ათენში სოკრატეს სასამართლო პროცესი მოეწყო. ფილოსოფოსი გარდაცვალებიდან თითქმის 2500 წლის შემდეგ გაამართლეს. მის უფლებებს ათი ადვოკატი იცავდა.
სოკრატეს სასამართლო ჩვ.წ.აღ.-მდე 399 წელს გაიმართა. ფილოსოფოსი ღმერთების არაღიარებაში და ახალგაზრდების გონების გარყვნაში დაადანაშაულეს. სოკრატე სასამართლოში თავს თავად იცავდა.
იგი ათენის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულეს და სიკვდილით დასჯა, ან სამუდამო დევნა მიუსაჯეს. ფილოსოფოსმა სიკვდილი თავად არჩია და საწამლავი დალია.
ამჯერად სასამართლო პროცესის ორგანიზატორი ონასისის ფონდი იყო. სოკრატე ათმა ცნობილმა იურისტმა და 866-მა მაყურებელმა გაასამართლა. იურისტები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, აშშ-დან და საბერძნეთიდან იყვნენ.
მოსამართლეების აზრი თანაბრად გაიყო, რაც სოკრატეს დროის ათენის კანონებით იმას ნიშნავს, რომ იგი გაამართლეს. ნაფიც მსაჯულებს შორის 584-მა ადამიანმა ფილოსოფოსი - უდანაშაულოდ, ხოლო 282-მა - დამნაშავედ სცნო.
მომზადებულია France24-ის მიხედვით.