"ქართვლის დედა" ნაგავშია ჩაფლული

"ქართვლის დედა" ნაგავშია ჩაფლული

ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ, როდესაც მას რუბრიკა "ფსიქოსთვის" ინტერვიუს ჩასაწერად შევხვდით, გვითხრა: "19 მაისს, ჩემი წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, "ქართვლის დედას" მივაშურეთ, სადაც საშინელი სურათი დაგვხვდა: "ქართვლის დედის" ძეგლი ლამის ჩაფლულია ნაგავში! და ეს ხდება მაშინ, როდესაც მოსახლეობა ელექტროენერგიას მიბმულ ნაგვის გადასახადს ვერ აუდის... ქანდაკებასთან ახლო მდებარე შენობას კი აწერია - "საბერძნეთის სახელმწიფოს საკუთრება". როდესაც საქართველოს სიმბოლოს სიახლოვეს მდებარე შენობაც კი სხვა ქვეყნის კუთვნილებაა, მაინტერესებს, ჩვენს ქვეყანაში დარჩა რამე ჩვენი?! სამწუხაროდ, საქართველო ნელ-ნელა კი არა, ჩქარ-ჩქარა იყიდება!.."

ჩვენ დავინტერესდით ამ ამბით და "ქართვლის დედის" მიმდებარე ტერიტორიას მივაშურეთ, სადაც მართლაც გამაოგნებელი სურათი დაგვხვდა. როდესაც ნარიყალადან "ქართვლის დედისკენ" მიმავალ კიბეებს ავუყევით, დღის 12 საათი იქნებოდა, კიბეების გასწვრივ გამწკრივებული გარე განათების ლამპიონები კი კვლავაც ჩახჩახებდა. არადა, დასუფთავების გადასახადისა არ იყოს, ელექტროენერგიის გადასახადის სიმცირესაც არ ვუჩივით... "ქართვლის დედიდან" დაახლოებით 10-15 მეტრში დგას ნახევრად დანგრეული შენობა, რომელსაც დიდი ასოებით აწერია: "საბერძნეთის სახელმწიფოს კუთვნილება". იქვე კი, ძეგლის სიახლოვეს, ნაგვის უშველებელი გორა დაგვხვდა... გამახსენდა ხელისუფლების წარმომადგენელთა ტრაბახი - წელს მილიონობით ტურისტს ველოდებითო და უცებ, მართლა გამოჩნდა ტურისტთა მცირე ჯგუფი. მათ ნაგვის გორას და "ქართვლის დედას" თვალი შეავლეს და უმალვე გაერიდნენ იქაურობას... ვინ ან რატომ დაყარა იქ ნაგავი, ან რას ნიშნავს იმ შენობაზე გაკეთებული წარწერა - "საბერძნეთის სახელმწიფოს საკუთრება" - ამ საკითხების გასარკვევად თბილისის მერიის პრესსამსახურთან ვცადეთ დაკავშირება.

ორი დღის ამაო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, პრესსამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ვინმე თეამ გვიპასუხა. როდესაც მას საქმის ვითარება გავაცანით, განაცხადა, არა მგონია, ეს სიმართლე იყოსო, მაგრამ როდესაც ავუხსენი, რომ ამ ყველაფრის ამსახველი ფოტომასალაც მქონდა, დამპირდა, ერთ საათში ყველაფერს გავარკვევო. ერთი საათის შემდეგ თეას კვლავ დავუკავშირდით და მან გვითხრა: - "ქართვლის დედის" ტერიტორიაზე სპეციალური ჯგუფი გავა და თუ უწესრიგობა და ნაგავი დახვდებათ, შესაბამის ზომებსაც მიიღებენ. რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ შენობას, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები უკვე გავიდნენ და ადგილზე გაეცნობიან ვითარებას. პასუხს კი ერთ საათში გაგცემთ.

საათ-ნახევრის შემდეგ თეამ გვიპასუხა: - ის ადგილი, სადაც თქვენ მიერ ნახსენები შენობა დგას, საბერძნეთის საკუთრებაა.

- კი მაგრამ, როდის ან რატომ გახდა "ქართვლის დედის" მიმდებარე ტერიტორია, საბერძნეთის საკუთრება?

- (დუმს) მაცადეთ, გავარკვევ, ეს ტერიტორია მერიის დაქვემდებარებაშია თუ ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. ამ ამბავს გავიკითხავ და ცოტა ხანში დამირეკეთ.

"ცოტა ხანში" კი მერიის პრესსამსახურთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მათი ტელეფონი სულ დაკავებული იყო... ამ ყველაფრიდან დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია.

ცნობისათვის

მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი "ქართვლის დედა" პირველად 1958 წელს, სოლოლაკის გორაზე, დედაქალაქის 1500 წლისთავთან დაკავშირებით აღმართეს. თავდაპირველად ხის ალეგორიული ქანდაკება დროებით უნდა მდგარიყო, მაგრამ 1963 წელს ის ალუმინით დაფარეს, ქანდაკება რომ არ დაზიანებულიყო. 1997 წელს კი ძველი "ქართვლის დედა" ახლით, 20 მეტრი სიმაღლის ძეგლით შეიცვალა, რომელიც დღემდე ამშვენებს თბილისს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"