მართალია, აქტიურ პოლიტიკაში არ არის, მაგრამ ჟურნალისტებთან შეხვედრების სიმცირეს არ განიცდის, ამიტომაც ყველა აქტუალური თემის საქმის კურსშია... ერთი სიტყვით, რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, კრწანისის რეზიდენციისკენ მიმავალ გზას შევუდექი. ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუზე არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ დავით აღმაშენებლის პორტრეტი რატომღაც პირველად შევამჩნიე, - ალბათ ყველა ქართველ მმართველს უნდოდა, მასავით წარმატებული ყოფილიყო...
- ბოლო დროს ხშირად მესმის საყვედურები თქვენი კოლეგების მისამართით, რასაც არ შემიძლია დავეთანხმო, ასეთ შეფასებას ის ადამიანები აკეთებენ, ვისაც თქვენს კოლეგებთან იშვიათი ურთიერთობა აქვთ. ჩემთან ინტერვიუზე თითქმის ყოველდღე მოდიან, როგორც უცხოელი, ისე ქართველი ჟურნალისტები. მართალია, აქტიურ პოლიტიკაში არა ვარ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მათთან ძალიან აქტიური ურთიერთობა მაქვს და თამამად შემიძლია ვთქვა: საკმაოდ კარგად ინფორმირებული, მოაზროვნე, კვალიფიციური და რაც მთავარია, ნიჭიერი ჟურნალისტური სპექტრი გვყავს. თან, ვატყობ, რომ პროფესიულად ყოველდღიურად იზრდებიან... თავისთავად, ჩვენ არ გვეყოლება ისეთი ჯანსაღი და თავისუფალი მედია, როგორიც ამერიკაში ან საფრანგეთშია, რადგან საქართველოს მათგან განსხვავებული წარსული აქვს, რაც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზეც აისახა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართულ ჟურნალისტიკას პროფესიონალები არ ჰყავს - ქართული თავისუფალი სიტყვის ახალგაზრდა მსახურებს მეტისმეტს ნუ მოვთხოვთ.
- მერიამ პრესის ჯიხურებს შეუტია, რაც ზოგმა ბიზნესინტერესად აღიქვა, ბევრმა კი აღნიშნა, რომ ეს პრესაზე მიტანილი იერიშია...
- ჩემი მმართველობის პერიოდზე ბევრი რამე შეიძლება თქვან, მაგრამ პრესის შეზღუდვას ვერავინ დამაბრალებს და ამით ძალიან ვამაყობ... დემოკრატიულ ქვეყანაში პრესის მიმართ ხელისუფლებას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. თუ ჩვენთან ასე არ ხდება, ეს პრესის კი არა, ხელისუფლების ბრალია. მნიშვნელობა არ აქვს, პრესა რა სახით იზღუდება, - ასეთი ნაბიჯი მარტო პრესის კი არა, საზოგადოების წინაშეც დანაშაულია.
- სხვა საკითხებზეც გკითხავთ - საზოგადოებაში გაჩნდა იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პერსონაა, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება შეუძლია...
- დიახ, ამ მოსაზრებას მთლიანად ვეთანხმები. ის მართლაც ერთადერთი პიროვნებაა, ვისაც როგორც საგარეო, ისე შიდა პრობლემების მოგვარება შეუძლია. შიდა პრობლემებში როგორც დაკარგულ ტერიტორიებს, ისე ეკონომიკაში მოუგვარებელ არაერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს ვგულისხმობ... პირველად ბიძინა ივანიშვილს მაშინ შევხვდი, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად სამების საკათედრო ტაძრის საძირკველი გაიჭრა. მშენებლობა კი დავიწყეთ, მაგრამ საკმარისი თანხა არ გვქონდა. მირჩიეს, რუსეთში მოღვაწე წარმატებულ ბანკირ ბიძინა ივანიშვილს დავუკავშირდეთ, უარს არ გვეტყვისო, - ასეც მოვიქეცი. იცით, რამ გამაოცა? - მას არ უკითხავს, რა რაოდენობის თანხა იყო საჭირო. ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეძლებული კაცი გახლდათ, მისგან მოკრძალება ვიგრძენი... ამ მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებაში გარკვეული წვლილი ჩვენს საზოგადოებასაც მიუძღვის, მაგრამ მთავარი ფინანსური სახსრები ბატონი ბიძინა ივანიშვილის იყო. ეს მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია ისეთ ქვეყანაში, სადაც რწმენა საზოგადოების მსოფლმხედველობის განმსაზღვრელია. ადამიანი, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარი ააშენა, უფრო დაფასებული უნდა იყოს.
