გიგი დედალამაზიშვილმა მთელი ზაფხული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქეთ-იქით სიარულში გაატარა. მიზეზი უკვე ყველამ იცის - ის სოფო ხალვაშსა და ჟურნალისტ ნიკო ნერგაძესთან ერთად "ჯეოსტარის" ჟიურის წევრია.
მეორე ტურში, როცა თბილისის კასტინგებიც დასრულდება, ამ სამეულს მარინა ბერიძეც შეუერთდება, მანამდე კი გიგის, სოფოსა და ნიკოს ერთი ამოცანა ჰქონდათ, მეორე ტურში გადაეყვანათ არა მხოლოდ კარგი ვოკალური მონაცემების, არამედ გარკვეული ქარიზმის მქონე კონკურსანტიც, რომელიც შეძლებს მაყურებლის მოხიბვლას.
როგორც გიგიმ გვითხრა, ეს არცთუ ადვილი ამოცანა იყო.
- ის, რომ ჟიურის წევრი უნდა გავმხდარიყავი, კასტინგების დაწყებამდე სამი-ოთხი დღით ადრე დამტკიცდა. მართლა ძალიან ვინერვიულე. უბრალოდ, ძალიან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ვიღაც რომ უნდა განსაჯო და მისი ბედი გაადაწყვიტე, ცუდი მომენტია, თუმცა, მეორე მხრივ, ვიფიქრე, რომ ჩემი იქ ყოფნით შემეძლო, ვიღაცას დავხმარებოდი. "ჯეოსტარზე" პროფესიონალების გუნდი მუშაობს, ამიტომ არა მგონია, რომ ჩემ გარეშე გასჭირვებოდათ ახალი ვარსკვლავების აღმოჩენა, მაგრამ ასე მოხდა...
- როგორ შეეგუე ჟიურის სხვა წევრებს?
- სოფოს დიდი ხანია ვიცნობ, დიდ პატივს ვცემ და კარგი ურთიერთობა მაქვს. ნიკოს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მის ბლოგებსა და წერილებს მუდმივად ვეცნობოდი და მისი მუსიკალური აზროვნება მომწონს.
ჟიურის სამივე წევრი ისე შევთამაშდით, რომ ყველას საკუთარი ფუნქცია გვქონდა - სოფო ვოკალის მხრივ ეუბნებოდა შენიშვნებს, თუ სმენასთან იყო პრობლემა ან სხვა მხრივ, ამას სოფო წყვეტდა, შემდეგ მე ვერთვებოდი და უფრო მეტად ქარიზმა მაინტერესებდა, ამას ვაფასებდი, საბოლოოდ კი ნიკო აჯამებდა ყველაფერს და გარკვეულ დასკვნასაც აკეთებდა. "ჯეოსტარის" პირველივე ტურზე მოსულ კონკურსანტში უნდა დავინახოთ, მოიგებს თუ არა ამ კონკურსს.
ბევრი მღეროდა კარგად, მაგრამ ვხვდებოდით, რომ ის ვერ მოიგებდა "ჯეოსტარს". ამოცანა ასეთი იყო - უნდა შეგვერჩია ისეთი კონკურსანტები, რომლებიც პოტენციურად კონკურსის მომგებები არიან.
- რომელ ქალაქებში იყავით?
- გახლდით თელავში, გორში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ქუთაისში.
- სოფომ გვითხრა ინტერვიუში, რომ სიცილის შეკავება გიძნელდებოდათ...
- იყო მომენტები, როდესაც გვეცინებოდა. ზოგიერთი კონკურსანტი თავადაც ხვდებოდა რაში იყო საქმე. თავადაც ხვდებოდა, რომ უნდა გაგვცინებოდა და მასთან ვიხსნებოდით, იმდენად კარგი აურით შემოდიოდა. ზოგი კი პირიქით.
ყველა ქალაქში სხვადასხვანაირი ტიპები შემოდიოდნენ. კახეთსა და გორში ძალიან კონსერვატიული ხალხი დაგვხვდა. შემოდიოდნენ, იმღერებდნენ, როცა ვეტყოდით, უკაცრავად, მაგრამ შემდეგ ტურში ვერ გადაგიყვანთო, მადლობას გვიხდიდნენ და მშვიდად ტოვებდნენ იქაურობას.
- წინა კასტინგებიდან გვახსოვს კონკურსანტი, რომელმაც მარინა ბერიძეს "იაზო ქალი" შეარქვა. უკმაყოფილო ალბათ ბევრი დარჩებოდა თქვენი შეფასებით.
