იაკობ გოგებაშვილი "სიტყვით თუ კალმით ებრძოდა მთელი ნახევარი საუკუნე ყოველ უკუღმართობას, რომელიც მის მშობელ ერს წმინდა უფლებებს ართმევდა, ავიწროვებდა... სამშობლო ენა და ეროვნული სკოლა იყო სწორედ ის სიმდიდრე, რომელსაც აგრე დაჟინებით, აგრე თავდადებით დარაჯობდა... ჩვენი სახელოვანი პედაგოგი დიდით-პატარამდი ყველას, ყოველ ასაკს ესაუბრებოდა, არიგებდა, ასწავლიდა ისეთ რასმე, რაც მის ეროვნულ არსებობას ამტკიცებდა, რაც ერს ერის სახელს სძენდა..." (გრიგოლ გველესიანი)
"ჩემი რჩეულიც" "დიდით-პატარამდი ყველას" პროექტია და ვფიქრობთ, ამ სერიით გამოცემული ქართული პედაგოგიკის კლასიკოსის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლის, ლიტერატურის კრიტიკოსისა და XIX საუკუნის მეორე ნახევრის ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის 4-ტომეულიც ყველა ქართველის წიგნის თაროს დაამშვენებს.
მკითხველთა დიდი ნაწილი ამ სერიით გამოცემული მწერლების ბიოგრაფიული ცნობების გაცნობასაც გვთხოვს. სწორედ ამიტომ ჟურნალ "გზაში", წიგნების პარალელურად, შიგადაშიგ ჩვენი რჩეული ავტორების ცხოვრებაზეც გიამბობთ ხოლმე. ამჯერად იაკობ გოგებაშვილის მე-2 ტომი მიიღეთ, ჩვენ კი შეძლებისდაგვარად ამ უდიდესი ქართველის ბიოგრაფიას გაგაცნობთ, თუ როგორ თქვა უარი თავის საქართველოსა და ქართველებზე თავდავიწყებით შეყვარებულმა ადამიანმა პირად ბედნიერებაზე, ოჯახის შექმნაზე და "საკუთარი შვილების მამობას ქართველი ხალხის შვილების მამობა ამჯობინა".
იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში, რომელიც ქალაქ გორიდან 12-13 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გოგებაშვილებს მრავალშვილიანი ოჯახი ჰქონდათ: მამა - სიმონი, სოფელ ვარიანის მღვდელი, დედა - მაგდანა, კალმახელიძის ქალი, ექვსი ძმა და ორი და. სიმონს სურდა, შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. 8 წლის იყო, ქალაქ გორის სასულიერო სასწავლებელში მისაბარებლად რომ ჩაიყვანეს, მაგრამ უფროსმა ძმამ, ივანემ, მცირეწლოვანებისა და სუსტი აგებულების გამო, გორში აღარ დატოვა და ერთი წლის შემდეგ პირდაპირ თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს ადვილად ითვისებდა. თანატოლებს გამორჩეულად უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობასა და ლექსს უყვებოდა. იაკობს მამისგან სიმღერის ნიჭიც გამოჰყვა. ის, თურმე, დიდ დროს ატარებდა ბუნებაში და საათობით აკვირდებოდა ყვავილებს, ცხოველებს, მდინარის თევზებს. უეჭველად ბუნებასთან განსაკუთრებული სიახლოვის გამოძახილია იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარი"...
