საახალწლო სეზონთან ერთად სადღესასწაულო პიროტექნიკა და მისგან გამოწვეული დისკომფორტი ისევ აქტუალური ხდება. ბაზარი სავსეა ამ პროდუქციით და მის რეალიზაციის პროცესს არავინ აკონტროლებს. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საახალწლო ფეიერვერკები და "ასაფეთქებლები" უბედური შემთხვევის მიზეზი არ გახდეს. თქვენს კითხვებს პიროტექნიკოსი ბადრი ფარცვანია პასუხობს.
გამოგზავნილი შეკითხვები:
მკითხველი დალი: თუ შეიძლება აგვიხსენით, რას ნიშნავს ხარისხიანი პიროტექნიკა.
ხარისხიანი პიროტექნიკა გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში არ უნდა იყოს დარღვეული შენახვის პირობები. ეს მასალა გემით შემოდის და შესაძლოა ნესტი შეეპაროს. დაზიანებული ტკაცუნა შემდეგ დაგვიანებით ფეთქდება და შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანოს. ან საერთოდ არ აფეთქდეს და თანხა დაკარგული აღმოჩნდეს.
გარდა ამისა, გასართობ პიროტექნიკას აქვს შენახვის ვადა, დაახლოებით 2 წელი. ეს ვადებიც დაცული უინდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იგივე იქნება, რაც წეღან ვახსენე.
ხარისხიან ნაწარმს აუცილებლად უნდა ეწეროს მოხმარების წესები. გარდა ამისა, არსებობს დენთის დოზის სტანდარტი, რაც დარღვეული არ უნდა იყოს.
მკითხველი ეკა: იყიდება ტკაცუნები, რომლებსაც შეფუთვაზე აშკარად ეტყობა, რომ სადღესასწაულოა, მაგრამ ზოგიერთი ასაფეთქებელი უბრალო ქაღალდშია გახვეული. ისენი ნამდვილად გასართობი მიზნით არის დამზადებული?
თუ არაფერი აწერია, რამის მტკიცება ძნელია, თუმცა, როგორც წესი ისინი გასართობი მიზნით არის დამზადებული. მათი ხარისხი კი საეჭვოა. შეიძლება ფითილი იყოს დაზიანებული და მაშინვე არ აფეთქდეს. ბავშვი კი აუფეთქებელ ტკაცუნასთან ახლოს მიდის, ან ხელში იღებს და აკვირდება, გონია აღარ აფეთქდება, ამ დროს კი შეიძლება გასკდეს და ბავშვს რამე ავნოს.
მკითხველი გიო: ჩვენ, მომხმარებლებმა როგორ უნდა განვასხვავოთ, რომელია უსაფრთხო და რომელი საშიში ასაფეთქებელი. რაიმე პრინციპი არსებობს, რაც უნდა გავითვალისწინოთ ამ პროდუქტის შეძენისას.
შეძენისას საკმარისია დააკვირდეთ წარწერას და გაითვალისწინოთ, რომელი ასაკიდან არის დაშვებული მისი გამოყენება. ნესტში და წვიმაში დაწყობილი არ უნდა შეიძინოთ, რისი მიზეზიც უკვე ავხსენი. შეძენის შემდეგ კი მთავარია ის სწორად გამოიყენოთ.
ცეცხლის მოკიდებისთანავე აუცილებლად გადააგდეთ და სანამ არ აფეთქდება, ახლოს არ მიხვიდეთ. სხვის უსაფრთხოებაზეც იზრუნეთ - არავის ესროლოთ, ჯიბეში არ ჩაუდოთ, ღუმელში არ შეაგდოთ. აკრძალულია ამ ასაფეთქებლების ბოთლებში, ქილებში და სხვა ნებისმიერ ჭურჭელში აფეთქება. თუ წესებს დაიცავთ, საშიში არაფერი მოხდება.
