დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა საკუთარი კატის, ლარის დათხოვნაზე უარი განაცხადა. თუმცა პრემიერის კატას ბოლო დროს ხშირად იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ დაუნინგ სტრიტის რეზიდენციაში თაგვები მომრავლდა.
ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ გამართული ვახშმის დროს, ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა თაგვი შენიშნა. კემერონმა მღრღნელს ვერცხლის ჩანგალი ესროლა, თუმცა ააცილა. ინციდენტის შემსწრე შრომისა და საპენსიო უზრუნველყოფის მინისტრმა იან დანკან სმიტმა სარკაზმულად იკითხა: რას აკეთებს ამ დროს ლარი? როგორც ვხედავ, საჭირო დროს მუქთახორობსო.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, დაითხოვენ თუ არა პრემიერის კატას, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლარის მრავალი ადამიანისთვის მოაქვს სიხარული.
ოთხფეხა ცხოველი დაუნინგ-სტრიტზე კატებისა და ძაღლების თავშესაფრიდან მიიყვანეს. პრემიერმა კატის აყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაუნინგ-სტრიტის რეზიდენციის ზღურბლზე ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ჩართვის დროს კადრში უზარმაზარი ვირთხა გამოჩნდა.
ლარის დახასიათებისას ამბობდნენ, რომ ის "პირველი კლასის მტაცებლურ უნარ-ჩვევებს ფლობდა", რომლებიც მან ლონდონის ქუჩებში ხეტიალის დროს შეიძინა.
ბრიტანელმა პრემიერმა "ბი-ბი-სი"-ს განუცხადა, რომ ლარი კარგი მონადირეა და სამთავრობო რეზიდენციაში "მუშაობის" დროს მან უკვე სამი თაგვი დაიჭირა.
ლარის მოვლის ხარჯები ბრიტანეთის ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდა, რის გამოც ბოლო დრომდე პრემიერ-მინისტრის თანაშემწეები იძულებულნი იყვნენ კატის საკვების ფული თავიანთი ჯიბიდან გაეღოთ. მთავრობამ ცხოველის კვების ხარჯების ასანაზღაურებლად საქველმოქმედო სახსრები მოიძია.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.