დაახლოებით ორწლიანი სატელევიზიო პაუზის შემდეგ, ძველი "პასეანსელები" - ლევან ლელაშვილი (კიჭა) და ირაკლი ფრანგიშვილი (ჯინო) ეთერში დაბრუნდნენ. დუეტს "იმედის დილაში" პატარა რუბრიკა მიჰყავს და მათთვის დათმობილი ათი წუთის განმავლობაში მაყურებლის გახალისება და დილიდან კარგ ხასიათზე დაყენება ევალებათ, თუმცა ეს არც ისე ადვილია და სწორედ ამიტომ, ხშირად ცვლიან რუბრიკებს.
ლევანი:
- ორი წლის წინ ჩვენი "ტროიკა", მე, ჯინო და ალეკო თეთრაშვილი "იმედის დილის" იუმორისტული გადაცემის ჟიურიში ვისხედით. მოდიოდნენ ახალგაზრდები, ღია ეთერში იუმორისტულ მონოლოგებს კითხულობდნენ და სკეტჩებს დგამდნენ. ერთმა სეზონმა ასე ჩაიარა. მას შემდეგ იყო პაუზა და სიჩუმე. ეკრანზე აღარ ვჩანდით. მე "კიკალა სტუდიოში" სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერად ვმუშაობდი, მაგრამ ეკრანზე არ ვჩანდი. ამის შემდეგ "იმედის დილაში" კვლავ დაბრუნდა პროდიუსერი რუსიკო ყურაშვილი, რომელმაც ჩათვალა, რომ ეთერში ჩვენი გამოჩენა საინტერესო იქნებოდა.
- ძველ რეჟიმს შეჩვეულებს, დილას ადრე გაღვიძება არ გაგიჭირდათ?
- ადრე გაღვიძება არავის სიამოვნებს, მაგრამ თუ არ გაიღვიძე, ვერც შეჭამ (იღიმება).
ირაკლი:
- ჭამა პირველ რიგში, თუმცა ამ პერიოდში ლევანს ტელევიზიასთან პატარა შეხება მაინც ჰქონდა, მე კი საერთოდ სხვა სფეროში ვმოღვაწეობდი. ძალიან მაკლდა თამაში, შინაგანი სამსახიობო "ლომკის" რეალიზება მინდოდა.
- რა ფორმატით გავიდოდა თქვენი დუეტი ეთერში, თავად მოიფიქრეთ?
ლევანი:
- ფორმატზე ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვართ. ახლა კიდევ ერთი საინტერესო რუბრიკა მოვიფიქრეთ, რომელიც მალე დაემატება ჩვენს ეთერს. არ გავჩერდებით და მუდმივად სიახლეს შევთავაზებთ მაყურებელს. დასაწყისში შემოქმედებით ჯგუფთან ერთად შევიკრიბეთ და მონახაზი გავაკეთეთ. ზოგი რამ დარჩა, ზოგიც შევცვალეთ.
- ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ეთერში ანეკდოტებს მოჰყვეთ?
- აუცილებელი პირობა ის არის, რომ 10-15 წუთის განმავლობაში მაყურებელს ტონუსი ავუწიოთ და გავახალისოთ.
- როგორ შეხვდა მაყურებელი ეთერში თქვენს გამოჩენას?
- მოგეხსენებათ, ეს დილაა, ათის ნახევარი და ზოგი წამოწოლილი, ზოგი - ნახევრად ჩაძინებული, ზოგიც - ყავის ჭიქითა და ბუტერბროდით (იცინიან). სინამდვილეში კი - კარგად, რეიტინგი აწეულია, როგორც პროდიუსერმა გვითხრა.
ირაკლი:
- დიდი პერიოდი რომ არ ვჩანდით, თინეიჯერები ნაკლებად გვცნობდნენ ქუჩაში. ახლა ჩვენს დანახვაზე ჩურჩულებენ, კიჭა, ჯინო...
ლევანი:
- კარგად გვხვდებიან, ჯერ არაფერი უსროლიათ. ზოგი გვეუბნება, რა ცუდ დროს გადიხართ ეთერში, სამსახურში მივდივარ და თქვენს ყურებას ვერ ვასწრებო.