მკითხველი ლელა: ასაფეთქებლებს ახალ წლამდეც ვყიდულობთ და დღესასწაულის მერეც შემოგვრჩება ხოლმე სახლში. ახლაც ერთი ყუთი პატარა ასაფეთქებლები ჩემს შვილს სახლში აქვს შენახული. თავისით რომ აფეთქდნენ, ამის საშიშროება არსებობს?
ნაპერწკლის გარეშე არაფერი ფეთქდება, სამაგიეროდ ყურადღებით იყავით, რომ ნაპერწკლის კერასთან ახლოს არ აღმოჩნდეს. მოარიდეთ ნესტს, რომ შემდეგ პრობლემები არ შეგექმნათ.
მკითხველი სოფო: თუ რომელიმე სახლიდან გამოსროლილი ტკაცუნა ჩემს ბინაში მოხვდება, არსებობს საშიშროება, რომ ხანძარი გამოიწვიოს?
ხანძარი შეიძლება გამოიწვიოს ე. წ. რომაულმა ასეფეთქებელმა, რომელიც ჰაერში სკდება და ნაპერწკლებს ისვრის. ნაპერწკალი ყოველთვის საშიშია, ამიტომ მფლობელმა წესების დაცვით, ზევით უნდა ისროლოს და არა ირიბად.
მკითხველი თაზო: გამიგია, რომ ხლოპუშკა "ხელში აუფეთქდა". რა შემთხვევაში ხდება ეს?
თავისით და ცეცხლმოუკიდებლად, არ აფეთქდება. ფეთქდება მაშინ, როცა ნაპერწკალი წარმოიქმნება, ტკაცუნა კი ისევ ხელში უჭირავთ.
გასკდომის ყველაზე დიდი საშიშროება აქვს რომაულ ასაფეთქებელს. ეს მილის ფორმის "ხლოპუშკაა" , რომელიც ჯერ გაისვრის, შემდეგ გასროლილი ნაპერწკალი ჰაერში სკდება. თითო "ხლოპუშკა" 6-8 ასეთ გასროლას აკეთებს. წელს ბაზრობაზე ძალიან ბევრი ასეთი ასფეთქებელი გაიყიდა. ისინი პატარა ზომისაც არსებობს, მაგრამ წელს მასობრივად გამოჩნდა მსხვილკალიბრიანი მილები. მათ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ჭირდებათ. კატეგორიულად აკრძალულია ამ მილების ხელში ჭერა, როცა ისვრის.
ის ვერტიკალური მიმრთულებით უნდა დაამაგროთ რამეზე, მოუკიდოთ და რამდენიმე მეტრით მოშორდეთ, თავად გაისვრის. ჩვენთან კი ეს მილები ბავშვებს ხელში უჭირავთ და ერთმანეთსაც უმიზნებენ. შეიძლება რომელიმე გასროლა დაყოვნდეს და ბავშმა შიგნით ჩაიხედოს, თუ გაისროლა, თვალს დაკარგავს. ხელში ჭერის დროსაც შეიძლება გასკდეს. ამიტომ აუცილებლად დამაგრებული უნდა იყოს.
როცა ეს პროდუქცია შემოგვაქვს, მწარმოებელის სერთიფიკატში აღნიშნულია, რომ მათი 10% დაზიანების რისკს შეიცავს. ანუ რისკი ამ მოწყობილობებს დამზადებისთანავე ახლავს, ამიტომ წესების დაცვა აუცილებელია.
მკითხველი ეკა: უსაფრთხოა თუ არა ფეიერვერკი. შეიძლება მისმა ნაპერწკლებმა რაიმე ზიანი გამოიწვიონ?
თუ პროფესიონალები აკეთებენ და წესებს იცავენ, საშიში არაფერია.
მკითხველი ვალია: შუშხუნას ძალიან სპეციფიური სუნი აქვს. რით არის ეს სუნი გამოწვეული და ხომ არ არის ტოქსიკური?
სუნი წვის და აფეთქების ნებისმიერ პროცესს ახლავს. სანთელიც არ იწვის უსუნოდ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი ტკაცუნა ოთახში და დახურულ სივრცეში აფეთქებისთვის არ არის გამიზნული.