24 მარტს ჰოლანდიაში ევროპის ყველაზე დიდი ყვავილების პარკი - კოიკენჰოფი სეზონს გახსნის. 20 მაისის ჩათვლით, რვა კვირის განმავლობაში დამთვალიერებლები ულამაზესი სანახაობით დატკბებიან.
"ეს ზამთართან გამომშვიდობების შესანიშნავი საშუალებაა", - აცხადებენ პარკის ადმინისტრაციაში.
ყვავილების ყოველწლიური ორთვიანი დღესასწაულისთვის შარშან შემოდგომაზე 7 მლნ ბოლქვი დათესეს. რამდენიმე კვირის შემდეგ დამთვალიერებლები 32 ჰექტარზე გადაჭიმულ პარკში უამრავ აყვავებულ კროკუსს, ნარცისს, გიაცინტს, ტიტას და სხვა ყვავილებს ნახავენ.
პარკი კოიკენჰოფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრანგებში. შარშან პარკს 100 000 ფრანგი ტურისტი ეწვია. ამაში საკვირველი არაფერია, ვინაიდან პარკი საფრანგეთის ქალაქ ლილიადან სულ რაღაც 300 კმ-ში, პარიზიდან კი 500 კმ-ში მდებარეობს. პარიზისა და ამსტერდამის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მატარებლების წყალობით ფრანგი ტურისტები ჰოლანდიაში 3 საათში ჩადიან. თუმცა პარკის ყველაზე მრავალრიცხოვანი და ხშირი სტუმრები გერმანელები არიან.
წელს გაზაფხულის მოსვლას კოიკენჰოფის პარკთან ერთად ამსტერდამის ვან-გოგის მუზეუმიც დღესასწაულობს, რაც ტურისტებს საშუალებას აძლევს ერთი ბილეთით ორი ღირსშესანიშნავი ადგილი მოინახულონ. პატარა ავტობუსი ფერწერის სამყაროდან ტურისტებს ყვავილების სამყაროში გადაიყვანს. ბილეთის საფასურში შედის ასევე ჰოლანდიის დედაქალაქის გარშემო წყლის არხებში გასეირნება.
ყვავილების გარდა კოიკენჰოფის პარკში დამთვალიერებლები ჩიტების გამოფენას, კოსტუმირებულ ფესტივალსა და ყვავილებით მორთული ორთვალების აღლუმს დაესწრებიან.
მომზადებულია keukenhof.nl-ის მიხედვით.