თუ საქართველო მართლმადიდებლურ სარწმუნოებას შეინარჩუნებს, ჩვენ ვცხონდებით და ქვეყანა გადარჩება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
უწმინდესმა ქადაგება იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ისტორიით დაიწყო. პატრიარქის თქმით, რთულია ადამიანის ბუნება, ჯოჯოხეთიდან შეიძლება ზეცად ამაღლდეს ან პირიქით, შეიძლება დაეცეს. "დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, საით მივდივართ, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით მომავალში", - აღნიშნა ილია მეორემ.
უწმინდესის განცხადებით, ქართველ ერს უნდა ახსოვდეს, რომ ის მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც წინაპრებმა შემოინახეს, არის საქართველოს საცხონებელი საშუალება. "სიკეთე, რომელიც უფალმა ქართველ ადამიანებს გვიბოძა - სიყვარული, თანადგომა, გაჭირვებული ადამიანის დახმარება, შენდობა, პატიება - ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვცხონდებით და საქართველო გადარჩება", - აღნიშნა პატრიარქმა.
დღესვე უწმინდესმა მამა გიორგი ფეიქრიშვილი გაწეული ღვაწლისთვის მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.