"სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი, თუ იქ დიდი კაცი დაიბადება", - წერდა თავის დროზე მიხეილ ჯავახიშვილი. რამდენად დიდი კაცი იქნება ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილი? - ამ კითხვაზე უტყუარ პასუხს ისტორია გასცემს. მის მშობლიურ სოფელ ჭორვილას კი სახელი ნამდვილად "გაუვარდა". პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამაა ბურუსით მოცული, პასუხგაუცემელი კითხვაც მრავლადაა... იმისთვის, რომ იდუმალებით მოცულ (პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გრაფი მონტე-კრისტოდ მონათლულ) პიროვნებაზე რეალური წარმოდგენა შეგვქმნოდა, მის სახელთან დაკავშირებული ლეგენდების სისწორე გადაგვემოწმებინა და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა, სოფელ ჭორვილაში გავემგზავრეთ.
საჩხერის რაიონში შესვლისთანავე ფეშენებელური სპორტული კომპლექსი მოგვხვდა თვალში და რადგან მგზავრების საუბარში აყოლიება გვინდოდა, ხმამაღლა ვიკითხეთ, თუ ვის უნდა აეშენებინა სპორტული დარბაზი? "როგორ, არ იცით?" - შეიცხადა ჩვენ წინ მჯდომმა ქალბატონმა. - "აქ ყველაფერი, რაც კი თანამედროვე და ლამაზია, ბიძინა ივანიშვილმა ააშენა", - დასძინა მან, შემდეგ ნაცნობ მამაკაცს მიუბრუნდა და უთხრა: "ძალიან მიხარია, ბიძინამ პოლიტიკაში წასვლა რომ გადაწყვიტა, მომავლის რწმენა დამიბრუნდა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს, რასაც შეგვპირდა. მაგ კაცს თავისი სიტყვა ჯერ არ გაუტეხია". - "ბევრს გაუხარდა, ჩემო კარგო, მაგრამ ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, თავის აზრს ხმამაღლა ვერ გამოხატავს", - უპასუხა მამაკაცმა. "რატომ ფიქრობთ, რომ ვერ გამოხატავს?" - ვიკითხეთ ჩვენ. "იმიტომ, რომ უკეთეს შემთხვევაში, სამსახურიდან გაათავისუფლებენ, უარეს შემთხვევაში კი - დაიჭერენ", - გვიპასუხა მძღოლმა. ქალბატონი კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ერთ-ერთმა მგზავრმა, ხმადაბლა გადაულაპარაკა, - სამარშრუტო ტაქსიში ჟურნალისტები არიანო, - და პირზე თითის მიდებით ანიშნა, გაჩუმდიო. მგზავრები "ერთსულოვნად" გაჩუმდნენ. ჩვენ ისღა დავგვრჩენოდა, ჭორვილისკენ მიმავალი გზა გულისყურით დაგვეთვალიერებინა...
კეთილმოწყობილი საავტომობილო გზა, ფეშენებელური სკოლა, თანამედროვე ტიპის სახლები - ულამაზესი ეზოებითა და ორიგინალური ღობეებით სულაც არ გიქმნის იმ განწყობილებას, რომ იმერულ სოფელში ხარ. ჭორვილას ხშირად შვეიცარიულ სოფელს ადარებენ. შეიძლება, ვინმეს გადამეტებულ ნათქვამად ეჩვენება, მაგრამ გვერწმუნეთ - გაზვიადებული სულაც არ არის. ჩვენი პირველი გაჩერება ბიძინა ივანიშვილის სახლთან იყო. დაცვის თანამშრომელი თავაზიანად მოგვესალმა, მაგრამ გასაუბრებაზე ან სხვა მომსახურე პერსონალთან დაკავშირებაზე უარი გვითხრა და კარი მოგვიხურა. ჟურნალისტები, როდესაც კარს გვიხურავენ, ფანჯრიდან გადავდივართ... იმისთვის, რომ ფანჯრამდე მიგვეღწია, ჯერ გალავანზე უნდა გადავსულიყავით. ვცადეთ კიდეც, მაგრამ მხოლოდ ეზოს რამდენიმე ხედის გადაღება მოვახერხეთ, მეტის საშუალება დაცვამ და სიგნალიზაციამ არ მოგვცა...
ჩვენი მორიგი სამიზნე, ბატონი ბიძინას ერთ-ერთი მეზობელი, ბატონი ბონდო აღმოჩნდა. ეზოში მოფუსფუსე მასპინძელი ჭიშკართან მდგარი უცხო სტუმრებისკენ ჩქარი ნაბიჯით გამოემართა, მაგრამ ჟურნალისტების ხილვა აშკარად არ ესიამოვნა, საუბრისთვის თავის არიდების მიზნით, ჩვენი მოტყუებაც კი სცადა, - ბიძინას არ ვიცნობ, ამ სახლში სტუმრად ვარო. არადა, ჩვეულებრივ სოფლურ ყაიდაზე გამოწყობილი იმერელი გლეხი სტუმრის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა.
