სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ისრაელში ვიზიტთან დაკავშირებით ისრაელის საელჩო დღეს განცხადებას ავრცელებს .
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის დროს მისი უწმინდესობა იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, თეოფილე მეორეს ეწვევა და ქრისტიანულ ადგილებს მოინახულებს.
ამასთან, ისრაელში ყოფნის დროს ილია მეორე შეხვდება ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, შიმონ პერესს, ისრაელის მთავარ რაბინს და სხვა მაღალჩინოსნებს. საქართველოს პატრიარქი ესტუმრება ისრაელის პარლამენტს (ქნესეთს), გოდების კედელს და ჰოლოკოსტის ხსოვნის მუზეუმს (იად ვაშემს).
ილია მეორე ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებსაც შეხვდება.
მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისრაელში 16 თებერვალს გაემგზავრა. უწმინდესი ისრაელში 24 თებერვლამდე დარჩება.