"რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის წამყვანი გვანცა დარასელია უკვე რამდენიმე კვირაა ეთერში აღარ ჩანს. ამისთვის მას საპატიო მიზეზი აქვს. 18 იანვარს გვანცა დედა გახდა. ბუკლე ამ სიახლის გაგებისთანავე გვანცას დაუკავშირდა.
- გვანცა, გილოცავ დედობას.
- ძალიან დიდი მადლობა.
- როგორც ვიცი, ბიჭის დედა გახდი. პატარას რა დაარქვით?
- ერეკლე. ეს სახელი მეც და ჩემს მეუღლეს, ვახტანგ მჭედლიძეს ძალიან მოგვწონს.
- მეუღლე დაესწრო მშობიარობას?
- არა, გარეთ ნერვიულობდა.
- გაგიჭირდა მშობიარობა?
- მშობიარობის პროცესი მთელი დღე გაგრძელდა და რასაკვირველია, რთული იყო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- პირველი მშობიარობის შემდეგ ქალები ამბობენ ხოლმე, მეორე ბავშვს აღარ გავაჩენთო. სამშობიაროდან წამოსვლის შემდეგ შენც იგივე რამ ხომ არ თქვი?
- მე ვამბობ, ორსულობა და მშობიარობა ცოტა ხანს აღარ მინდა-მეთქი. მეორე ბავშვს მოგვიანებით, რამდენიმე წლის მერე აუცილებლად გავაჩენ.
- დედობამ შეგცვალა?
- ყველა, მათ შორის ჩემი მეუღლეც მეუბნება, რომ ძალიან შევიცვალე. უფრო მშვიდი და წყნარი გახდიო, ამბობენ, თუმცა მე ჩემს თავს ცვლილებას ვერ ვამჩნევ.
- ბავშვის გაზრდაში გეხმარება ვინმე, თუ მარტო უმკლავდები ყველაფერს?
- ყველა მეხმარება. ერეკლეს მოვლაში ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახის წევრები აქტიურად არიან ჩართული.
- სამსახურში როდის დაბრუნდები?
- სამი თვე დეკრეტული შვებულება მაქვს აღებული. ამ დროის გასვლის შემდეგ ეთერში აუცილებლად დავბრუნდები.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)