთხეც ჰგონია. ახლა, სამწუხაროდ, ცოტა ხნით ახერხებს ჩამოსვლას, მაგრამ ყოველ ზაფხულს რაჭაში ფეხი მაინც უნდა დადგას.

- სახლში "ტრენაჟორი" გაქვთ...

- ეგ არ მკითხოთ, ირაკლი ვარჯიშობს. ნერვებს მიშლის ეს "ტრენაჟორი", ჩემი უსაყვარლესი სარკე დაფარა, არ უხდება აქაურობას.

- სახლში თავად ამზადებთ კერძებს?

- დიახ, გურმანები დამეთანხმებიან, რომ შინ მომზადებული ყველაზე მარტივი კერძიც კი ყველაზე გემრიელია. ირაკლის და ბავშვებს ძალიან უყვართ კუპატი, ღომი და ჩაქაფული. თუმცა ეს ჩამონათვალი, ცხადია, ყოველდღიური კერძები ვერ იქნება.

- არ გიჭირთ ახლა, როცა ირაკლი დიდ დროს ატარებს ზუგდიდში?

- გამიჭირდება, მე თვითონ დაკავებული რომ არ ვიყო. ჩემი სამსახური ჩემთვის ყველაფრისგან თავშესაფარია. ახლაც ვისურვებდი, რომ აქ იყოს, მაგრამ, რადგან ამ საქმეში ჩაერთო, პრეტენზიები ჩემი სტილი არ არის.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"