საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ავტოგასამართ სადგურებზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო ხდება .
სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბერის №1-1/2705 ბრძანების თანახმად, ავტოგასამართმა, აირგასამართმა და აირამვსებ საკომპრესორო სადგურებმა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები (ვიდეოკამერები) არა უგვიანეს 2012 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დაამონტაჟონ.
სამინისტოს ბრძანების მიხედივით, ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები საკომპრესორო სადგურების მფლობელები ვალდებულნი არიან აღნიშნული სადგურების შიდა და გარე პერიმეტრებზე დაამონტაჟონ ვიდეოკამერები;
შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა იძლეოდეს საწვავ-სარიგებელ სვეტთან გაჩერებული ან არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების ვიზუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას; გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს სულ მცირე ერთი ვიდეოკამერა, რომლითაც შესაძლებელი იქნება საავტომობილო გზის სავალი ნაწილის იმ პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობა, სადაც განთავსებულია აღნიშნული სადგურები; შიდა და გარე პერიმეტრებზე დასამონტაჟებელი ვიდეოკამერების ზუსტ რაოდენობას და მათ ურთიერთგანლაგებას განსაზღვრავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირები.