ვსესვიატსკოეს სასაფლაოს ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ქართული მხარის რეაქცია დაგვიანებულია; ქართველ დიდგვაროვანთა საფლავები კი, უკვე განადგურებული , - ამის შესახებ საზღვარგარეთ ქართული კულტურის ძეგლების მკვლევარმა, "კავკასიის ფონდის" ხელმძღვანელმა გივი ღამბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
"შარშან ჩვენ მოსკოვში მცხოვრები ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი რამაზაშვილი დაგვიკავშირდა და შეგვატყობინა, რომ ვსესვიატსკოეს სასაფლაოზე ადგილობრივმა საეკლესიო მოღვაწეებმა კარტოფილის საწყობის მშენებლობა დაიწყეს. ელექტრონული ფოსტით გადმოგვიგზავნა შემაშფოთებელი სურათებიც, რომელზეც ჩანს, რომ საფლავები ამოთხრილია და ძვლები ზემოდან ყრია", - განმარტა ღამბაშიძემ.
მისივე თქმით, ქართველ დიდგვაროვანთა საძვალის განადგურება ჯერ კიდევ მე-20 საუკუნიდან დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში დაწყებულმა მშენებლობამ სასაფლაო სრულად გაანადგურა.
"ჩემი რეაგირება ამაზე, როგორც კერძო არქეოლოგის, ის იყო, რომ ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს, ასევე ძეგლთა დაცვის სააგენტოს მივაწოდე და საკმაოდ კრიტიკული წერილები დაიწერა ამის შესახებ, თუმცა ქართული მხარის რეაქცია დაგვიანებულია. საფლავები უკვე განადგურებულია", - აღნიშნა მეცნიერმა.
ბაგრატიონთა საფლავებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთს, შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, ოფიციალური ნოტა გაუგზავნა.
ქართული მხარე ვსესვიატსკოეს სასაფლაოზე დაწყებული მშენებლობის აღკვეთას ითხოვს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქართული მხარე შეეცდება, სრული ინფორმაცია მოიპოვოს, რა სამუშაოები მიმდინარეობს საფლავზე და იმ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურდა, მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით რუსულ მხარეს თხოვნით მიმართავს.
"ამის შემდეგ კი, მივმართავთ თხოვნით, დაისვას გადმოსვენების საკითხი", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
არსებული ინფორმაციით, ბაგრატიონთა უძველეს საფლავს რუსეთში, დაბა ვსესვიატსკოეში საფრთხე ემუქრება. დარეჯან დედოფლის მიერ აგებულ ყველაწმინდას სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სულხან-საბა ორბელიანი და სხვა ქართველი მოღვაწეები არიან დაკრძალული, მოსკოველმა მაღალჩინოსნებმა უკანონო მშენებლობა აღმოაჩინეს. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ერთსართულიან ბეტონის ნაგებობებზე არავითარი სამშენებლო ნებართვა არ არსებობს. ტაძარი რუსეთის ფედერაციის დაცული ძეგლების ნუსხაშია, ამიტომ მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტმა შენობების აღების გადაწყვეტილება მიიღო.
ტაძარი ვსესვიატსკოეში მეფე არჩილ მეორის ქალიშვილის, დარეჯან ბატონიშვილის ძალისხმევით 1733-1736 წლებში აშენდა.