საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყნის სახელწოდებაა "საქართველო" და არა "საქართველოს რესპუბლიკა", რაც მიანიშნებს, რომ კონსტიტუციის მამებმა მონარქიის აღდგენის ალბათობა გაითვალისწინეს.
ამ მნიშვნელოვან საკითხსა და ბაგრატიონთა დინასტიის ორი შტოს წარმომადგენელთა ქორწინებაზე, რომელიც უკვე მოინათლა "საუკუნის ქორწინებად", ისტორიკოსი იოსებ ბიჭიკაშვილი გვესაუბრება.
- დღევანდელ საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ფონზე რეალურად გესახებათ მონარქიის აღდგენა?
- უპირველესად, ამისთვის ხალხი უნდა იყოს მზად, მომზადდეს სათანადო ნიადაგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ლაპარაკია კონსტიტუციურ და არა აბსოლუტურ მონარქიაზე, რადგან არც აფრიკული ქვეყანა ვართ და არც არაბეთის გაერთიანებული საამიროები.
მონარქიის აღდგენას საზოგადოების დიდი ნაწილი ქვეყნის, ერის გამთლიანების გზად მიიჩნევს, თუმცა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და არა მხოლოდ პოლიტიკოსმა, ამ თემით სპეკულირებაც წამოიწყო.
- როგორ უნდა დადგინდეს, ვინ არის საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე?
- ამისაკენ ნაბიჯი, უპირველესად, ბაგრატიონთა საგვარეულომ გადადგა 2006 წლის მემორანდუმით, რომლის თანახმადაც, ამ საგვარეულოს ყველა შტოს წარმომადგენელმა, კერძოდ: ბაგრატიონ-გრუზინსკებმა, ბაგრატიონ-იმერეტინსკებმა, ბაგრატიონ-მუხრანელებმა, ბაგრატიონ-დავითაშვილებმა და ბაგრატიონ-ბაბადიშევებმა აღიარეს და ხელი მოაწერეს ბაგრატიონ-გრუზინსკების, როგორც ერეკლე მეორისა და გიორგი მეთორმეტის შთამომავლების უპირატესობას მთელ დინასტიაში.
აგრეთვე, მნიშვნელოვანია 1790 წლის "ივერიელთა ტრაქტატის" სახელწოდებით ცნობილი ხელშეკრულება, რომელიც მისი უწმინდესობის ძალისხმევით მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.
ამ ტრაქტატის მესამე მუხლში მეფე ერეკლე წერს: "ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა, ვითარცა მამა საზოგადო მათი". ამ ტრაქტატიდან მკაფიოდ ჩანს მეფე ერეკლეს ტახტის ლეგიტიმური უპირატესობა იმერეთის ტახტისა და სამეგრელოსა და გურიის სამთავროების მიმართ. ტრაქტატს ხელს აწერენ მეფე ერეკლე II, მეფე სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი.
- ვინ უნდა მივიჩნიოთ სამეფო სახლის მეთაურად, გვარში უფროსად?
- XIX საუკუნეში, იმის გასარჩევად, რომელი ბაგრატიონი იყო სამეფო წარმომავლობისა და რომელი თავადურისა, რუსებმა შემოიღეს ამგვარი პირობითი დაყოფა: გრუზინსკი, რაც ნიშნავს "საქართველოისა" ანუ საქართველოს სამეფო ოჯახის კუთვნილებას, იმერეტინსკი - იმერეთის სამეფო ოჯახის კუთვნილებას, ხოლო მუხრანსკი, დავიდოვი და ბაბადიშევი - თავადურ განშტოებებს.
"სპეციალური კომისიის მუშაობის შედეგად, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ 1865 წელს გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც განისაზღვრა, რომელი ბაგრატიონი მიეკუთვნებოდა სამეფო ხაზს და რომელი - თავადურს. ამ ბრძანების თანახმად, ქართველ მეფეთა შთამომავლებს, კერძოდ ერეკლე II-ის, გიორგი XII-ის, სოლომონ I-ის და დავით II-ის მემკვიდრეებს მიენიჭათ "უგანათლებულესი თავადების" ტიტული. რაც შეეხება დღევანდელ გაუგებრობებს, ეს სათავეს იღებს მხოლოდ მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან.
ბაგრატიონთა გენეალოგიური ტაბულა მე-19 საუკუნეში შეადგინა ცნობილმა ისტორიკოსმა თეიმურაზ ბატონიშვილმა, საიდანაც ნათლად ჩანს, ვინ არის ბაგრატიონთა სახლში უფროსი ბაგრატიონი, ანუ მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, ვის ეკუთვნის სამეფო ტახტი.
აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის ყველა აჯანყება, სახალხო გამოსვლა საქართველოში მიზნად ისახავდა ან ერეკლე მეორის, ან გიორგი XII-ის შთამომავალთა, ანუ ბაგრატიონ-გრუზინსკების ტახტზე ასვლას. ეს კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული დასავლეთ საქართველოს იმდროინდელ მოღვაწეებსაც.
- მე-20 საუკუნის 1940-იან წლებში ქართული ემიგრაციის 14-მა წარმომადგენელმა საქართველოს ტახტის მემკვიდრედ "აირჩია" ესპანეთში მცხოვრები თავადი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი, დავით ბაგრატიონის ბაბუა.
