წერა ბავშვობიდან დაიწყო, სასკოლო კონფერენციებზე საკუთარ ნოველებს აკითხებდნენ, მაგრამ სერიოზული მუზა ერთი წლის წინ ეწვია და ტელევიზიიდან გაუჩინარებული ეკა ტოგონიძე საზოგადოების წინაშე ახალი ამპლუით წარდგა. ცისფერი ეკრანი ისევ ენატრება, მაგრამ ისე არა, რომ თავი სხვაგან ვერ წარმოიდგინოს. ალბათ ოდესმე ტელევიზიას ისევ დაუბრუნდება, მაგრამ ახლა წერს და ამით ბედნიერია.
- ეკა, ეთერში რატომ აღარ ხართ?
- იქნებ, ადრე თუ გვიან, ეკრანს ისევ დავუბრუნდე, მაგრამ 2011 წლის ბოლო თვეები მთლიანად მოთხრობებზე მუშაობას მივუძღვენი. ჟურნალისტიკის სფერო ბოლომდე არ მიმიტოვებია, ამ საგანს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვკითხულობ. ასევე მედიამენეჯმენტის კურსს ვუძღვები. ვმონაწილეობ სემინარებში, გაზაფხულიდან დოქტორანტურაში ვაპირებ სწავლას და ტელევიზიისთვის დრო არ მრჩება. ლიტერატურაში ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამ და წინასწარ ვერ ვიტყვი, რა და როგორ იქნება...
- არ გენატრებათ ტელევიზია?
- მენატრება, მაგრამ ისეც არა, რომ ჩემი თავი სხვაგან ვერ წარმოვიდგინო. ადრე ყველაფერი სამსახურს უკავშირდებოდა, განსაკუთრებით "მოამბის" შემდეგ, "ალიონში" მუშაობისას, თუ რაიმე საინტერესო თემას მოვკრავდი ყურს ან საინტერესო ადამიანს გავიცნობდი, ავტომატურად ვიწყებდი იმაზე ფიქრს, გამოდგებოდა თუ არა ეს ამბავი გასაშუქებლად. ტანსაცმლის შეძენის დროსაც კი სულ სამსახური მახსოვდა და ვცდილობდი, ისეთი სამოსი შემერჩია, რაც ეთერისთვისაც შესაფერისი იქნებოდა. ახლაც ზოგჯერ მაკლია ღია ეთერი, ის სიხარული და ემოცია, რომელიც კარგად გაკეთებულ გადაცემას მოსდევს, მაგრამ დილის პროგრამაში დაბრუნება მაინც გამიჭირდება. უძილობა და წლობით დაგროვილი დაღლილობა აღარაფრით არ ანაზღაურდება.
- თქვენი ლიტერატურული დებიუტი, თუ არ ვცდები, 2011 წელს ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში" შედგა...
- "ლიტერატურულ პალიტრაში" დაბეჭდილმა მოთხრობამ თარიღით გაუსწრო "ლიტერატურულ გაზეთში" საკონკურსოდ გაგზავნილს და ამიტომ გამოვიდა დებიუტი. სინამდვილეში კონკურსში გამარჯვებული "მარჯვნიდან მარცხნივ" იყო ჩემი პირველი მოთხრობა, რომელიც გამოქვეყნდა და პირველი აღიარებაც მომიტანა.
- ყველაზე მძიმე ამბავი გაიხსენეთ, რაც საკუთარ მოთხრობაში აღწერეთ.
- ყველა მოთხრობაში არის მძიმე მომენტები. ერთგან კაცს საკუთარი საფლავის გათხრას აიძულებენ და ის ბოლო წუთებია აღწერილი, ეგვიპტეში წასულ ცოლ-ქმარს საშინელი ამბავი შეემთხვევა, ცოლი ძალადობის მსხვერპლი გახდება, "მზეთუნახავში" გოგონა ავარიაში მოყვება და სახე უსახიჩრდება. ასევე მძიმეა ჩემთვის იმ ადამიანის ამბავი, რომელიც წერა-კითხვის უცოდინარი, ე.წ. ანალფაბეტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, უკურნებელი დაავადება. მე ვეცადე გადმომეცა ასეთი ბიჭის განცდები, რას გრძნობდა ის, როცა თანაკლასელები დასცინოდნენ და როცა დედას მოთმინება აღარ ჰყოფნიდა მისი მეცადინეობის დროს. იმდენად დიდი იყო სირცხვილი და ამით გამოწვეული ტკივილი, რომ ბავშვმა ტყუილი მოიფიქრა, ვითომ ვერ ხედავდა. ასე იპოვა გამოსავალი და მოხვდა ბრმების ინტერნატში. ეს მოთხრობა ტყუილის ტყვედ ქცეულ ადამიანზეა, რომელიც ცხოვრებაში დიდ წარმატებას აღწევს, ხდება ცნობილი ხელოვანი და ის ყველას უსინათლო მოქანდაკე ჰგონია. შემდეგ გაიცნობს ჟურნალისტ ქალს, ზურგზე ანბანის სვირინგით... მეტს ვეღარ გავამხელ, დანარჩენი ჯობს, "ლიტერატურულ პალიტრაში" წაიკითხოთ (იღიმება).
- ვინ არის თქვენი მოთხრობების პირველი შემფასებელი და დეპუტატი მეუღლე (რატი სამყურაშვილი - ავტ.) როგორ უყურებს მწერლობით თქვენს გატაცებას?
