იტალიის უმსხვილესმა პროფკავშირებმა რომში დღეს მასშტაბური მანიფესტაცია გამართეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა მარიო მონტის მთავრობის მიერ მიღებული ეკონომიის ზომები გააპროტესტეს , რომლის მიხედვითაც, ათასობით ადამიანი ხელფასისა და პენსიის გარეშე დარჩა. დემონსტრაციაში 25 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
დაგეგმილმა საპენსიო რეფორმამ, რომელიც მაისში უნდა განხორციელდეს, იტალიელების მასობრივი პროტესტი გამოიწვია. "ხელისუფლება შეცდომას უშვებს და უნდა ეყოს მამაცობა, რომ უკან დაიხიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვრჩება – მოვითხოვოთ სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტის გადადგომა", - აღნიშნა აქციის მონაწილე სიუზანა კამუსომ.
პროფკავშირები ხელისუფლებას საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს განაგრძობენ.