თურქეთის სახელმწიფო სასწავლებლებში შესაძლოა, აფხაზური ენის სწავლება შემოიღონ. რამდენიმე დღის წინ თურქეთის განათლების მინისტრი ომერ დინჩერი ინიციატივით გამოვიდა, ქვეყნის სახელმწიფო სასწავლებლებსა და სკოლებში იმ ხალხების ენების სწავლება შემოიღონ, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ, მათ შორის, ეს აფხაზურ ენასაც ეხება.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "აპსნიპრესი" თურქულ გაზეთ "ჰურიეთზე" დაყდნობით ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.
ენათმეცნიერების და ისტორიკოსების აზრით, თურქეთის ეს ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა რატომ ვერ მოხვდა სიაში ქართული ენა, გაუგებარია.
როგორც "რეზონანსს" ენათმეცნიერმა თეიმურაზ გვანცელაძემ უთხრა, თურქეთის სასწავლებლებში მხოლოდ აფხაზური ენის სწავლებაზე საუბარი არ ყოფილა.
"როგორც ვიცი, საუბარია კიდევ რამდენიმე სხვა ენის სწავლებაზეც - მათ შორის, ჩერქეზულზე და ლაზურზე. მაგრამ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ამ ენების სწავლება თურქეთის სასწავლებლებში არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი იქნება. ამისთვის კი გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას.
"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ ენების სწავლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ 10 - კაციანი ჯგუფი შეიკრიბება.
"რაც შეეხება ლაზურის, როგორც დამოუკიდებელი ენის სწავლებას, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ თურქეთის მთავრობა ცდილობს, ლაზები ქართველებს ჩამოაშოროს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. თუ მოისურვებენ, ამის დამშლელი არავინ ეყოლებათ", - ამბობს გვანცელაძე.
რატომ აფხაზური ენა და არა ქართული, ამ საკითხზე გვანცელაძე ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი თურქეთის გარკვეული პოლიტიკური მიზანდასახულობაა.
"თუკი თურქეთში აფხაზური ენის სწავლების საკითხი დადგა, მაშინ ქართულის სწავლების საკითხიც უნდა დამდგარიყო, მით უმეტეს, რომ აფხაზებზე მეტნი იქ ქართველები ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე, რატომ არ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, ვერ ავხსნი. ვფიქრობ, ამას გარკვეული პოლიტიკური სარჩული უდევს", - ამბობს გვანცელაძე.
მისივე თქმით, "ჩვენმა სახელმწიფომ იქაურ ქართველებს ამ საკითხში მხარი უნდა დაუჭიროს, რათა მათ დედაენა არ დაკარგონ. "სხვათა შორის, საქართველოს აფხაზური ენის სწავლების მხარდაჭერაც მოეთხოვება, რადგან ქართული და აფხაზური, კონსტიტუციის მიხედვით, ორივე სახელმწიფო ენად არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ორივე ენაზე ვაგებთ პასუხს", - უთხრა "რეზონანსს" გვანცელაძემ.
ენათმენიერის აზრით, შესაძლოა, ამ საკითხის გადაწყვეტაში რუსეთის ზეგავლენაც იგრძნობოდეს.
"რუსეთის ზეგავლენა თურქეთზე გამოსარიცხი არ არის, თუმცა ვერ გეტყვით, რომ დანამდვილებით ასე იქნება. წინასწარ პოლიტიკური ნაბიჯების გათვლა ძალიან ძნელია, მით უმეტეს, რომელი სახელმწიფო როგორ მოიქცევა.
"ასეთ საკითხზე თურქეთის სახელმწიფო საქართველოს უნდა ეკითხებოდეს და თუ არ ეკითხება, ამის მიზეზს ვხვდები - ქართული ენის სწავლების შემოღება არ უნდათ. აფხაზური ენის სწავლებასთან დაკავშირებით კი ის საქართველოს არ მომართავს.