გადავწყვიტეთ, ლაპარაკში აგვეყოლიებინა და სიტყვა ჭორვილის ლამაზ ბუნებასა და კომფორტულ სახლებზე ჩამოვუგდეთ. ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა - ბატონი ბონდო საუბრის ეშხში მალევე შევიდა და წამოსცდა: "59 წელია, აქ ვცხოვრობ და არ მახსოვს, სოფელი ასე გამართულიყოს წელში". სიტყვაზე ჩავიჭირეთ და კომპენსაციის სახით, ბიძინას შესახებ თუნდაც ერთი საინტერესო ამბის მოყოლა ვთხოვეთ. აი, რა გვიამბო: "ჭკვიანი ბავშვი იყო, სკოლაში კარგად სწავლობდა. არც ფიზიკური შრომა ეზარებოდა. ყანაშიც მუშაობდა... ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. ერთ დღეს ქუჩაში დამინახა, მკითხა, - რა გჭირს, მოხრილი რატომ დადიხარო? - კუჭი მაწუხებს-მეთქი. იმ წუთშივე საჩხერის საავადმყოფოს მთავარ ექიმს დაუკავშირდა და ჩემი ოპერაციაც მაშინვე დაიგეგმა. ბიძინა რომ არ დამხმარებოდა, ვინ იცის, ახლა როგორ ვიქნებოდი?! ოპერაციის გაკეთებას ჩემი სახსრებით ნამდვილად ვერ შევძლებდი".
მისი ეზოდან ივანიშვილის სახლი ყველაზე კარგად ჩანს. ვიდრე ბატონი ბონდო ლაპარაკობდა, დრო ვიხელთეთ და სახლს სურათი გადავუღეთ. შესანიშნავი ფოტო იყო, მაგრამ მამაშვილურად გვთხოვა, - სურათი წაშალეთ, მეზობელთან საქმეს "ნუ წამიხდენთო". თხოვნა შევუსრულეთ და დავემშვიდობეთ.
გზაზე გამოსულებმა შევნიშნეთ, რომ ივანიშვილის სახლიდან ხანდაზმული მამაკაცი გამოვიდა. იქვე მოთამაშე ბავშვებისგან შევიტყვეთ, რომ ის ბიზნესმენის ბიძა, გოგია დვალი გახლდათ. როგორც კი სიტყვა "ჟურნალისტები" გაიგონა, ნაბიჯს აუჩქარა, მაგრამ სად გაგვექცეოდა?! ბატონ გოგიას აქეთ-იქით ამოვუდექით და დისშვილის შესახებ რამდენიმე კითხვა დავუსვით. ტყუილად გაგვიხარდა - რომ ვერ გაგვექცა, ისეთი შეუვალი აღმოჩნდა, სიტყვაც ვერ დავაცდენინეთ... ენაწყლიანი არც ივანიშვილების კედლის მეზობელი, - ბონდო ტყემალაძე აღმოჩნდა, მისგან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ მილიარდერი მეზობლებთან ურთიერთობისას დღემდე უშუალოა და ხანდახან უარს არც მათთან სტუმრობაზე ამბობს.
იმედგაცრუებულები სოფლის გზას ავუყევით. ცოტა ხანში ბურთით მოთამაშე ბავშვები შევნიშნეთ. უფროსებისგან განსხვავებით, პატარებს ჩვენთან საუბარზე უარი არ უთქვამთ. როგორც მათგან შევიტყვეთ, ჭორვილის საშუალო სკოლაში სპორტისა და კულტურის სხვადასხვა სახეობის წრეები ფუნქციონირებს და ეს ყველაფერი ნებისმიერი მოსწავლისთვის უფასოა. შემდეგი რესპონდენტი ინტერვიუზე იმ პირობით დაგვთანხმდა, თუ მის ვინაობას არ გავამხელდით.
- ბატონ ბიძინას რამდენად კარგად იცნობთ?
- მე ამ სოფლის რძალი ვარ. როდესაც აქ მომიყვანეს, ის უკვე სასწავლებლად, რუსეთში იყო წასული. პირველად ბიძინა თავის ქორწილში ვნახე. სხვათა შორის, ქორწილში ფული არავის "დაგვაწერინა".
- ოჯახი რომ შექმნა, უკვე მდიდარი იყო?
- ბიზნესი ახალი დაწყებული ჰქონდა, მაშინ ამის შესახებ ცოტამ თუ იცოდა. არც ისეთი მდიდარი იყო, როგორიც ახლაა.
- მის მეუღლეზე რას გვეტყვით?
