რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ნათლობის პროცედურას ცვლის. მალე ნათლობისთვის მოსაზმადებელი საბოლოო აქტი, რომელსაც "გამოცხადება" დაერქმევა, დამატებითი სავალდებულო პროცედურა გახდება.
რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ "რელიგიურ-საგანმანათლებლო და კატეხისტური მსახურების შესახებ" დოკუმენტის პროექტი მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "გამოცხადება" 12 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანთა წინასწარ გასაუბრებას გულისხმობს. მხოლოდ ის მოინათლება, ვინც ამ გასაუბრებას გაივლის.
დღემდე მოქმედი წესის თანახმად, მონათვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მრავალი ადამიანი ცრურწმენის გამო, მშობლების ზეწოლით, ეროვნული იდენტობის განსაზღვრისა მიზნით და ა.შ. მიზეზით ინათლებოდა. ცვლილებების მიზანი ის არის, რომ ამიერიდან ადამიანები გააზრებულად ეზიარონ სარწმუნოებას. სწორედ ამ მიზნით გადაწყდა ნათლობის საიდუმლოსთვის მომზადების ძველი ტრადიციის აღდგენა.
პირველი გასაუბრების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მონათვლის მოტივებს, ქრისტიანული არსის გაცნობიერებას, შეკითხვებზე პასუხების გაცემასა და რწმენის შესახებ პირველად დამოძღვრას.
მეორე გასაუბრებაზე ნათლობის მსურველები ზოგადად უნდა დამოძღვრონ ქრისტიანული სარწმუნოებისა და ცხოვრების შესახებ და ძირითადი ბიბლიური მცნებები განუმარტონ. რწმენასთან ზიარების მსურველებს უნდა აუხსნან, რომ მონათვლის შემდეგ მან ქრისტეს სახარების შესაბამისად საკუთარი ცხოვრება უნდა შეცვალოს და სწორად აითვისოს ღვთის, სამყაროსა და ადამიანის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების ძირითადი ჭეშმარიტებანი.
მეორე გასაუბრების შემდეგ ან უშუალოდ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებამდე მოძღვარი მონათვლის მსურველს სინანულის შესახებ უნდა ესაუბროს, რისი მიზანიც ადამიანის მიერ საკუთარი ცოდვების გაცნობიერება და მონანიებაა. მორწმუნე მზად უნდა იყოს, უარი თქვას მათზე და ღვთისა და მისი ეკლესიის მორჩილებით ახალი ცხოვრება დაიწყოს.
ახალი დოკუმენტი გამონაკლისებსაც ითვალისწინებს, როცა წინასწარი გასაუბრებების ჩატარება უბრალოდ შეუძლებალია. ასეთ შემთხვევებს განეკუთვნება ავადმყოფობა და ჯარში გაწვევა. თუმცა გასაუბრების გარეშე მონათვლის შემთხვევაში, გასაუბრება ნათლობის შემდეგ პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა მოხდეს.
გასაუბრების პროცედურა არ ვრცელდება ჩვილებზე, თუმცა მათ მონათვლამდე საუბრები მათ მშობლებს ჩაუტარდებათ. სავარაუდოდ, მსგავს პროცედურებს ჯვრისწერისთვისაც დააწესებენ. დოკუმენტი 2013 წლის შემდეგ შევა ძალაში.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.