რატი დურგლიშვილი ორიოდე კვირის წინ გადაცემა "ხანუმას" სტუმრობდა, სადაც მის წინაშე სამი გოგონა წარდგა, თუმცა მომღერალმა არც ერთი არ შეარჩია. მიზეზს თავად გვეტყვის ინტერვიუში, რომელშიც რატის გემოვნებაზე ვისაუბრეთ და ასევე იმაზეც, რა სიახლეები აქვს დუეტ "ჯორჯიას" და რით გაანებივრებს საკუთარ თაყვანისმცემლებს.
- რატი, ვერც ერთმა გოგონამ ვერ შეძლო შენი მოხიბვლა შოუში.
- სამივე ძალიან საყვარელი და კარგი გოგონა იყო. ისეთი პიროვნული თვისებები გამოაჩინეს, რაც მომეწონა, სამივე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. პირველი ძალიან გახსნილი და ხუმარა, დადებითი ენერგიის გოგონა იყო, მეორე ისეთი, ცოტა რომ ეუხერხულება რაღაცები, მესამე არაქართველი გოგონა გახლდათ. მან თქვა, რომ მისი ოჯახი დიდი ხანია აქ ცხოვრობს-, მე სხვა ტრადიციებს პატივს ვცემ, მაგრამ ამ შოუში თავი შევიკავე, ქართველი მეორე ნახევარი მინდა, თუმცა მესამე გოგონა ძალიან ლამაზი გახლდათ და მისი აზროვნებითაც მოვიხიბლე. არა მხოლოდ მე, არამედ სტუდიაში- მსხდომი ყველა ადამიანი. მასზე შევაჩერებდი არჩევანს, ქართველი რომ ყოფილიყო.
- სასურველი სასიძოს სტატუსი მოგწონს?
- კარგი, რა სასურველი სასიძო. ვერ გეტყვი, რომ ეს სტატუსი მომწონს ან არ მომწონს, ჩვეულებრივად ვიღებ, აღფრთოვანებით არა. რეალურად მართლა სასიძო ვარ (იცინის), მაგრამ ბევრმა შეიძლება თქვას, რა გახდა ეს ყველაფერიო. არ მინდა, ჩემი პირადი ცხოვრება ხალხს თავზე მოვახვიო. მირჩევნია, ჩემს შემოქმედებაზე ილაპარაკონ.
- მთელმა საქართველომ იცის, რომ შენმა მეორე ნახევარმა, პირველ რიგში, მაკას უნდა მოაწონოს თავი...
- მთლად ასე არ არის, რადგან ეს ხუმრობის თემაა. თუმცა მაკა ჩემს ცხოვრებაში ბევრს წყვეტს, ისევე, როგორც მე მის ცხოვრებაში. ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ. საბოლოო ჯამში, როცა მეორე ნახევარს არჩევ, არც მაკას გადასაწყვეტია და არც სხვა ვინმესი. როცა მაკა თხოვდებოდა, ვახოზე თავად შეაჩერა არჩევანი და ძალიან კარგი ოჯახი შექმნეს. პირად ურთიერთობაში არავინ უნდა ჩაერიოს. არ ვიცი, რა დავარქვა, დამალვა თუ ის, რომ არ ვახმაურებ, მაგრამ არ მიყვარს, როცა ჭორაობენ, ბიჭი ჯობს თუ გოგო, როცა გიყვარს, ასეთი რამეები ნერვებს გიშლის, ამიტომ ჯობია, საიდუმლოდ შეინახო.
- შოუში თქვეს, რატის ძლიერი ქალი სჭირდებაო. შენ, მგონი, ასე არ მიიჩნევ...