- ძალიან უბრალო, კეთილშობილი გოგოა. ამბობენ, რომ ბიზნესის ნიჭი მასაც აქვს. კარგი დედა და მეუღლეა.
- ხომ არ იცით, როგორ გაიცნეს ერთმანეთი?
- როგორც ვიცი, ერთმანეთი გაურიგეს, ხვედელიძის ქალია.
- მათთან ურთიერთობას უპრობლემოდ ახერხებთ?
- აქ მხოლოდ ბიძინას დედა, ქალბატონი ციცინო ცხოვრობს. მისი ნახვა პრობლემა ნამდვილად არ არის. ხანდაზმული ქალია და ხშირად შეუძლოდაა. როცა თავს კარგად გრძნობს, ეზოს გარეთ გამოდის, "სკამეიკაზე" ჯდება და მეზობლებთან საუბრით იქცევს თავს. ისე, სულ ექიმების თანხლებით დადის. ბიძინაც ხშირად მოდის. ქუჩაში ჩავლილი არაერთხელ მინახავს. მეზობლებს თუ დაგვინახავს, აუცილებლად მოგვესალმება, მოგვიკითხავს...
- როდესაც მისი დახმარება გჭირდებათ, პირადად უკავშირდებით?
- თუ აქ არის, შესაძლოა, პირადადაც ვთხოვოთ რამე. ძირითადად, საქმის კურსში მის თანაშემწეს ვაყენებთ.
- ჩვენ ვნახეთ, რომ სოფელში ყველა სახლი ევროპული, თანამედროვე დიზაინით არის აშენებული. შენობის პროექტის მომზადებაზე ვინ ზრუნავს?
- სოფელში სპეციალური კომისიაა შექმნილი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. რაც კი ძველი, ავარიული სახლი იყო, ყველა დაანგრიეს და მათ მაგივრად ახალი ააშენეს. ბიძინა მხოლოდ ამ დახმარებით არ შემოიფარგლება. გაზის ქურები და გამათბობლები მთელი რაიონის მასშტაბით დაარიგა, ჭორვილელებს კი ტელევიზორი, მაცივარი და სარეცხი მანქანაც დაგვიმატა. გარდა ამისა, ანგარიშზე ყოველთვიურად 200 ლარს გვირიცხავს. ობლებს 500 ლარს ჩუქნის. როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, მისი გასვენების ხარჯი სრულად გაიღო. ასე ეხმარება ყველა ჭირისუფალს. ახალგაზრდებს კი გაბედნიერებას 3.000 დოლარით ულოცავს.
ინკოგნიტო რესპონდენტსაც დავემშვიდობეთ და იმ ეზოში შევედით, სადაც ძველი, ავარიული ნაგებობის გვერდით ახალი სახლის მშენებლობაა დაწყებული. შინ 80 წელს მიტანებული ქალბატონი დაგვხვდა, რომელმაც გაოცებულმა გვკითხა, - რა ამბავია, დედა, ამ ბოლო დროს ამდენი ჟურნალისტი რატომ დადიხართო? ჩვენი სტუმრობის მიზანი გაიგო თუ არა, ცოტა არ იყოს გაგულისებულმა შემოგვიტია, - რა გინდათ, რას გადაეკიდეთ ამ ღვთისნიერ კაცსო?! დავამშვიდეთ, ავუხსენით, რომ ივანიშვილს არაფერს ვერჩოდით, უბრალოდ გვინდოდა, ყველაფერი გაგვეგო იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ქართული პოლიტიკა თავდაყირა დააყენა. მასპინძელს გული უცებ მოულბა და გვითხრა, - დედა, მე პოლიტიკის არაფერი გამეგება, მარტო ის ვიცი, რომ ბიძინა ცუდს არაფერს გააკეთებსო.
- ასე დარწმუნებული რატომ ხართ?
- ჩემ თვალწინ გაიზარდა და იმიტომ. ძალიან კარგი ბავშვი იყო. საკუთარ სოფელზე გული ყოველთვის შესტკიოდა. ზუსტად ვიცი, ხალხისა და ქვეყნის საზიანოდ არაფერს გააკეთებს. იცით, რამდენი კაცი გადაარჩინა სიკვდილს?! საჩხერელებისთვის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობა უფასოა.
- ის თუ გახსოვთ, როგორი ბავშვი იყო?
- როგორ არ მახსოვს, ჩემს შვილებთან ერთად გაიზარდა. ფეხბურთს ერთად თამაშობდნენ. ისე, კარგი ონავარიც იყო. თხილსა და ბალს მპარავდა. რომ წამოიზარდა, მეხუმრებოდა, - შენი ბალი არ დამწიფდა, რომ ჩამოვკრიფოო?..
- იმ ხილის სანაცვლოდ ახლა სახლს გიშენებთ.
- ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს!
