თურქეთის მეჯლისმა "უცხოელთა ყოფნისა და მოგზაურობის შესახებ" კანონში ცვლილება დაამტკიცა, - 1-ლი თებერვლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე სამი თვით ყოფნის უფლება აქვთ, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ხელმეორედ შესვლა მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეეძლებათ. არადა, 2011 წლის საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენა სამი თვით შეეძლოთ, ვადის გასვლის შემდეგ უკან დაბრუნების უფლება კვლავ სამი თვით, საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთიდან მეორე დღესვე ეძლეოდათ.
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ცვლილება საქართველოს არ შეეხებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ერთი თვის წინ, "იმედისმომცემი" განცხადებაც კი გააკეთა, მაგრამ ცხადი გახდა, რომ ჩვენი "სტრატეგიული პარტნიორი" საქართველოსთვის არც დიდი მეგობრობის ხათრით აპირებს გამონაკლისის დაშვებას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ხნის წინ სტამბოლში ჩასულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ერდოღანს პირადად სთხოვა, საქართველოს მოქალაქეებისთვის არ შეეცვალა თურქეთში ყოფნის წესები, მაგრამ პირადმა თხოვნამ საკუთარი ქვეყნის ინტერესები ვერ გადაწონა. არადა, საქართველოში წინასაარჩევნოდ, ამ ისედაც უმუშევარ ქვეყანაში კიდევ ათასობით უმუშევრის დამატება, ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებს ნამდვილად არ ესადაგება. ამ ცვლილებით თურქეთის ხელისუფლებამ საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულება, რომ პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, კიდევ ერთხელ განამტკიცა.
ცოტა ხნის წინ,საქართველოში ჩამოსულმა დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ვოლქან ბოზქარმა განაცხადა, რომ კანონი ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ვრცელდება, ის კი დამალა, რომ "ყველაში" აზერბაიჯანი არ იგულისხმებოდა(?!).
ცხადია, ეს ცვლილება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოჯახებს თურქეთში აღებული ჯამაგირით არჩენენ, პრობლემას შეუქმნის. არაერთი საქართველოს მოქალაქე დაკარგავს სამსახურს ან არალეგალად იქცევა, რადგან "გასტროლიორი" მუშა არავის სჭირდება. არადა, უმეტესად, დასავლეთ საქართველოს შეჭირვებული ოჯახებისთვის თურქეთში მონური შრომა თავის გატანის ერთადერთი საშუალება იყო.
დაახლოებით რამდენ მოქალაქეს (და შესაბამისად, ოჯახს) დააზარალებს ეს კანონი, ამის დაზუსტება შეუძლებელია, რადგან სტატისტიკის დეპარტამენტს თურქეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაცია არა აქვს(?).
მურმან დუმბაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარე: "ქართველები მონური, დამამცირებელი შრომით შოულობენ ლუკმაპურის ფულს და ახლა, ეს შესაძლებლობაც ესპობათ. ზოგიერთს თურქეთში მუშაობა სიცოცხლის ფასადაც უჯდება. ალბათ, გახსოვთ, თურქმა ბიზნესმენმა ქართველი მუშა რევაზ ჯგერენაია რომ მოკლა. თავში ბლაგვი საგანი მხოლოდ იმის გამო ჩაარტყა, რომ საწყალი კუთვნილ ხელფასს ითხოვდა. ამისთანა მაგალითი იმდენია, ვერ მოთვლით".
თურქული პრესა სავიზო რეჟიმის გამკაცრების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ერთ-ერთი საფრანგეთის მიერ 1915 წლის სომეხთა გენოციდის აღიარებაა. გამოცემა "ჰაქიმეთს", ამის დასტურად, პრემიერ-მინისტრ ერდოღანის გამონათქვამი მოჰყავს, რომ სანაცვლოდ თურქეთი მოახდენდა სომხეთის იმ 100 ათასი მოქალაქის დეპორტაციას, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ თურქეთში. მეორე მიზეზად ქართველების "კრიმინალური ხასიათი" სახელდება, - რეკეტი, პროსტიტუცია, არალეგალური ბიზნესი, ნარკოტრაფიკი... არის მესამე ვერსიაც, - თურქეთი სავიზო რეჟიმს რთული რეგიონული ვითარების გამო ამკაცრებს, რადგან ირანის პრობლემა დღითი დღე აქტიურდება.