1855 წელს იაკობმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი და თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. სემინარიაში სწავლისას განსაკუთრებით საქართველოს ისტორიამ და ლიტერატურამ დააინტერესა, ასევე, კითხულობდა და სწავლობდა კლასგარეშე ლიტერატურას. მამისა და სემინარიის ოფიციალური რეჟიმის შთაგონებით ერთხანს საეკლესიო სამსახურისთვისაც ემზადებოდა - საეკლესიო ისტორიისა და საღვთისმეტყველო წიგნებს კითხულობდა, მაგრამ სამეცნიერო განათლების მიღების შემდეგ სასულიერი კარიერაზე უარი თქვა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე დაიწყო ოცნება. 1861 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, უმაღლესი განათლების მისაღებად კიევის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა. ის წარჩინებული სტუდენტი გახლდათ და აკადემიაში სახელმწიფოს ხარჯზე სწავლობდა. რადგან აკადემიის პროფესორებს შორის გამოჩენილი მეცნიერები არ იყვნენ, ოფიციალური დისციპლინების სწავლასა და იმ პროფესორთა ლექციების მოსმენას კიევის უნივერსიტეტის გამოჩენილ მეცნიერთა ლექციებზე სიარული ამჯობინა. იმ წლებში გაეცნო დარვინს, ჰუმბოლტს, ბოკლს, კონტს, სპენსერს, შლოსერს. კითხულობდა კანტს, ჰეგელს, ფიხტეს, რუსეთის გამოჩენილი მეცნიერების - ბელინსკის, ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის, ჰერცენის, პისარევისა და სხვათა თხზულებებს. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა, მესამე კურსი მიეტოვებინა და 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებასაც კი კრძალავდნენ, არისტოკრატიას ქართულად დალაპარაკების რცხვენოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა. იმხანად ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინ ჩიოდა. სკოლაში მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ: მოსწავლეებს წკეპლით სცემდნენ და მუხლებზე აყენებდნენ.
იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ და სასწავლებელშიც მაშინვე შეუდგა ძველი ჩვევების აღმოფხვრას: სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის პროექტიც წარუდგინა და სრულიად გააუქმა დასჯა.
1865 წელს გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის "ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის", შემდეგ - "ბუნების კარი" (1868), "დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში" (1872), "დედა ენა" (1876). "დედა ენა" გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ - 25-ჯერ. "დედა ენას" "ვეფხისტყაოსნის" ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისთვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. გოგებაშვილის წიგნები ათიათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი "დედა ენა" და 5-6 ათასი "ბუნების კარი" იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფლების წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. უწმინდესი სინოდის ობერპროკურორის რწმუნებულმა კერსკიმ სასწავლებლის რევიზია მოახდინა. ამ პერიოდში იაკობი ავად იყო (ფილტვებიდან სისხლს აღებინებდა) და ამიტომ სასწავლებელში ვერ გამოცხადდა. ამით ისარგებლა სემინარიის ადმინისტრაციამ და კერსკის საიდუმლო მოხსენებაში დააწერინა, თითქოს იაკობ გოგებაშვილი თავის ბინაში აწყობდა ახალგაზრდობის ფარულ შეკრებებს, ბავშვებს აკითხებდა "უარყოფითი მიმართულების წიგნებს" და უნერგავდა ანტირელიგიურ შეხედულებებს. ეგ კი არა, შავრაზმელებს მისთვის სასწავლებლის თანხების გაფლანგვაც კი უნდოდათ დაებრალებინათ. საბოლოოდ, კერსკის რევიზიამ გაჭრა: ის "საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად გამოაცხადეს და 1874 წელს სასწავლებლიდან ისე გააძევეს, თავის მართლების საშუალებაც არ მისცეს. მოხსნისთანავე ჩამოართვეს სახელმწიფო ბინაც. რამდენიმედღიანი მღელვარებისა და ნერვიულობის შემდეგ იაკობმა სულიერი წონასწორობა დაკარგა და... ერთ დღეს ავადმყოფობისგან დაუძლურებული ძლივს წამოდგა ლოგინიდან, ვერის დაღმართი ჩაიარა, მტკვრის ნაპირს მიადგა, უკანასკნელად შეხედა