ბებოს დავემშვიდობეთ და ქუჩაში გამოვედით. ბატონი ბიძინას სახლთან ახლოს მის მეზობლებს მოეყარათ თავი. საღამო ხანს, მუშაობით დაღლილები, ერთმანეთთან საუბრით იქცევდნენ თავს. ჩვენც მეტი რა გვინდოდა? "ჟუჩოკები" საგულდაგულოდ დავმალეთ და თავაზიანად მივესალმეთ. ჩვენი სტუმრობის ამბავი თანასოფლელებისგან უკვე გაეგოთ. სამწუხაროდ, ლაპარაკის სურვილი არც მათ ჰქონდათ, პირდაპირ გვითხრეს, - ჩვენ რას გვეკითხებით, ხომ ხედავთ, სოფელში რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული; ისეთი სახლები აგვიშენა, გარეთ გამოსვლა აღარ გვინდაო. "ლიდერის თვისებები ბავშვობიდან ჰქონდა?" - ვეკითხებით ჩვენ. "მოურჯულებელი ბავშვი იყო", - ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა ერთ-ერთი.
- მაინც რას აკეთებდა?
- ძალიან დაუმორჩილებელი მოსწავლე იყო. სკოლის დირექტორიც კი ვერაფერს უხერხებდა. თავისნათქვამა იყო, სულ რაღაცას აპროტესტებდა. ჩვენს "ატამანს" ვეძახდით. ხილის მოსაპარად ერთად დავდიოდით.
- სკოლაში შეყვარებული არ ჰყავდა?
- ჭორვილაში არავინ ჰყვარებია და სხვაგან თუ უყვარდა ვინმე, ეგ აღარ ვიცი.
- დღეს როცა გხვდებათ, რა თემაზე გელაპარაკებათ?
- ბავშვობას ვიხსენებთ - აბა, პოლიტიკაზე ხომ არ ვილაპარაკებთ!
- რატომაც არა?
- არა, ამ თემაზე არასდროს გვილაპარაკია. არც კი ვიცოდით, პოლიტიკაში მოსვლას თუ აპირებდა.
- იმედი გაქვთ, რომ ხელისუფლებაში მოვა?
- ეგ როგორი კაცია, იცით? რამეს რომ იტყვის, გამორიცხულია, რომ არ შეასრულოს.
- ამბობენ, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებსო...
- გამორიცხულია! ეგ როგორ შეიძლება დავიჯეროთ?! სამშობლოს მოყვარული კაცია, რაიონზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ ოჯახზე. საქართველოს სხვა სოფლები ხალხისგან იცლება, ჭორვილაში კი ზოგიერთი, ქალაქიდანაც დაბრუნდა. დღეს სოფელში ათასამდე კომლი ცხოვრობს. ხალხისგან დაცლილი, გაღატაკებული სოფელი ააღორძინა და თავიდან გააცოცხლა. ვინც მას მოღალატეობას სწამებს, გვითხრას, თავად რა გააკეთა ხალხისთვის?..
- სოფელში რითი ხართ დასაქმებული?
- უამრავი სამუშაოა: ზოგი მიწათმოქმედებას მისდევს, ზოგი მშენებლობაზე მუშაობს... სხვა სოფლებიდან და ქალაქებიდან ქართველები საზღვარგარეთ მიდიან სამსახურის საძებნელად, ჩვენ აქვე გვაქვს სამუშაო.
- ამბობენ, რომ 2 თვის წინ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილთან პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდა. მისი ესკორტი ხომ არ შეგინიშნავთ?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ყველამ თავი შეიკავა. მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ბიჭი აღმოჩნდა გაბედული - ნათქვამი დაგვიდასტურა და თან ისიც დააყოლა, ეს ამბავი ძალიან შინაურული წრიდან გამოვიდაო. ჩავეძიეთ, მაგრამ თანასოფლელებმა ანიშნეს, რომ გაჩუმებულიყო და ისიც მათ "ბრძანებას" დაემორჩილა.
მოსაღამოვდა... ქუჩაში მდგარი იმერლები საკუთარი სახლებისკენ გაეშურნენ. ჩვენი წამოსვლის დროც დადგა. ერთხანს კვლავ ივანიშვილის სახლთან შევყოვნდით. მის ბიძაშვილსაც შევხვდით, მაგრამ ლაპარაკი არ ისურვა. მოკლედ, იმ დღეს ჭორვილაში თითქმის ყველა დუმდა. ბიძინა ივანიშვილზე მისი გაკეთებული საქმე უფრო მეტს "ლაპარაკობს", ვიდრე თანასოფლელები. ჭორვილა ერთი სურვილით დავტოვეთ: მალე საქართველოს ყველა სოფელი მასავით აშენებული და დამშვენებული გვენახოს.
ხათუნა ბახტურიძე
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)