- მე ყოველთვის ვუკვირდები ჩემს ქცევებს, სხვების საქციელს, ისე არ ვცხოვრობ, რომ ყველაფერი ეგრევე მივიღო, მთელი დღე ვფიქრობ, პარალელებს ვავლებ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ უტვინო და უსუსური არ ვარ. საკმაოდ ძლიერი თვისებები მაქვს. შესაბამისად, სავარაუდოდ, ჩემზე ძლიერი ქალი არ მომეწონება, რადგან ასეთი მანდილოსნების ზედმეტი აქტიურობა არ მომწონს, თუმცა შესაძლოა, ბევრ მამაკაცს მოსწონს. ვგიჟდები ჭკვიან ქალებზე, მაგრამ პირად ცხოვრებაში თავს შევიკავებდი. იცი, როგორი ქალები მაღიზიანებს? - მელაკუდებივით რომ არიან, რაღაცაში "გამოჭერას" რომ ცდილობენ. ჭკვიანი კიდევ სხვა რამეა, უფრო მელაკუდები არ მიყვარს. წამში შემიძლია ამის გაშიფვრა და უფალს მადლობა ამისთვის. რადგან მხატვარი ვარ, შესწავლილი მაქვს სახის გამომეტყველება, საუბრის ტონი და ათმაგად მაქვს განვითარებული ვიზუალით ადამიანების ამოცნობა. როცა ადამიანს ვუყურებ, ვიცი, რა წინადადება უნდა მითხრას და რისთვის შემხვდა. ეს კარგი თვისებაა, თუმცა გააჩნია, როგორ გამოიყენებ. შენს საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენო.
- ასეთი ქალებისგან შორს იჭერ თავს, მაგრამ, როგორ ფიქრობ, რა მოსწონთ შენში, ნიჭიერება, პოპულარობა თუ გარეგნობა?
- უბედნიერესი ვარ, როცა ასეთ კომპლიმენტებს ვისმენ და ყოველი ასეთი ნათქვამი ჩემთვის ახალია. მეტი სტიმული მაქვს, რომ უფრო კარგი ვიყო და მეტად მოვაწონო თავი მათ, ვისაც მოსწონს ჩემი შემოქმედება ან გარეგნობა. ხშირად მიკითხავს მაკასთვის, რა ხიბლავს ქალებს ჩემში. ბევრი ბიჭი დადის თბილისში, რომლებიც გარეგნობითაც მჯობია და ჩემზე უკეთესი გემოვნებაც აქვთ. მაკა ამბობს, ქარიზმა გაქვსო, მაგრამ არ ვიცი, ასეა თუ არა. თუ კარგად ვარ ჩაცმული, ძირითადად, კარგ ხასიათზე ვარ და ალბათ ესეც მოქმედებს. მგონია, რომ რადგან ბუნებრივი ვარ, ეს მოსწონთ. ბევრს აღუნიშნავს, რომ თავმდაბალი ვარ და ესეც მოსწონთ. კეთილ საქმეს ვემსახურები... ადამიანებს ესეც ხიბლავთ. ის ქალები, რომლებიც "გამოჭერაზე" არიან, ალბათ ამით ერთობიან ან გრძნობებს არიან აყოლილები.
- რატი, ამდენი ხანია გიცნობ და ჩამოაყალიბე, როგორი გოგონა მიიპყრობს შენს ყურადღებას?
- დოგმატურად ვერ ვიცხოვრებ. ჩემს თავს ამ საკითხში დიდ თავისუფლებას ვაძლევ, შეიძლება მომეწონოს დაბალი ან მაღალი ქალი. ჩემი მრავალფეროვნება შემოქმედებაშიც აისახება, როცა მე და მაკა რომელიმე სიმღერის რიმეიკს ვაკეთებთ, არ არსებობს, ცვლილებები არ შევიტანოთ და რაიმეს კოპირება გავაკეთოთ. როცა უფალმა ტვინი მოგცა, უნდა გამოიყენო შენი ნიჭი. მთელი ბავშვობა ასე გავიზარდე, ვცდილობდი, სხვადასხვა რამ მეცადა.
- შეყვარებული როგორი ხარ?
- აზრზე რომ მოვედი, მას მერე ორი შეყვარებული მყავდა. ორივე შემთხვევაში ძალიან ბედნიერი ვიყავი. სიყვარული ისაა, რისთვისაც მთელი კაცობრიობა ცხოვრობს-. როცა მიყვარს, საერთოდ სხვანაირი ვარ. სულ ვანათებ, გვერდით მყოფი ადამიანები უფრო მიყვარს.
- სიმღერა მიგიძღვნია?
- არ მოგატყუებ და არ მიმიძღვნია. ძალიან უნდა გეტკინოს სიყვარულის დროს, რომ რაიმე დაწერო და კარგი გამოგივიდეს. მე კი კარგი ურთიერთობებით შემოვიფარგლები, თუმცა მეგობრობით ვერ ვამთავრებ, თუკი სრულდება რაღაც, წერტილი უნდა დასვა. ერთი-ორი წელი პაუზა გჭირდება, რომ საბოლოოდ გადაიტანო.