- რაც შეეხება ამ ფაქტს, 1783 წლიდან, გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით, რუსეთმა აღიარა ერეკლე მეორის უპირატესობა ყველა ბაგრატიონთა შორის, რადგან მეფე ერეკლე II თავის თავში ბაგრატიონთა არაერთ ხაზს აერთიანებდა: ის იყო ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი VIII-ის პირდაპირი შთამომავალი, რომ არა XV საუკუნიდან ქვეყნის სამთავროებად დაყოფა, გვარში უფროსობას გიორგი მეფის ვაჟი, შემდგომში კახეთის მეფე ალექსანდრე პირველი განაგრძობდა. ნებისმიერ სახელმწიფოში კანონმდებლობა უპირატესობას ლეგიტიმურობას ანიჭებს, ნებისმიერ სხვა ნაბიჯს ძალაუფლების უზურპაცია ჰქვია.
რაც შეეხება ქართული ემიგრაციის მიერ ტახტის მემკვიდრედ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის "არჩევას", დამაფიქრებელია, რადგან მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ იმხანად საქართველოში ცხოვრობდა ბაგრატიონთა სამეფო სახლის დე ფაქტო მეთაური.
1910 წელს, გიორგი XII შვილიშვილის, ბატონიშვილ ოლგას მიერ შედგენილ გენეალოგიაში, ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონის ბაბუაზე, პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკიზე აღნიშნულია: "დღეს ის სამეფო გვარში უფროსია".
თუმცა, გასათვალისწინებელია ის პოლიტიკური სიტუაცია, რომელშიც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ეს მოხდა 1942 წელს, ბერლინში, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. გერმანელებს ძალზე სჭირდებოდათ ბაქოს ნავთობი, ბაქოსკენ გზა კი თბილისზე გადიოდა. იმდროინდელი გერმანიის მმართველმა წრეებმა ქართული კარტი გაათამაშეს - სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან - საბჭოთა რუსეთისგან გათავისუფლების შემდეგ საქართველოში მონარქიის აღდგენის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. 1942 წელს შეიკრიბნენ ქართველი ემიგრანტები და საქართველოს ტახტის მემკვიდრის "არჩევნები" გაიმართა.
წარადგინეს 2 კანდიდატურა - ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი და სიმონ ციციშვილი. სიმონ ციციშვილი ერეკლე მეორის მეხუთე ასულის შთამომავალი იყო, ხოლო ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი ერეკლე მეორის მეცხრე ქალიშვილის, ქეთევანის შთამომავალი. სიმონ ციციშვილმა უარი თქვა და ტახტის მემკვიდრედ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი "აირჩიეს". თვით სამეფოს არსებობის პერიოდში კი ბაგრატიონ-მუხრანელებს მეფობაზე პრეტენზია არასოდეს განუცხადებიათ.
- დიდი ხმაური მოჰყვა დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინებას, შემდეგ დაშორებასა და კვლავ შერიგებას. საზოგადოების წარმომადგენლებმა ეს წყვილი არაერთხელ გააკრიტიკეს, არ წყდება მითქმა-მოთქმა...
- გარკვეული პოლიტიკური წრეებისგან აგრესია მართლაც იგრძნობა. საერთოდ, ოჯახური ურთიერთობები დელიკატური თემაა. ჯერ კიდევ 2006 წელს ბაგრატიონთა სახლმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა აღიარა ბაგრატიონთა სახლის მეთაურად, რაც ხელმოწერებითაც დადასტურდა, ეს მემორანდუმი მალე გამოქვეყნდება, მას ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლების 95-მა პროცენტმა მოაწერა ხელი.
- ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილები პირველი მეუღლისგან, გრიგოლ მალანიასგან, ბაგრატიონ-გრუზინსკები არიან?
- დიახ, ასეა. ქორწინება დინასტიური კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. სიძე ქართულ ისტორიულ "ზედსიძეობის" წესს დაექვემდებარა და შესაბამისად დაბადებული ბავშვები დედის სამეფო გვარზე დაიწერა.
- დავით ბაგრატიონი თუ არის თანახმა, მისი ახალშობილი ვაჟი - გიორგი - ბაგრატიონ-გრუზინსკი იყოს?
- ჯერჯერობით ეს ნაბიჯი მას არ გადაუდგამს, რაც საშუალებას არ აძლევს სამეფო სახლის მეთაურს, ბატონიშვილ ნუგზარს, სპეციალური დეკრეტით აღიაროს თავისი ახალშობილი შვილიშვილის უპირატესობა მემკვიდრეობით ხაზში. დავითის მხრიდან დინასტიური ხელშეკრულების ხელმოუწერლობით ახალშობილი ჯერჯერობით ითვლება მუხრანელ ბაგრატიონთა თავადური გვარის გამგრძელებლად, რაც საშუალებას არ აძლევს ბავშვის ბაბუას, აღიაროს იგი თავის მომავალ მემკვიდრედ. გამოდის, რომ დავითი თვითონ ეწინააღმდეგება თავისი შვილის ტახტის მემკვიდრედ აღიარებას.
ბავშვი დაიბადა, სულ რამდენიმე კვირის არის და იმის ნაცვლად, რომ ყველა ეფერებოდეს, ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, როგორ წარიმართება ამ ბავშვის ბედ-იღბალი,
- თუ გიორგი ბაგრატიონს სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარებენ, ის პატრიარქის მეურვეობის ქვეშ აღიზრდება?
- კიდევ ვიმეორებ, თუ მისი მამა ისტორიულ რეალობას აღიარებს და დაექვემდებარება დინასტიურ სამართალს, ამის შემდეგ სამეფო სახლი, საპატრიარქოსთან ერთად, გიორგი ბაგრატიონის მომავალზე იზრუნებს, ხოლო რაც შეეხება მონარქიის აღდგენა - არაღდგენას, ეს ქართველი ერის გადასაწყვეტია.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)