- რუსეთთან, კონკრეტულად კი, რუს პოლიტიკოსებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გაქვთ. ივანიშვილმა რომ გკითხოთ, რა პროცესებით დაიწყოს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის მოგვარება, რას ურჩევდით?
- ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და სანამ სახელმწიფოს მეთაური გახდება, მას უკვე ნაფიქრი ექნება, როგორ მიუდგეს ამ საკითხებს. ისეთ პიროვნებას არ ჰგავს, ვინც გადაწყვეტილებებს იმპულსურად იღებს. გარდა ამისა, ის დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში, სადაც ძალიან წარმატებული ბიზნესი ჰქონდა; თუ მის წარსულს გავითვალისწინებთ, წამყვან რუს პოლიტიკოსებთანაც კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა, თუმცა მათ შორის დიმიტრი მედვევევს არ ვგულისხმობ. იგი შედარებით გვიან გამოჩნდა რუსულ პოლიტიკაში და მაშინ ბატონი ივანიშვილი უკვე საქართველოში იქნებოდა. თუმცა ივანიშვილს იმ ადამიანებთანაც შეუძლია დალაპარაკება, ვინც რუსეთში პოლიტიკურ ამინდს ქმნის და მიმაჩნია, რომ ამ რესურსს გამოიყენებს.
- ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს ყველანაირი მეთოდით ებრძვის. რაზე მიანიშნებს ეს, ოპონენტის ძლიერებაზე?
- დიახ, ხელისუფლებამ ნახა, თუ რა რეაქცია მოჰყვა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას და შეშინებულია. მათ არც ის გამოჰპარვიათ, რომ აქამდე ნეიტრალურად განწყობილი ადამიანებიც კი ივანიშვილის მომხრეთა რიცხვში აღმოჩნდნენ, რადგან საზოგადოებას სიღატაკეში ცხოვრება ყელში ამოუვიდა, - რამდენი კონცერტიც უნდა ჩაატარონ, ზეიმით ქვეყანაში არსებულ გაჭირვებას ვერ დაჩრდილავენ... ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა, რასაც არ აკეთებს. არადა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის ყველაზე დიდი ბაზარია... ერთ-ერთი მეც ვარ, ვინც რუსეთის პოლიტიკური ანატომია კარგად იცის და ვაღიარებ, რომ მასთან ურთიერთობისას ამოსავალი წერტილი სხვა რამ უნდა იყოს, - ამ ქვეყანას საქართველოსთვის სიკეთეც გაუკეთებია; მაგალითად, სანამ რუსები შემოვიდოდნენ, ქართველ ბავშვებს სტამბოლის ბაზარზე ყიდდნენ... მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად კი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, მაგრამ არათანმიმდევრულად მოქმედებს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას რუსეთში აანალიზებენ და რაც უნდა იძახონ, - "რუსები უტვინოები არიანო" - არ არის ასე; იქ ჭკვიანი ხალხი მუშაობს და მათი აზრი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ძალზე მნიშვნელოვანია.
- სპეციალისტების აზრით, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობით ვერ მოვა. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?
- ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ არის, - ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. ვიცი, რომ რაიონებში ხელისუფლების წნეხი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, გახშირდება პროვოკაციებიც. ისინი უკან ადვილად არ დაიხევენ, მაგრამ ჯერჯერობით ივანიშვილის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შანსი მაინც რეალურია, ბუნების კანონზომიერება სწორედ ისაა, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ამისთვის კი საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, რადგან ზოგიერთ საერთაშორისო კვლევასა და სახელმწიფო არხებს თუ დავუჯერებთ, მიხეილ სააკაშვილი და მმართველი პარტია ლიდერობს. არადა, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, პიარითა და კონცერტებით ქვეყანა აშენებულიყოს. ტურისტებისთვის მიმზიდველი მაშინ ვიქნებით, როცა ძლიერი ეკონომიკა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა გვექნება, თორემ კონცერტს სხვა ქვეყანაში ან სულაც ინტერნეტში უყურებენ. ასევე ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი პრიორიტეტი ვერასდროს გახდება, რადგან ის ეკონომიკის ერთ-ერთი ელემენტია... ივანიშვილი წლების განმავლობაში ეხმარებოდა სახელმწიფოს და მან კარგად იცის, სად, რა სფეროში უჭირს ქვეყანას. ამიტომაც მაქვს მისი იმედი.
- მის გარემოცვაზე რას იტყვით?
- ახლოს არც ერთს არ ვიცნობ, თუმცა ირაკლი ალასანია და ირაკლი სესიაშვილი ჭკვიანი ბიჭები ჩანან და პატივს ვცემ. ალასანიას უკვე დიდი გამოცდილება აქვს, "რესპუბლიკურ პარტიასაც" ძლიერი კადრები ჰყავს, მათზე დაყრდნობა შეიძლება.
