აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილის, რობერტ კენედი-უმცროსის მეუღლე - მერი რიჩარდსონი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
52 წლის მერი რიჩარდსონის სიკვდილის მიზეზის შესახებ პოლიცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა არსებული მონაცემებით, ქალი საკუთარ ფარდულში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს. სამართალდამცავები ამჟამად შემთხვევის გარემოებებს სწავლობენ.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი დისა და ოთხი შვილის დედის, მერის გარდაცვალების გამო. ძალიან დაგვაკლდება მისი შემოქმედებითი სული", - ნათქვამია მერი კენედის ნათესავების განცხადებაში.
მერი და რობერტ კენედებმა 1994 წელს იქორწინეს, როდესაც მერი 6 თვის ფეხმძიმე იყო. რობერტ კენედი მერიზე დაქორწინებამდე ერთი თვით ადრე პირველ ცოლს - ემილი ბლექს დაშორდა, რომელთანაც მას ორი შვილი ჰყავდა.
მეორე ქორწინების დროს კენედი-უმცროსს კიდევ ორი შვილი შეეძინა. 2010 წლის 12 მაისს რობერტმა განქორწინება მოითხოვა. გარდაცვალებამდე მერი რიჩარდსონი მეუღლესთან აღარ ცხოვრობდა, თუმცა წყვილი ოფიციალურად არ განქორწინებულა.
ცნობილია, რომ მერი კენედის ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მეუღლესთან ხშირად ჩხუბობდა. ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო მერი რამდენჯერმე დააკავეს.
რობერტ კენედი ამჟამად ადვოკატი, რადიოწამყვანი და ნიუ-იორკის ერთ-ერთი იურიდიულის სკოლის პროფესორია. მამამისი რობერტ კენედი-უფროსი სენატორი იყო. ის 1960-იან წლებში მოკლეს.
მომზადებულია CNN-ის მიხედვით.