მშობლიურ თბილისს, ტალღებში შევიდა და... "რა იყო ეს - თვითმკვლელობის მცდელობა თუ იაკობის მკვლელობის მცდელობა?" - ამ საკითხს საფუძვლიანი კვლევა მიუძღვნა იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარემ, პროფესორმა გოგი გოგოლაშვილმა და არგუმენტებიც საფუძვლიანი მოიტანა თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიის უარსაყოფად. სამწუხაროდ, ჩვენს პატარა პუბლიკაციაში ამ არგუმენტებზე დაწვრილებით ვერ გიამბობთ, მხოლოდ მოვიყვანთ ეპიზოდს ბატონი გოგის კვლევიდან: "ეს ფაქტი თვითმკვლელობის მცდელობად აღიქვეს ჩვენმა თანამედროვე ავტორებმა (ვ. გაგუა, "იაკობ გოგებაშვილი", 1960 წ. და სხვა). ამ ფაქტს, სანდრო ცხვედაძის (XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე პედაგოგისა და პუბლიცისტის, ნიკო ცხვედაძის ძმა. - ავტ.) მონაყოლს, ასე გადმოგვცემს ნიკო ლომოური: "შუა დღე იქნებოდა მოტანებული, როცა მე რაღაც საქმისთვის ვერის სასაფლაოს გადასწვრივ დაღმართზე ჩავდიოდი ძირსაო. მარცხენა ნაპირიდან ვიღაც კაცი მოადგა მტკვარსა და ისე, გაუხდელი, შევიდა წყალშიო. შუა ადგილს წყალმა წააქცია და რამდენსამე წამს სრულიად დამალა, მერე კვალად გამოჩნდა. იწყო ბრძოლა ტალღებთან და ნაპირს დაუახლოვდაო. მაშინათვე მივეშველე მეც და, როდესაც სახეზე შევხედე, მეტის მწუხარებითა და გაოცებისაგან კინაღამ გული შემიწუხდაო: ეს იყო იაკობ გოგებაშვილიო. აქ ტანისამოსი გავუწურე, ჩემი მშრალი პალტო ჩავაცვი და წამოვიყვანე, მერე მე და ნიკომ მიხეილის საავადმყოფოში წავიყვანეთ და იქ დავაწვინეთ" (ნ. ლომოური, 1991, გვ. 331)... იაკობი იყო ჭეშმარიტი მართლმადიდებელი და მისგან ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც "თვითმკვლელობის მცდელობად" შეიძლება აღქმულიყო, ყოვლად დაუჯერებელია... ბოლოს ის უნდა ვთქვათ, რომ "მტკვრის ეპიზოდის" შეფასებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო - ჩრდილი არ მიადგეს დიდი ქართველი მოღვაწის წმინდა სახელს".
იაკობ გოგებაშვილმა ერთი თვე მიხეილის საავადმყოფოში გაატარა, ცოტა რომ მოკეთდა და დამშვიდდა, უბინაოდ დარჩენილი დროებით მისმა გულითადმა მეგობარმა, ნიკო ცხვედაძემ შეიფარა. მოგვიანებით, ხელმოკლეობის გამო, 3 მანეთად ერთი პატარა ოთახი დაიქირავა ვერაზე, "კალიუჩი ბალკას" უბანში და იქ გადასახლდა. გადაწყვიტა, არასდროს დაჰბრუნებოდა სახელმწიფო სამსახურს, დაწვა ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში სწავლის მოწმობა და დაიფიცა, ამიერიდან მთელ ჩემს სიცოცხლეს, ძალასა და ღონეს ჩემს ქვეყანას მოვახმარო. ამის შემდეგ სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურომ, უბინაომ, უფულომ მრავალი განსაცდელი გამოიარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია.
იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლით დიდ დახმარებას უწევდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას". ერთხელ მთელი მიღებული თანხა - ცამეტი ათასი მანეთი მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. იაკობის თანამედროვეები ამბობდნენ, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" მისი მეორე ოჯახი იყოო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა. არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე - ზეპირსიტყვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების დაარსება, იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა რომ არ მიეღო. მან კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. იგი საქართველოში სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისთვის იბრძოდა, იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. იაკობი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ის მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის - შემდგომში გამოჩენილმა ქართველმა კომპოზიტორებმა: ზაქარია ფალიაშვილმა და დიმიტრი არაყიშვილმა. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.
განსაკუთრებით დიდი ღვაწლი დასდო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და საქმიანობას.