- საკმაოდ უცნაურად განიხილავდით ქართულ პრესას, თუმცა, როგორც ვხვდები, ეს რუბრიკაც აღარ გაქვთ.
ირაკლი:
- ინტერვიუების სათაურებს ვაშარჟებდით, იუმორში ვატარებდით და ვცდილობდით, გული არავისთვის გვეტკინა.
- ჟურნალებს არ ასახელებდით, მაგრამ მახსოვს, "რეიტინგის" ერთ-ერთი რუბრიკის, "გულახდილის" სათაურზე იხუმრეთ, "მეგობარმა გაუპატიურებას გადამარჩინა". ამაზე ხუმრობა ექსპრომტად მოგივიდათ თუ წინასწარ მოემზადეთ?
ლევანი:
- ეს მასალა ნახევარი საათით ადრე გვქონდა მოფიქრებული. "რეიტინგი" იმ დღის გამოსული იყო, დილას -11-გრადუსიან ყინვაში, ჟურნალების გამყიდველ ქალთან მივედით და გაყინული "რეიტინგი" შევიძინეთ. პეკინის ქუჩიდან, სანამ "იმედამდე" მოვიდოდით, გზაში სათაურებს ვარჩევდით და მაშინ ვნახეთ.
ირაკლი:
- საიდუმლოს გაგიმხელთ, ანეკდოტების დიდი მარაგი ჩვენს ტვინში გვაქვს "დასეივებული" და რაც მაგ მასალაზე ვიხუმრეთ, სინამდვილეში მოკლე ანეკდოტია. ერთი ბიჭი ეუბნება მეორეს, გოგონა გაუპატიურებას გადავარჩინეო, მეორე ეკითხება, როგორო და ის პასუხობს, დავითანხმეო. სათაური წავიკითხე თუ არა, ეს ანეკდოტი გამახსენდა.
- ორი თვეა, ეთერში ხართ, განსაკუთრებულად რომელი სტუმარი დაგამახსოვრდათ?
- ჩვენი მეგობარი ბესო ბერულაშვილი და დავით როსტომაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად თანაწამყვანი უნდა ყოფილიყო. ეთერის დროს რამდენიმე სიტყვა ჩააგდო, მაგრამ ყველაზე კარგი რეკლამების დროს იყო, როდესაც ჩვენ გვიყვებოდა რაღაცებს და ვხალისობდით.
ლევანი:
- დათოს ეგონა, რომ ათი წუთი დაეთმობოდა, მომზადებული მოვიდა და იმ ისტორიებს საბოლოოდ ჩვენ მოგვიყვა.
- ბოლოს მოსმენილი ანეკდოტებიდან ახლა რომელი გახსენდებათ?
- გურულს დენი დაარტყამს და ჩაილაპარაკებს, ახია ჩემზე, სახლში რომ შემოგიყვანეო.
- სხვის მოყოლილ ანეკდოტებზე თუ გეცინებათ?
ირაკლი:
- ზოგზე გვეცინება, ზოგჯერ გვეღიმება, ზოგჯერ ძალით ვიცინით.
- დასასრულ, ჩვენი მკითხველისთვის გვითხარით ანეკდოტი.
- კორესპონდენტი მივა ხანში შესულ მამაკაცთან ინტერვიუზე, რომელიც 95 წლის გახდა და ეკითხება, როგორ უვლის თავს, რა არის მისი ჯანმრთელობის საიდუმლო. სიგარეტს არ ეწევითო? - როგორ არა, დღეში ორ კოლოფამდე ვეწევიო, - უპასუხა მოხუცმა. - ღვინოს არ სვამთო? - როგორ არა, სადილზე სამ ჭიქას ვსვამ და ქეიფიც ხშირად მიწევსო. - აბა, სექსს ერიდებითო? - შეწუხდა კორესპონდენტი. - რას ამბობთ, შაბათ-კვირას სადმე რომ არ გავიდე, არ შემიძლიაო. ამ დროს ზარია კარზე. - ეს ვინ არის, თქვენი შვილია? - ეკითხება გოგონა. - არა, მამაჩემია, ნაშებთან ერთად მოვიდაო.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)