- მეუღლე ძალიან კარგი შემფასებელი და ასევე კარგი მეგობარი აღმოჩნდა ამ საკითხში. არ მახსოვს, ოდესმე ხელი არ შეეწყოს ჩემთვის წერის პროცესში. როცა მითხოვია, რომ განმარტოება მჭირდება, ან სულაც მოსმენა და ტექსტის "გაშალაშინება", ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამს და მაქსიმალურად მეხმარება.
- თანამედროვე ქართული პროზა განებივრებულია ავტორებით, როგორ შეხვდნენ ისინი თქვენს გამოჩენას?
- არ ვიცი, როგორ შეხვდნენ. ავტორების ის ნაწილი, ვისთანაც მანამდეც ვმეგობრობდი, სიხარულით. ზოგი მერე გავიცანი და ვთანამშრომლობთ.
- რისი თქმა გინდათ თქვენი ნაწარმოებებით?
- სხვადასხვა რამის. მინდა ვაჩვენო, რატომ სჩადიან ადამიანები ამა თუ იმ საქციელს, რას გრძნობენ ამ დროს და რა ამოძრავებთ გადაწყვეტილებების მიღებისას. საკუთარ შემოქმედებაზე საუბარი ცოტა რთულია.
- კრიტიკა თუ გაგიგიათ თქვენი მისამართით?
- კრიტიკაც მსმენია და თუ ის ჯანსაღია, სიამოვნებით მიმიღია.
- როგორია თქვენი წერის რიტუალი, როდის იწყებთ წერას?
- მაშინ, როცა მარტო ვარ. სიმარტოვე და სიჩუმე ერთადერთი და აუცილებელი პირობაა. მიუხედავად იმისა, რომ ათი წელი ჟურნალისტიკაში ვიყავი, ხმაურში მუშაობას მაინც ვერ შევეჩვიე და ყოველთვის სიმშვიდე მჭირდება. კლასიკური მუსიკაც ძალიან კარგია, თუმცა ზოგჯერ ზედმეტია.
- ზოგიერთი მწერალი მუზას არ აღიარებს, თქვენ?
- მუზა მნიშვნელოვანია, თუმცა შრომა არანაკლებ. ზოგჯერ ყველა პირობა არსებობს წერისთვის, მაგრამ მაინც რაღაც არ გამოდის. ამ დროს ერთადერთი წესი მოქმედებს: არ უნდა მოეშვა და შედეგს რთულად, მაგრამ მაინც გამოიღებს.
- თქვენს გმირებს თუ ჰყავს პროტოტიპები?
- ჩემს გმირებს არ ჰყავთ პროტოტიპები. ვერავინ იცნობს იქ თავის თავს, თუმცა, იმედია, ყველა იპოვის ნაცნობ განცდებსა და სიტუაციებს. მაგალითად "მზეთუნახავში" მთავარი გმირის მეგობარი თეკლა ჩემი რამდენიმე მეგობრის ნაზავია.
- მოთხრობის ფინალი თუ შეგიცვლიათ?
- შემიცვლია. საერთოდ, ბევრს ვმუშაობ ტექსტზე. ზოგჯერ თავს ვეღარ ვანებებ და მზად ვარ, უამრავჯერ გადავაკეთო, თუმცა არა აზრი, არამედ გამოხატვის ფორმა. ფინალი შემიცვლია უმნიშვნელოდ. მაგალითად, ორი ადამიანი სად უნდა დაშორდეს ერთმანეთს, იპოდრომზე თუ ქუჩაში, ერთ-ერთ გაჩერებაზე... ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და დატვირთვა.
- თქვენი სიყვარულის ამბავიდან თუ გამოგიყენებიათ დეტალები საკუთარ ნაწარმოებში?
- ვერიდები პირადი დეტალების გამოყენებას. შეიძლება, შეგრძნება აღწერო, მაგრამ არა კონკრეტული ფაქტი. არ მინდა, ჩემი ნაწერები ავტობიოგრაფიას ჰგავდეს. ეს დღიური იქნება და არა ლიტერატურა. როგორც ბესო ხვედელიძეს უყვარს თქმა, ლიტერატურა არის ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და არა ის, რაც მოხდა.
- თქვენს პირველ მოთხრობების კრებულზე მოგვიყევით, როგორი შეფასება მოჰყვა მკითხველის მხრიდან?
- ვინც მე აზრს მიზიარებს, მათ შეფასებებში დადებითი სჭარბობს. "ფეისბუქზე" ხშირად მომდის უცხო ადამიანების შთაბეჭდილება, რაც ძალიან მახარებს. ბევრი მწერს, რომ არ ელოდნენ ასეთ საინტერესო დებიუტს და საერთოდ ვერ წარმოედგინათ, რომ მე ვწერდი. ამას უკვე მივეჩვიე... მე შინაგანად მზად ვარ კრიტიკისთვის. ვიცი, რომელი პასაჟი რას ემსახურება, რა იყო იდეა და რატომ ავირჩიე ეს ფორმა. დანარჩენი უკვე გამოცდილების ამბავია და წლებთან ერთად მოვა...
- რა იქნება მომავალში, პროზა თუ ტელევიზია, რომელი უფრო ახლობელია თქვენთვის?
- ეს ორი ერთმანეთს ხელს არ უშლის. სამწუხაროდ, პროზა დღეს შემოსავლის წყაროდ არ გამოდგება. კარგია, თუ საქმე თან სიამოვნებას განიჭებს და თან შესაბამისად ფასდება. ეს იდეალურია...
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)