"საკანონმდებლო მაცნე" ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის ცვლილებების უფლებამოსილებაზე განმარტებას აკეთებს .
როგორც "საკანონმდებლო მაცნის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განმარტებაშია ნათქვამი, "მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით".
განმარტების თანახმად, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება არასწორი ინტერპრეტაციის საგანი გახდა, მათ შორის, ცალკეული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების მხრიდან, ”საკანონმდებლო მაცნემ” მართებულად მიიჩნია დაინტერესებულ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია.
"საკანონმდებლო მაცნე" განმარტავს, რომ ცვლილება არ ეხება კანონებს. "იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებში არ არსებობს სარედაქციო განყოფილებები, ცალკეულ შემთხვევებში კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ფიქსირდება ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და ნუმერაციასთან დაკავშირებული ხარვეზები. ასეთი შემთხვევისთვის "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" გააჩნია უფლებამოსილება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და მათ საკონტროლო მდგომარეობაში მოსაყვანად, ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე განთავსების და მათი საჯაროდ ხელმისაწვდომობის მიზნით, გამოქვეყნებამდე უზრუნველყოს ამ ხარვეზის გასწორება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზის (ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და ნუმერაციის) გასწორებით არ იცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.
აქვე ცალსახად უნდა განვმარტოთ, რომ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" აღნიშნული უფლებამოსილება არ ვრცელდება საქართველოს კანონების ტექსტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სხვა ნორმატიული აქტების გამოქვეყნებაზე. პარლამენტის მიერ მიღებული აქტების მომზადების, განხილვისა და მიღების, ისევე როგორც, მათი გამოქვეყნების წესი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, რომელიც კანონის ძალის მქონე აქტია.
"საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და კოდიფიკაციის პროცესის შემდგომი სრულყოფის მიზნით", – ნათქვამია "საკანონმდებლო მაცნის" განმარტებაში.
ცვლილება "ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.
ცვლილებით და დამატებით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილი გახდა, განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომის ან შეცდომების გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი. თუმცა, შესაბამის ბრძანებაში დამატებულ აღნიშნულ მუხლში არ არის მითითებული, რომ ეს რეგულაცია კანონებს არ ეხება.
კანონმდებლობით, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.
საკანონმდებლო აქტების სახეებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი; საქართველოს ორგანული კანონი; კონსტიტუცია, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მინისტრების ბრძანებები და ა.შ.
"ინტერპრესნიუსი"