გავრცელებული ინფორმაციით, დათხოვნილ მსახიობებს სერიალისა "შუა ქალაქში" ტელეკომპანია "რუსთავი 2" ეპატიჟება და თავის სერიალში დააკავებს.
სერიალი "კომედი გრუპის" ბაზაზე შეიქმნება და მას ალეკო მალხაზიშვილი უხელმძღვანელებს. "რუსთავი 2-თან" თანამშრომლობაზე უარი თქვეს ოთარ ტატიშვილმა, ნოდარ გურგენაშვილმა, ნიკა წულუკიძემ და ბაჩო ქაჯაიამ, ისინი რჩებიან სტუდია "ღამის შოუს" შემადგენლობაში. გვესაუბრება ალეკო მალხაზიშვილი:
- ალეკო, შევიტყვეთ, რომ "შუა ქალაქის" ძველი თაობის მსახიობების მონაწილეობით "კომედი გრუპი" ახალ სერიალს ამზადებს "რუსთავი 2-ისთვის", რომელსაც თქვენ უხელმძღვანელებთ...
- ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით...
- უარყოფთ ამ ინფორმაციას? ჩვენთვის ცნობილია, რომ უკვე კასტინგიც ჩაატარეთ ამ სერიალისთვის...
- ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, კასტინგი კი გვქონდა, მაგრამ რისთვის, ამას ვერ გეტყვით.
- ერთ-ერთ ინტერნეტგვერდზე მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მსახიობებს სერიალისა "შუა ქალაქში" მართლა დაუკავშირდა "რუსთავი 2" და თანამშრომლობა შესთავაზა, თქვენ რატომ ასაიდუმლოებთ ამ ამბავს?
- როდესაც დეტალები ზუსტად მეცოდინება, მე თვითონ შეგატყობინებთ, მეტს ვერაფერს გეტყვით.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)