წარმოშობით ქართველი, რუსი მომღერალი ვალერი მელაძე სცენიდან მიდის. ამის შესახებ მომღერალმა ჟურნალ OK-ს განუცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ფიქრობს დიდი სცენიდან წასვლაზე, ვინაიდან თანამედროვე შოუ-ბიზნესი მისთვის აუტანელი ხდება.
როგორც მელაძე აცხადებს, რუსულ ესტრადაზე ჭეშმარიტად ნიჭიერი მუსიკოსები აღარ დარჩნენ. დღეს მხოლოდ ის პერსონები ლიდერობენ, რომლებიც არა საკუთარ შემოქმედებაზე, არამედ პიარსა და პირად გამორჩენაზე ზრუნავენ.
მელაძისგან ასეთი განცხადებები მოულოდნელი არ ყოფილა. გასული წელი მუსიკოსისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელაძემ ჟურნალისტს სცემა, რომელიც მას ფოტოებს უღებდა. ამ სკანდალს აქტუალურობა ჯერ კიდევ არ დაკარგვია. როდესაც პრესამ ვალერი მელაძისა და პოპ-ჯგუფ "ვია-გრას" სოლისტ ალბინა ჯანაბაევას რომანის განხილვა დაიწყო, ერთ-ერთმა პუბლიკაციამ მომღერალი ისე აღაშფოთა, რომ მან გამომცემლობას სასამართლოშიც უჩივლა და მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 8 მლნ რუბლი მოითხოვა. პრესამ კი მელაძის ამ საქციელს პიარ-სვლად მონათლა.
"გაჩნდა ახალი პროფესია - საჯარო ადამიანი. მათ შესახებ გამუდმებით საუბრობენ და წერენ ჟურნალისტები. ისინი გლამურულ ღონისძიებებს ესწრებიან და ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. საზოგადოებას არ აინტერესებს ამ ადამიანების შემოქმედება და ახალი სიმღერები, უფრო საინტერესო მათი პირადი ცხოვრებაა. შოუ-ბიზნესში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უბრალოდ საშინელებაა", - ამბობს მელაძე.
მომღერალს აღიზიანებს, რომ მასმედია გამუდმებით მის პირად ცხოვრებაში იქექება. ამის გამო ელიტურ წვეულებებს ერიდება და ტელე-გადაცემებში აღარ მონაწილეობს.
"უმჯობესია დროულად წახვიდე, ახლა სწორედ შესაფერისი დროა. თუ ადამიანი მაშინ მიდის, როცა უკვე ცუდად გამოიყურება ან ავადაა, აუცილებლად გამოჩნდება გამოცემა, რომელიც მას გადათელავს, - აცხადებს მელაძე, - მაგრამ ასეთი სერიოზული ნაბიჯისთვის ჯეროვნად უნდა მოემზადო, ამაზე უახლოეს მომავალში ვიფიქრებ".
OK მომღერალს ალბინა ჯანაბაევაზეც ესაუბრა, რომლის გამოც მელაძემ ცოლი მიატოვა. მელაძემ აღნიშნა, რომ სინდისის ქენჯნას განიცდის, მომხდარს ნანობს და აღიარებს, რომ მრავალ ქალს ატკინა გული. თუმცა მუსიკოსს ურჩევნია, ჟურნალისტები მის პირად ცხოვრებას არ აშუქებდნენ, რათა ამ ყველაფრის შესახებ მისმა შვილებმა არაფერი გაიგონ და არაფერი წაიკითხონ.
მელაძის ამ განცხადებების შემდეგ გავრცელდა ხმა, რომ მუსიკალური კარიერა შესაძლოა, ვალერის ძმამ - კომპოზიტორმა კონსტანტინე მელაძემაც დაასრულოს. ის დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილში იყო, თუმცა ბოლო დროს მომღერალ პოლინა გაგარინასთან რომანის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გლამურული პერსონა გახდა.
მომზადებულია ok-magazine.ru-ს მიხედვით.