- ივანიშვილს ხშირად ადანაშაულებენ, რუსეთს ოკუპანტად არასდროს მოიხსენიებსო...
- ჩვენ, მე და მიხეილ სააკაშვილი მოვიხსენიებდით, ასეა დღემდე, მაგრამ ქვეყნის სასიკეთოდ შეიცვალა რამე?!. საქართველოში აგენტომანიაა, ვერ გავცდით ამას, - ყველას ამას აბრალებენ. კაცმა რუსეთში ფული იშოვა და ამ თანხის დიდი ნაწილი თავის ქვეყანას, ხალხს მოახმარა და ახლა გახდა აგენტი?!. ასეთ წარმატებულ ფინანსისტს აგენტობა რაში სჭირდება?! იმედი, მაქვს, როცა ივანიშვილი სახელმწიფოს მეთაური გახდება, რუსეთთან კონსენსუსს მიაღწევს და დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს.
- მთავრობის ახალ გეგმებზეც გკითხავთ: ფოთსა და ყულევს შორის, საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი, ლაზიკა უნდა ააშენონ, სადაც 500 ათასი ადამიანი უნდა დასახლდეს...
- იცით, იმ ადგილას პორტის აშენების პროექტზე ჯერ კიდევ ჩემი პრეზიდენტობის დროს იყო საუბარი, მაგრამ დიდი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დავდექით და ეს იდეა ვერ განხორციელდა. ისე კი თანხა, რომელიც ლაზიკის აშენებაში უნდა ჩაიდოს, ჯობს, ფოთს მოხმარდეს. ქართული ეკონომიკისთვის ეს უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი იქნებოდა. იმ ადგილას ჭაობის დაშრობას აპირებენ, რაზეც ალბათ სერიოზული და საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩატარდეს, რათა კატასტროფის წინაშე არ დავდგეთ. ცნობისთვის, ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძემ დააარსა, შემდეგ კი, რამდენი თაობაც მოვიდა, ყველამ რაღაც შევმატეთ. ჩემი მმართველობის დროს, სამწუხაროდ, ბევრი რამ ვერ განვახორციელე, ნაწილობრივ განვითარდა ინფრასტრუქტურა, 1999 წელს სუფსის ტერმინალის პარალელურად, "ფოთი-ილიჩოვსკის" რკინიგზის ბორანი ამოქმედდა..
- ივანიშვილის მოსვლამდე ქართული ოპოზიცია ლამის ერთხმად აღიარებდა, რომ ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას ვერ უწევდა... გამოდის, რომ პოლიტიკაში ყველაფერს ფინანსები წყვეტს?
- არა მხოლოდ ფინანსები, პოლიტიკოსის წარსული და მისი მსოფლმხედველობა. ბიძინა ბუნებით რეფორმატორი კაცია, ამასთან, ფინანსური მდგომარეობაც ხელს უწყობს და ეს ბევრ რამეს განაპირობებს. გარდა ამისა, იგი ძალიან კარგი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს. ეს კი ჩვენს რეალობაში ცოტა ნამდვილად არ არის.
- თუმცა ფრაზა, რომელსაც მის მიმართ იყენებენ - კარგი ბიზნესმენი კარგ პოლიტიკოსს არ ნიშნავს, - ალბათ მცდარი არ არის...
- ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი გამონაკლისია. მოსკოვში მიხეილ ხუბუტიაც მოღვაწეობს, მასაც წარმატებული ბიზნესი აქვს და დიდი ქონების მფლობელია, მაგრამ მას ქართულ პოლიტიკაში მოსვლის, მით უფრო წარმატების შანსი არ აქვს, მაგრამ ჩვენ ივანიშვილზე ვსაუბრობთ, რომელსაც ერის წინაშე დიდი ღვაწლი აქვს.
- თქვენი აზრით, რა მოხდებოდა მაშინ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თქვენი მმართველობის დროს რომ წასულიყო?
- იმ წლებში მისი პოლიტიკაში წასვლის აუცილებლობა არ იყო... ჩვენ გაცნობის დღიდან ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ ეს ვერც წარმომიდგენია.
- დასასრულ, ბატონო ედუარდ, რა ძირითადი განსხვავებაა თქვენსა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობებს შორის?
- შედარებებს არასდროს ვაკეთებ, მაგრამ 2003 წლის ნოემბერში მე მშვიდობიანად წავედი მმართველობიდან. არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილიც ასე მოიქცევა თუ არა. ამიტომაც ვთქვი, ბიძინა ივანიშვილი ძალიან თანმიმდევრული უნდა იყოს-მეთქი.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)