გოგებაშვილს კალამიც კარგად უჭრიდა. ვისაც ქართული ენის, ქართული მწიგნობრობის ღალატს შეატყობდა, მეხივით დაატყდებოდა თავს. საოცარი გაშმაგებით ებრძოდა იანოვსკის - ქართველთა დაუძინებელ მტერს, აშორდიებსა და მისთანებს, რუსების ჩაგონებით სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნა რომ მოინდომეს. თვითონ ხომ პასუხს გასცემდა, ილიასაც შეუძახებდა, თურმე: გაგვიძეხ, ბერო მინდიავ, კარს საფრთხე მოგვდგომიაო! რუსული ბიუროკრატიისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ შეუპოვარ მებრძოლებს - ილიას, აკაკისა თუ გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენიათ რუსული კულტურისა და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ. პირიქით, იაკობმა 1887 წელს შეადგინა "რუსსკოე სლოვო", რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს...
1912 წლის 12 აპრილს იაკობ გოგებაშვილი მძიმედ გახდა ავად. თბილისის საუკეთესო ექიმები მკურნალობდნენ, გარს მოწინავე ქართველი საზოგადოება და ნათესაობა ეხვია, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. გასაოცარი დამთხვევაა: ბავშვების მოამაგე იაკობ გოგებაშვილი დღეს ბავშვთა დაცვის დღედ ქცეულ 1-ელ ივნისს, საღამოს 6 საათზე გარდაიცვალა, სიკვდილის წინ კი თავისი შეუფასებელი მემკვიდრეობა მთლიანად ქართველ ხალხს უანდერძა:
300 თუმანი განსვენებულმა თავის დასაფლავებისა და ძეგლის დასადგმელი ხარჯების დასაფარავად გადადო. დანარჩენი თანხა - ფასიანი ბილეთების თითო ბილეთი უანდერძა "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", სალიტერატურო ფონდს, ქართულ დრამატულ საზოგადოებას, ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოებას, ჟურნალ "განათლებასა" და სახალხო უნივერსიტეტს. წიგნები და სახელმძღვანელოები 9.000 მანეთი წლიური შემოსავლით და ვერაზე საკუთრებაში არსებული 280 კვ. საჟენი მიწა "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" უანდერძა.
სახელმძღვანელოებისა და წიგნების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებით "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელ ვარიანში უნდა დაეარსებინა სანიმუშო სახალხო სკოლა, ამავე შემოსავლებით ყოველწლიური დახმარება 120-120 მანეთის ოდენობით უნდა გაეწია ეკატერინე გაბაშვილის ქალთა პროფესიონალური სასწავლებლისთვის, განათლების საზოგადოებისთვის და ქართული საბავშვო ბაღისთვის, არანაკლებ 300 მანეთის ოდენობით - ჟურნალ "განათლებისთვის", აკაკი წერეთელს უნდა მისცემოდა ათ-ათი თუმანი ჰონორარად იმ ლექსებისთვის, რომლებიც შესული იყო იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოებში.
გაყიდული წიგნებიდან უნდა გადადებულიყო არანაკლებ ერთი კაპიკისა განათლების ფონდის დასაარსებლად. ამ ფონდიდან უნდა დაენიშნათ სტიპენდიები სახალხო მასწავლებლების, გლეხებისა და მუშების შვილებისთვის.
სალიტერატურო ფონდს უნდა მოხმარებოდა, აგრეთვე, ვერაზე მდებარე მიწის ნაკვეთის გაყიდვით მიღებული თანხაც. იაკობ გოგებაშვილს უყურადღებოდ არ დაუტოვებია მისი წიგნების ასოთამწყობი ლადო კალანდაძე, წიგნის მაღაზიის გამგე ივანე ავალიშვილი და "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბუღალტერი ვასო ელიაშვილი, რომელთაც ანდერძით დაუტოვა ას-ასი მანეთი...
P.S. "როდესაც იაკობი დაასაფლავეს და მისი ქონების განაწილებაზე მიდგა საქმე მის ნათესავთა და მეგობართა შორის, კუთხეში იდგა ცრემლმორეული ლუარსაბ ბოცვაძე (პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. - ავტ.). როდესაც ჰკითხეს, შენ რაღას წაიღებო, ის შეირხა, თვალი მიაშტერა კუთხეში მიგდებულ ჯოხს, რომელზეც არავინ არა სდავობდა და წყნარად სთქვა: მე კიდევ აგერ ეს ჯოხი მომეცით სახსოვრადო"... (ი. გოგებაშვილის ძმისშვილის, შალვა გოგებაშვილის მოგონებიდან).
ირმა ხარშილაძე
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)