საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა მოინახულა. პრეზიდენტთან ერთად იმერეთის გუბერნატორი, ლაშა მაქაცარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული გზა ქუთაისის აეროპორტს გაუვლის და თბილისის ცენტრიდან ქუთაისის აეროპორტში ჩასვლა ორ საათში იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტის თქმით, ქუთაისის აეროპორტი თბილისის აეროპორტს გაუწევს კონკურენციას და ბილეთის ფასები დაიკლებს.
"ქუთაისის აეროპორტში, როდესაც იქნება იაფი ფრენები ევროპიდან, აზიიდან, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თბილისის აეროპორტი განვტვირთოთ. ქუთაისის აეროპორტთან ახლოს იქნება ავტობანი და მგზავრები ორ საათზე ნაკლებ დროში თბილისის ცენტრიდან იქნებიან აეროპორტში, საიდანაც იფრენენ სამჯერ უფრო იაფად, ვიდრე თბილისის აეროპორტიდან და თბილისის აეროპორტიც იძულებული იქნება, ფასი დააგდოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.