ცნობილი დისიდენტის მოგონებები ვერმახტის გენერალ შალვა მაღლაკელიძეზე

ცნობილი დისიდენტის მოგონებები ვერმახტის გენერალ შალვა მაღლაკელიძეზე

ახლახან დაისტამბა ვერმახტის (ჰიტლერული გერმანიის შეიარაღებული ძალები) ქართული ლეგიონის მეთაურის, გენერალ შალვა მაღლაკელიძის მოგონებები, რომლის წინასიტყვაობა და ბოლოსიტყვაობა ეკუთვნის ცნობილ ქართველ დისიდენტს, თეოლოგს, ფილოსოფოსს, მწერალსა და მთარგმნელს, ილია ჭავჭავაძის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის პრემიის ლაურეატს (ა. ბრუნერის "ფილოსოფიის ძირითადი საკითხების" თარგმნისთვის) ვიქტორ რცხილაძეს.

- 1970-იან წლებში უკვე საქართველოში მცხოვრებ გენერალ შალვა მაღლაკელიძესთან მიახლოებაც კი სარისკო იყო. თუ შეიძლება, გაიხსენეთ, რა პირობებში გიწევდათ მისი ჩაწერა...

- ბატონი შალვა მაღლაკელიძე დიდუბეში ჩემს მეზობლად, მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა. ერთხელ, მუშთაიდის ბაღის გასწვრივ მიმავალს, წინ გადავუდექი. გავბედე, გავეცანი და საუბრით იქვე, ბაღში გადავინაცვლეთ. ჩემთვის, ახალგაზრდა ისტორიკოსისთვის, მისი მონათხრობი ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, ჩამეწერა. ბატონი შალვა დამთანხმდა. ამისთვის ვიშოვე იმ დროისთვისაც ძველმოდური მაგნიტოფონი დიდი ბობინებით. ვიწერდი ჩემს ბინაში, 1975 წლის ზაფხულში, საღამოს 5-6 საათიდან დილამდე, თითქმის ორი კვირის განმავლობაში. ამ ჩანაწერების გაკეთებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, 1976 წელს, ბატონი შალვა გარდაიცვალა.

- ჩანაწერების ის ნაწილი, სადაც ბატონი შალვა იხსენებდა იმდროინდელი პოლიტპატიმრებით სავსე მეტეხის ციხეში არსებულ გაუსაძლის ვითარებას, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. როგორც ვიცი, ჩანაწერის თაობაზე იცოდა ზვიად გამსახურდიამ, რომელსაც თქვენთვის უთქვამს, თუ ბობინებს გადმომცემთ, ირაკლი კენჭოშვილს (ამჟამად პარლამენტის წევრი - მ.გ.) გადავატანინებ ქაღალდზეო...

- ერთი ბობინა, სადაც მნიშვნელოვანი ჩანაწერებია გენერლის მოგონებებიდან, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა, მაგრამ ამაზე ვრცლად საუბარი არ მსურს. საერთოდ, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, იმდროინდელი ამბების შესახებ თვითონ წაიკითხოს "მოგონებებში". ვიტყვი იმას, რომ დანარჩენ ჩანაწერებს ჩემი დაპატიმრების შემდეგ აწ განსვენებულმა ბატონმა ამირან სოსიაშვილმა, ყოფილმა ლეგიონერმა უპატრონა.

- გერმანიის შეიარაღებული ძალების ქართველი გენერლის მოგონებები უნიკალური მასალაა. პირადად თქვენთვის რა არის მიხეილ მაღლაკელიძის მოგონებებში ყველაზე ფასეული?

- გენერალ მაღლაკელიძის მოგონებებში თითქმის ყველაფერი ფასეულია, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობას გერმანულ არმიაში. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ხანდაზმულობისა, - ჩაწერის მომენტში გენერალი მაღლაკელიძე უკვე 81 წელს გახლდათ მიტანებული, - ჩემი რესპონდენტი ბრწყინვალე მეხსიერებით გამოირჩეოდა. მის მოგონებებში პრაქტიკულად არც ერთი ფაქტი არ ეწინააღმდეგება მეორეს. ყველაფერთან ერთად, ბატონი შალვა საინტერესო მთხრობელიც იყო. მაგრამ მის მოგონებებს, პირველ რიგში, ისტორიული ღირებულება აქვს. ბატონი შალვა თხრობისას უაღრესად ობიექტური და თვითკრიტიკული იყო, ზოგჯერ - საკუთარი თავის მიმართ ირონიულიც კი. მისი მოგონებები ერთგვარ აღსარებასავითაა. გენერალი ცდილობდა, არაფერი გამორჩენოდა, მთხოვდა, ზოგი რამ შეიძლება შემეშალოს და სხვა წყაროებთანაც შეადარე, რამე შეცდომა არ გამეპაროსო... ერთი სიტყვით, უამრავი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის თვითმხილველისა და უშუალო მონაწილის, გენერალ შალვა მაღლაკელიძის მოგონებები გამოირჩევა ობიექტურობითა და ფაქტების სისწორით. ეს მართლაც უნიკალური წყაროა ჩვენი ისტორიის გარკვეული პერიოდისა და საკითხების შესასწავლად.

- ცნობილია, რომ გენერალი მაღლაკელიძე ადოლფ ჰიტლერს შეხვდა...