"თუ მომართვა გაკეთებული არა აქვთ, ეს გარკვეული ტენდენციის მაჩვენებელია. თურქეთის სახელმწიფო ამ შემთხვევაში კორექტულად არ იქცევა", - ამბობს გვანცელაძე.
როგორც ისტორიკოსი გია ანჩაბაძე "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ადრე თურქეთში იმის პრეტენზია იყო, რომ იქ მცხოვრებ სხვა ეროვნების მოქალაქეებს თავიანთი ენა დაევიწყებინათ და თურქულზე გადასულიყვნენ.
"ბოლო წლებში თურქეთი თანდათან უკან იხევს და უნდა, ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდეს. ქართული ენის სწავლება რატომ არ უნდათ, გასაკვირია. თუ აფხაზური, ჩერქეზული და სხვა ენების სწავლება შემოიღეს, ცუდი არ არის, პირიქით, ეს ხელს შეუწყობს, რომ ამ ერებმა თავიანთი ენა შეინარჩუნონ.
"ის რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ამის გამო ურთიერთობა დაიძაბოს, მოსალოდნელი არ არის. თურქეთს აქვს უფლება, გადაწყვეტილება თავად მიიღოს. მის ტერიტორიაზე ბევრი აფხაზი ცხოვრობს და კარგია, მათთვის აფხაზური ენის სწავლებას თუ შემოიღებს", - ამბობს ანჩაბაძე.
"რეზონანსის" კითხვაზე, რატომ გამოარჩია თურქეთმა აფხაზური ენა და არა ქართული, ანჩაბაძე ამბობს, რომ შესაძლოა, აფხაზებისგან მეტი მოთხოვნილება იყო, რომ აფხაზური ენა ესწავლათ და ქართველებს ეს მოთხოვნა არ ჰქონდათ. თუმცა ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ქართული ენის სწავლების საკითხიც უნდა დადგეს.
"თუ ამ ენების სწავლის ტენდენცია წავიდა, ახლა თუ არა, მომავალში მაინც უნდა იყოს ქართული ენის სწავლებაც შემოღებული. შეუთანხმებს თუ არა თურქეთი საქართველოს ამ საკითხის გადაწყვეტას, შინაგანი კულტურის საკითხია. არა მგონია, ამაში რუსეთს რამე გავლენა ჰქონდეს.
"თურქეთში აფხაზური და ჩერქეზული თემი უფრო გავლენიანია და შესაძლოა, მათი ლობის შედეგიც იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეს ინიციატივა კარგია და უკეთესი იქნება, თუ ქართულის სწავლებასაც შემოიღებენ. ენის სწავლება ერის კულტურას შეუნარჩუნებს.
"აფხაზებს, ჩერქეზებს და ლაზებს თავიანთი ენა ეკარგებათ. ადრე სოფლებში უფრო იყო ენა შემონახული, ვიდრე ქალაქებში. თუ კვირაში რამდენიმე გაკვეთილი მაინც ჩატარდება, ვფიქრობ, ეს მათ ენის შენარჩუნებაში დაეხმარება", - ამბობს ანჩაბაძე.
მისივე თქმით, შესაძლებელია, საქართველომ თურქეთს შუამდგომლობითაც მიმართოს და ქართველებისთვის და ლაზებისთვისაც სთხოვოს ენის სწავლების შემოღება.
"მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი თურქეთმა ენის შესანარჩუნებლად სწორად გადადგა. მაგრამ შესაძლოა, ამას პოლიტიკური სარჩულიც ჰქონდეს. თუნდაც ის, რომ ევროპას აჩვენოს, რას აკეთებს ამ მხრივ.
როგორც ვიცით, თურქეთს ევროკავშირში მოხვედრა უნდა, ეს კი ერთ-ერთი ნაბიჯია ყურადღების მისაპყრობად", - ამბობს ანჩაბაძე.
თამთა კაკაურიძე