ბიზნესის განვითარება საბანკო სესხის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. სესხი, რომლსაც ბანკი მეწარმეს სთავაზობს, ბუნებრივია, ხელსაყრელი უნდა იყოს ორივე მხარისთვის. რა უნდა გავითვალისწინოთ ბიზნეს-სესხების გაფორმებისას და რას ითვალისწინებს ეს პროცედურა. თქვენს კითხვებს პროკრედიტბანკის მცირე ბიზნესის კოორდინატორი, ნუკრი თეთრაშვილი პასუხობს.
გამოგზავნილი შეკითხვები:
მკითხველი ქეთი: ბანკების მომსახურებით რეგულარულად ვსარგებლობ, ოღონდ ჯერ კრედიტი არ ამიღია. მაინტერესებს, რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინო კრედიტის აღებისას.
სესხზე განაცხადის შეტანისას გახსოვდეთ, რომ სესხის აღებას უკავშირდება სხვადასხვა ხარჯი. არ დაგავიწყდეთ საკრედიტო ექსპერტს სთხოვოთ, ყველა ხარჯი დეტალურად აგიხსნათ. თქვენ გაქვთ უფლება, იცოდეთ ზუსტად რა ეღირება თქვენი სესხი. გახსოვდეთ, რომ ხარჯების სტრუქტურა უნდა იყოს მარტივი, გამჭვირვალე და გასაგები. თუ ეს ასე არაა, შესაძლებელია ისეთი გადასახადების გადახდა მოგიწიოთ, რომელთა შესახებაც წარმოდგენა არ გქონდათ. ამიტომ შეეცადეთ, სესხის გაცემასთან დაკავშირებული არც ერთი
ხარჯი არ დარჩეს თქვენთვის გაუგებარი, ან უცნობი. სხვადასხვა ბანკის სესხების ღირებულების შედარებისას მხოლოდ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს კი ნუ შეადარებთ, არამედ ყურადღება მიაქციეთ ყველა სხვა
ხარჯსაც, რაც გავლენას იქონიებს თქვენი სესხის ღირებულებაზე. დამატებითი
ხარჯების გათვალისწინებით ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც სესხზე გადაიხდით, გაცილებით მაღალი იქნება.
მკითხველი მალხაზი: მაინტერესებს, რა პროცედურები უნდა გავიარო ბიზნეს-კრედიტის აღებისას და რამდენი დრო სჭირდება მათ. ნაცნობებისგან სხვადასხვა ვერსიები მესმის და მინდა, საბანკო ექსპერტის პასუხი მოვისმინო.
როცა ბიზნეს-კრედიტის აღებას გადაწყვეტთ, მიდიხართ ბანკში და ხვდებით საკრედიტო ექსპერტს, რომელიც გაგესაუბრებათ თქვენი ბიზნესის შესახებ და დაადგენს რისთვის გესაჭიროებათ კრედიტი. პასუხისმგებლობის მქონე ბანკი რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას ამოწმებს. იგი ცდილობს დაადგინოს, გაქვთ თუ არა უნარი, შეასრულოთ სასესხო ხელშეკრულების პირობები.
ბანკი პოტენციურ მსესხებელზე ინფორმაციის მიღებას ცდილობს. ხშირად, უმნიშვნელო თანხის სესხად ასაღებადაც კი ერთი შეხედვით უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემა გიწევთ და ეს მართლაც ასეა - სასესხო განაცხადის შევსება შეიძლებ მართლაც მომაბეზრებელი მოგეჩვენოთ; მაგრამ ბანკს, რომელიც პასუხისმგებლობით გასცემს სესხს, დეტალური ინფორმაცია სჭირდება, რათა არ დაუშვას, რომ თქვენ სესხის დაფარვა რაღაც დროის შემდეგ ვეღარ შეძლოთ, რადგან პირველ რიგში ეს თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ტოლფასია.
ბანკისათვის მიმდინარე ანგარიში ინფორმაციის კარგი წყაროა კლიენტის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად. მიმდინარე ანგარიშის ანალიზისას ბანკი ითვალისწინებს ანგარიშის მიმდინარე მდგომარეობას, ასევე ანგარიშზე ბრუნვას.
ზოგჯერ ბანკმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია სხვა ბანკისგან - როგორც წესი, უფრო კონკრეტული ინფორმაცია თქვენ მიერ სესხის დაფარვის ისტორიის, მიმდინარე სესხების ან ანგარიშზე ბრუნვის შესახებ. ყველა ამ ინფორმაციის შეგროვების და გაანალიზების შემდეგ ბანკი გადაწყვეტს, მოგცეთ თუ არა სესხი.
პროკრედიტ ბანკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კლიენტთან ადგილზე ვიზიტს და მისი ბიზნესის ფინანსურ ანალიზს, რომლის მიზანი კლიენტის რეალური შემოსავლის ოდენობის დადგენაა.
ბანკთან, ანუ თქვენს საკრედიტო ექსპერტთან საუბრისას იყავით გულახდილი და მიაწოდეთ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია, რადგან თუ ბანკმა შეამჩნია, რომ არასწორ ინფორმაციას აწვდით, აღარ გენდობათ და უარს გეტყვით სესხის გაცემაზე. საკრედიტო ექსპერტები გამოცდილები და კარგად მომზადებულები არიან იმის ამოსაცნობად, კლიენტები გულახდილები არიან თუ არა. მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულად გააანალიზოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა საკრედიტო ექსპერტთან ერთად, რომელსაც თქვენთვის პრაქტიკული რჩევების მოცემა შეუძლია. დაელაპარაკეთ საკრედიტო ექსპერტს, ჰკითხეთ რჩევა, გულწრფელად და გაზვიადების გარეშე ესაუბრეთ, რადგან ეს უპირველეს ყოვლისა თქვენს ინტერესებს ემსახურება. თამამად ჰკითხეთ ყველაფერი, რასაც ვერ გაიგებთ.
მკითხველი თაზო: მაქვს სტაბილური შემოსავალი, ოღონდ არა ბიზნესიდან. მინდა ბიზნესის დაწყება და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული მაქვს ამ მიმართულებით, თანაც შესაბამის სფეროში გარკვეული გამოცდილება უკვე მაქვს. მაინტერესებს, მივიღებ თუ არა ასეთი მონაცემებით ბიზნეს კრედიტს.
დიახ, თქვენ სრულად აკმაყოფილებთ პროკრედიტ ბანკის კრიტერიუმებს ე.წ. "სტარტაპ~ კრედიტის მისაღებად. ბანკები, როგორც წესი, სიფრთხილით ეკიდებიან ახლადდაარსებული ბიზნესის დაფინანსებას. თქვენს შემთხვევაში კი კრედიტი გაიცემა სტაბილური შემოსავლის საფუძველზე და გაითვალისწინება თქვენი გამოცდილება იმ სფეროში, რა სფეროშიც აპირებთ თქვენი ბიზნესით მოღვაწეობას.
მკითხველი ზურა: ყველა ოდენობის თანხაზე საჭიროა გირაოს ჩადება თუ უგირავნოდაც შეიძლება ბიზნეს კრედიტის აღება?
ბიზნეს კრედიტები 10 000 აშშ დოლარამდე/17 000 ლარამდე გირაოს გარეშე გაიცემა, თუ ვადა არ აღემატება 36 თვეს