- რატი, შენს დაბადების დღეზე ყველა ლაპარაკობს და რა ხდებოდა ასეთი?
- (იცინის) იმ ადამიანებისადმი გამოვხატე პატივისცემა, ვისთან ერთადაც ვტრიალებ - მათ ერთი სასიამოვნო დღე ვაჩუქე, ჩემი დაბადების დღე ჩემი მეგობრების კლუბში აღვნიშნე, შოუბიზნესის წრე და ჟურნალისტები მოვიწვიე, ძალიან ცოტა ვერ მოვიდა, მოწვეულთა დიდი ნაწილი დაესწრო. 5 აპრილს 30 წლის გავხდი. არ ვაპირებდი გადახდას, მაგრამ ყველამ, მათ შორის, მაკამაც მითხრა, მრგვალი თარიღი უნდა აღნიშნოო. სხვა ქვეყნების შოუბიზნესს რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს, როცა კარგად აღნიშნავენ ხოლმე. მეც გადავწყვიტე, განსაკუთრებული წვეულება მომეწყო.
- საჩუქრები მიიღე?
- ყველასგან ნაჩუქარი გამიხარდა და დიდად ვაფასებ.
- მაკამ რა გაჩუქა? ლელა წურწუმიამ?
- მაკამ "კენზოს" ძალიან მაგარი ხალათი მაჩუქა, ლელამ 200-ლარიანი ბარათი ბენზინის ჩასასხმელად, უამრავი საჩუქარი მივიღე. პრეზიდენტმაც გამომიგზავნა პერანგის "ზაპონკები". რასაკვირველია, ამ საჩუქარმა ძალიან გამახარა.
- თავად ესწრებოდა დაბადების დღეს?
- არა, არა, უბრალოდ, მისი ადმინისტრაციიდან მომილოცეს. ძალიან მიხარია ყურადღება ადამიანისგან. როცა მესამე დღეს "ფეისბუქი" გავხსენი, მანამდე თავი არ მქონდა (იცინის), იმდენი ადამიანისგან მივიღე მილოცვა, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. უამრავმა უცხო ადამიანმა მომილოცა. თან "ფეისბუქზე" ბევრი ხალხი მყავს, მეგობრებთან ერთად ისინიც, ვინც ჩემს შემოქმედებას აფასებს. 70 000-ზე მეტი მეგობრობის მოთხოვნა მაქვს, მაგრამ ვეღარ ვიმატებ. ჩემს მეილზე ერთ დღეში იმდენი თხოვნა მოდის, რომ ერთი ამბავია. ერთ-ერთ კომპანიაში გავხსენი და ვინც ნახა, გაგიჟდა, რა ხდება, რა ამბავიაო (იცინის).
- ვიცი, რომ ლელა წურწუმიას დაბადების დღეზე იყავი დუბაიში.
- ლელამ გვითხრა, დუბაიში მივდივარ და ვისაც სურვილი გაქვთ, წამოდითო. მისი რამდენიმე ახლობელი ჩვენი სახსრებით გავემგზავრეთ. წავედით ერთ-ერთ კლუბში. რაღაცნაირი გლამურული ადგილი იყო.
- იმღერეთ?
- არა, იქ ვინ გვამღერებდა, სხვა ხალხიც იყო. იმდენი ხალხი იყო, რომ სასწაული ხდებოდა, ძლივს შეხვიდოდი და გამოხვიდოდი. არც კი ვიცი, იქ ალბათ 400-ზე მეტი ადამიანი შეიძლება დაეტიოს. მე ზოგადად არ მიყვარს ამგვარი გლამურული, ძვირფასი ადგილები. ცოტა გადაჭარბებულია ეს ყველაფერი ჩემთვის, "კავალის" კოვზი რომ ავიღე ხელში, ვიფიქრე, ესენი ხომ არ გაგიჟებულან-მეთქი. ადამიანების მიერ შექმნილი შემოქმედება უფრო მიყვარს და ამ ყველაფრის ყოფაში გადატანა არა.
- რატი, ძალიან პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები". ვიცი, რომ დუეტი "ჯორჯია" უნდა ყოფილიყო ამ პროექტში.