- ჰიტლერს შეხვდა ვერნერ ფონ დერ შულენბურგი, გერმანიის ყოფილი ელჩი სსრკ-ში, მოგვიანებით ანტიჰიტლერული აჯანყების მონაწილე, ხოლო შალვა მაღლაკელიძე ამ შეხვედრას, უბრალოდ, დაასწრეს.

- სიტყვამ მოიტანა და, არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ჰიტლერის საიდუმლო გეგმებში თურმე საქართველოში მონარქიის აღდგენაც შედიოდა...

- საქართველოს ე.წ. მენშევიკური მთავრობის დამხობას და მონარქიის აღდგენას აქტიურად განიხილავდა თვითონ შალვა მაღლაკელიძე. გენერალი ამას, საქართველოში მყოფი გერმანული ჯარის დახმარებით, 1918 წელს აპირებდა, მაგრამ პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების გამო ეს გეგმა ვერ განხორციელდა. რაც შეეხება ჰიტლერის დამოკიდებულებას, მას საქართველოში მონარქიის აღდგენაზე ნამდვილად არ უფიქრია. ჰიტლერული გერმანიის გამარჯვება საქართველოს კარგს არაფერს უქადდა. ეს მოგვიანებით გაირკვა სხვადასხვა წყაროს საშუალებით. თუმცა გერმანული დროშის ქვეშ მებრძოლმა ქართველებმა ამ შესახებ არაფერი იცოდნენ. ისინი გულწრფელად იბრძოდნენ ბოლშევიზმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად და სჯეროდათ, რომ ამას ფაშისტური გერმანიის დახმარებით მოახერხებდნენ.

- ბატონო ვიქტორ, როგორ შეაფასებთ საბჭოთა კავშირის პერიოდში ეროვნულ მოძრაობისა და იმჟამინდელი დისიდენტების მოქმედებას?

- საბჭოთა იმპერიის არსებობის პერიოდში ჩემი თაობის ერთი მუჭა დისიდენტებისათვის, რასაკვირველია, წინა პლანზე იდგა უსამართლობის მხილება, ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთავარი მამოძრავებელი იდეა საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. სხვა საკითხია, რა მივიღეთ დღეს ამ დამოუკიდებლობისგან...

- ძნელია, იყო განსხვავებულად მოაზროვნე და ამასთანავე ბოლომდე სუფთა პიროვნებად დარჩე?

- ამ შეკითხვაზე ასე გიპასუხებთ: რაც უნდა მოხდეს, ძალაუფლებისთვის ბრძოლას არ უნდა გადაჰყვეს ქვეყანა. ეს კარგად იცოდნენ ისეთმა დისიდენტებმა, როგორებიც იყვნენ ლეხ ვალენსა პოლონეთში, ვაცლავ ჰაველი ჩეხეთში ან ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკაში. ყოველი მათგანი მშვიდობიანად ჩამოსცილდა პოლიტიკას ან მასში სიმბოლურ მონაწილეობას დასჯერდა; ყოველი მათგანი მიხვდა, რომ სახელმწიფოს მშენებლობა და, ამასთანავე, ძალაუფლებისთვის ბრძოლა მისი საქმე არ იყო და არც ქვეყანას მოუტანდა სიკეთეს. საზოგადოდ კი მიმაჩნია, რომ დისიდენტს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ამბიციები, მისი საბოლოო მიზანი ხალხის, ქვეყნის თავისუფლება უნდა იყოს და არა ძალაუფლების მოპოვება.

P.S. გენერალ მაღლაკელიძის მოგონებების დაკარგულ ჩანაწერებზე სასაუბროდ პარლამენტარ ირაკლი კენჭოშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა:

- არ ვიცი, რა ბობინაზეა ლაპარაკი, ვერაფრით ვიხსენებ.

- ბატონ ზვიად გამსახურდიას თქვენთვის გენერალ მაღლაკელიძის მოგონებების ჩანაწერის შესახებ არაფერი უთქვამს?

- რაღაც მახსენდება, ვიღაც ქალებს უნდა გადაეწერათ...

- ვინ ქალებს?

- აღარ მახსოვს...

- ანუ, იყო ბობინაზე ლაპარაკი, ხომ?

- არა, იცით... გარკვევით მაინც ვერაფრს ვიხსენებ.

ცნობისათვის

შალვა მაღლაკელიძე (1893 -1976 წწ.) -ქართველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური. ბერლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფილოსოფიის დოქტორი იურისპრუდენციაში, მსახურობდა საქართველოს მთავრობაში 1918-1921 წლებში. 1919-1920 წლებში თბილისის გენერალ-გებერნატორი გახლდათ.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მაღლაკელიძე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მაღლაკელიძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრებთან საფრანგეთში.

ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი იყო ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციისა "თეთრი გიორგი" (1924-1954) და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის (1942), რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა. 1942-1943 წლებში არჩეული იყო "ქართული ეროვნული კომიტეტის" და "ქართული სამოკავშირეო შტაბის" წევრად (ბერლინი).

ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. 1944 წელს მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-54 წლებში კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობდა. 1954 წელს საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს. გარდაიცვალა 83 წლისა.

მზია გოგნიაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"