გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ახალი პროექტის - "მაკულიტერატურის" პრეზენტაცია გამართა. სიახლე გამომცემლობისგან საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიაში", თბილისის წიგნის ფესტივალზე მისულ დამთვალიერებელს "მედიაპალიტრის" კრეატიულმა დირექტორმა, მარიკა დარჩიამ წარუდგინა.
მანვე განმარტა პროექტის არსი და აღნიშნა, რომ პროექტი ყველას აძლევს შესაძლებლობას, VI პავილიონში, სადაც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი სტენდია განთავსებული, მიიტანოს სულ მცირე ხუთი კილოგრამი მაკულატურა, რომელსაც ახალ წიგნებში გაცვლის.
საზოგადოების მხრიდან პროექტისადმი უკვე დიდ დაინტერესებაზე ისაუბრა "პალიტრა L"-ის დირექტორმა, თინათინ ასათიანმა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ფესტივალი დღეს, 11.00 საათზე გაიხსნა, "პალიტრა L"-ის სტენდთან 10.00 საათიდან რიგი იდგა.
გამომცემლობა "პალიტრა L"-მა პროექტი "მაკულიტერატურა" დღეიდან დაიწყო. პროექტის თანახმად, ყველა, ვინც "ექსპოჯორჯიას" VI პავილიონში ძველ წიგნებს, პრესას, რვეულებსა თუ სხვა ქაღალდებს მიიტანს, მაკულატურის ახალ წიგნებში გაცვლას შეძლებს. არ მიიღება მხოლოდ მუყაო, ყუთები და შესაფუთი მასალები. ჩასაბარებელი მაკულატურის მაქსიმალური რაოდენობა შეუზღუდავია.
"იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოქალაქის კუთვნილი მაკულატურის წონა 500 კილოგრამს აჭარბებს, მას შეუძლია, "პალიტრა L"-ში დარეკოს და გამომცემლობა აღნიშნულ მაკულატურას თავად წამოიღებს", - განაცხადა მარიკა დარჩიამ.
თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალი "ექსპოჯორჯიაში" 27 მაისის ჩათვლით გაიმართება. ამ პერიოდში, პროექტ "მაკულიტერატურაში" მონაწილეობის გარდა, საზოგადოებას შეუძლია, აქციის ფასებში შეიძინოს "პალიტრა L"-ის წიგნების სერიები, რომლებიც პრესასთან ერთად განსაკუთრებულ ფასად იყიდება.
ხოლო, რაც შეეხება უშუალოდ პროექტ "მაკულიტერატურას", წიგნის ფესტივალის დასრულების შემდგომაც გაგრძელდება; "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ ახალ წიგნებში მაკულატურის გადაცვლა მოქალაქეებს წერეთლის გამზირის #41-ში შეეძლებათ.
იხილეთ სიუჟეტი პირველი საფესტივალო დღიდან
იხილეთ დეტალური ინფორმაცია პროექტ "მაკულიტერატურის" შესახებ