მსოფლიოში აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე აშშ-ის კომისიამ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს რეკომენდაცია მისცა, 16 ქვეყანა იმ ქვეყნების სიაში შეიტანოს, სადაც აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით ირღვევა ადამიანის უფლებები. როგორც კომისიის ყოველწლიურ მოხსენებაშია აღნიშნული, ამ სიაში პირველი ადგილები ტაჯიკეთმა და აშშ-ის მოკავშირე თურქეთმა დაიკავეს.
დოკუმენტი ოფიციალურად 20 მარტს გამოქვეყნდება. აშშ-ში თურქეთის ელჩმა მას უსამართლო უკვე უწოდა.
იმ ქვეყნების სიაში, სადაც "სისტემატურად ირღვევა აღმსარებლობის თავისუფლება, მოხვდა ვიეტნამი, ეგვიპტე, ერაყი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, მიანმა, ნიგერია, პაკისტანი, საუდის არაბეთი, სუდანი, თურქმენეთი, უზბეკეთი და ერიტრეა.
მოხსენების ავტორთა განცხადებით, არსებობს კიდევ მთელი რიგი ქვეყნები, რომლებსაც აღმსარებლობის თავისუფლების სფეროში ყურადღება უნდა მიექცეს. შარშანდელის მსგავსად, ამ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა რუსეთი, ასევე ავღანეთი, ბელორუსი, ვენესუელა, ინდოეთი, ინდონეზია, კუბა, ლაოსი და სომალი.
აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებში აშშ-ის კომისიის დასკვნები აშშ-ის ადმინისტრაციისთვის სარეკომნდაციო ხასიათს ატარებს. სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ასეთი ქვეყნების საკუთარ ნუსხას ადგენს, რომელიც ხშირად კომისიის მიერ შედგენილ სიასთან შედარებით მცირერიცხოვანია. კომისიის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სიაში მოხვედრილი ქვეყნების წინააღმდეგ კი შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.
მსოფლიოში აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი ორპარტიული კომისია 1998 წელს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად შეიქმნა და ყოველწლიურად ამზადებს რეკომენდაციებს აშშ-ის ადმინისტრაციისთვის.
მომზადებულია The Associated Press-ის მიხედვით.