- მე და მაკა ვიყავით დამტკიცებული ამ პროექტში, მაგრამ მე ვთქვი უარი. სალომე ჭაჭუა უნდა ყოფილიყო ჩემი მეწყვილე. არ ვნანობ. ყველანი ისეთი დანევროზებულები არიან (იცინის). იურმალის სცენაზე იმხელა სტრესი მივიღე, რომ კონკურსებში მონაწილეობა აღარ მინდა. ზუსტად დუბაიში ვიყავით, ლელას დაბადების დღეზე. გადაწყვეტილი იყო, რომ მე და მაკას უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ნოეზე ვგიჟდებით მე და მაკა, მას ჩვენთვის ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული და ვფიქრობ, მას ასე არ უნდა მოვქცეოდი, ნოე, მაპატიე, დიდი ბოდიში (იღიმება)... დუბაიში გადავწყვიტე, რომ აღარ მინდოდა მონაწილეობა და რომ ჩამოვედი, ნოეს ვუთხარი. მიზეზი ესემესებით გამარჯვებულის გადაწყვეტაა. ვისაც უფრო მეტი ფული აქვს, მან ფულით არ უნდა გაიმარჯვოს, ეს ცოტა უხერხულია.
- ისე, კარგად ცეკვავ?
- საკმაოდ. მეგობრები ამაყობენ ჩემი პლასტიკით, თუმცა ცეკვაზე არ მივლია.
- მეორე სეზონში ხომ არ გიხილავთ?
- ჟიური ობიექტურია, მაგრამ მაინც ესემესები წყვეტს ბევრ რამეს, ამიტომ თავს შევიკავებ.
- მაკამ შენ გამო თქვა უარი?
- კი, ასე გამოვიდა.
- დუეტ "ჯორჯიას" რა სიახლეები აქვს?
- ლელა წურწუმიასა და აჩიკო მეფარიძის "სიყვარულის დღე", რომელიც რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის და ეს მომღერლები არაჩვეულებრივად ასრულებდნენ, ჩვენ გადავაკეთეთ, ოღონდ ჩვენებურად. როცა არანჟირება კეთდება, ძალიან პრეტენზიული ვარ და სტუდიაში- ვესწრები ხოლმე ამ ყველაფერს, ადრე თავად ვაკეთებდი არანჟირებებს. გარდა ამისა, თავიდან ვაკეთებთ არანჟირებას ჩელენტანოს "სოლისთვის", რომელიც "პროფილისთვის" სახუმაროდ ჩავწერეთ, ჩვენდა გასაკვირად, იმხელა რეიტინგი ჰქონდა, რომ სწორედ ამ სიმღერის გამო ორჯერ ისრაელში მიგვიწვიეს და ორჯერ საბერძნეთში (იღიმება). თავიდან ჩავწერთ და რადიოებში მივიტანთ. სიმღერის უფლება უნდა შევიძინოთ. სხვათა შორის, "ენდლესს ლოვე" ასევე შევიძინეთ, ჯო კოკერის და კიდევ ერთ რუსულ სიმღერასთან ერთად, რომლებიც მოსკოვში, კომპანია "არსის" მეშვეობით ვიყიდეთ. აქ არ ვიცი, როგორ არის ეს ამბავი, მაგრამ ალბათ "სოლისაც" მოსკოვში შევიძენთ. იქ გვაქვს ხელშეკრულებები გაფორმებული. 6000 ევრო გვაქვს გადახდილი თითო სიმღერაში. ამ თანხაში შევიდა შესრულებისა და ალბომში შეტანის უფლებაც.
- მოაქვს შოუბიზნესს ამდენი ფული, რომ ამხელა ჰონორარი გადაიხადოთ?
- ვერ გეტყვი, რომ ძალიან დიდი ფული მოაქვს, მაგრამ, ღვთის წყალობით, ამით ვცხოვრობთ. ნელ-ნელა ვაკეთებთ რაღაცებს. სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან უფრო მეტი დაინტერესება გვაქვს, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. მოვუწოდებ, ცოტა გამოფხიზლდნენ ჩვენი ბიზნესმენები, ჩვენზე აღარ ვამბობ არაფერს, მაგრამ ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან და ბევრ მათგანს იმის საშუალება არ აქვს, რომ ტრანსპორტში ჩაჯდეს და სტუდიამდე მივიდეს. შეუწყონ ხელი მომავალ თაობას, თორემ მე აღარ მჭირდება (იღიმება).
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)