- არა, სხვათა შორის. ასეთი მხოლოდ ერთადერთი ადამიანი მახსოვს. ცუდად მართლა არავის არაფერი უთქვამს. პროდიუსერებს ვეკითხებოდით, გარეთ გამოსული კონკურსანტები რას ამბობდნენ ინტერვიუებში, მაგრამ ცუდად არ შევუფასებივართ, მიუხედავად იმისა, რომ 15 კაციდან მხოლოდ ერთი გადაგვყავდა.
შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მკაცრი ჟიური გამოვდექით. თუმცა ამას სიმკაცრესაც ვერ დავარქმევთ, რადგან თუ ვერ მღერის ადამიანი, იმას რა უნდა მუსიკალურ კონკურსზე? თანაც, მეორე ტურზე მარინა ბერიძე დაგვემატება და ის შეაფასებს ჩვენს, ასე ვთქვათ, ნამოღვაწარს (იცინის). ვიცით, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია. რთული იქნებოდა იმ კონკურსანტებისთვის მასთან აუდიენცია.
- იმ ერთადერთ უკმაყოფილო კონკურსანტზე გვითხარი უფრო ვრცლად.
- "ჯეოსტარს" აქვს თავისი ფორმატი. რასაკვირველია, ამ კონკურსზე არის სხვადასხვა ტური, ქალაქური სიმღერის თუ ფოლკლორის, მაგრამ ძირითადად მაინც პოპშემსრულებელს ვეძებთ, რომელიც ყველა ჟანრში სიმღერას გაართმევს თავს.
ეს კონკურსანტი კი, რომელზეც გიყვებით, აბსოლუტურად სხვა ჟანრს ასრულებდა - იყო სუფრული სიმღერა, "ფანოღი". ვუთხარი, ძალიან კარგია, მაგრამ ამ ფორმატს არ მოერგება-მეთქი. ზუსტად ასე ვუთხარი, მაგრამ მაინც ეწყინა და უკმაყოფილო დარჩა, ვერ გაგვიგო, რატომ არ შეიძლებოდა, თუმცა შესაძლოა, მის უკმაყოფილებას ახლა ვამუქებ კიდეც.
- შენთვის თავი რომ მოეწონებინათ, "მგზავრების" სიმღერებს არ ასრულებდნენ?
- რა თქმა უნდა, შეასრულეს "წუთია წუთისოფელი", "მე მოვიგონე" და "მივალ". კიდევ შეასრულეს რაღაცები, მაგრამ აღარ მახსოვს, თუმცა ჩემი რეპერტუარიდან ვინც შეასრულა სიმღერები, არც ერთი არ გადაგვიყვანია შემდეგ ტურში. როცა "მგზავრების" სიმღერებს ასრულებდნენ, მე მაინც, სუბიექტურობის გამო, თავს ვიკავებდი და არ ვაფასებდი (იცინის).
- სოფომ გვითხრა, რომ ახლობლები ურეკავდნენ და ჩაწყობას სთხოვდნენ. შენს შემთხვევაშიც ასე იყო?
- კი, იყო რამდენიმე შემთხვევა. შენ თვითონაც კარგად იცი, ტელეფონთან როგორი დამოკიდებულება მაქვს, თითქმის არ ვიღებ ყურმილს, ამიტომაც ვინც მოახერხა და დამიკავშირდა, უბრალოდ, მთხოვა, მოუსმინეთ, ემოციური ბავშვია და უხეშად არაფერი უთხრათო. ნორმალურად ისედაც ვეპყრობოდით კონკურსანტებს, მაგრამ ისე მოხდა, რომ არც ერთი მათგანი, ვისზეც დამირეკეს, შემდეგ ტურში არ გადასულა (იღიმება).
- "ჯეოსტარის" ე.წ. "პრიკოლები" ამ გადაცემის ნაწილია. იყვნენ კონკურსანტები, რომლებმაც გაგახალისეს?
- ბევრი იყო ასეთი, ერთმა აჭარელმა ბიჭმა გამახალისა ძალიან, თუმცა ამის მოყოლა არ შეიძლება, მომკლავენ პროდიუსერები, თანაც მალე დაიწყება გადაცემა და მაყურებელი თავად ნახავს. ბევრი, უბრალოდ, ჩვენს გასაცნობად შემოდიოდა, ერთმა პირდაპირ გვითხრა, თქვენი ნახვა მინდოდა და არ დამიწყოთ ახლა ქება-დიდება, რა კარგად მღერიო (იცინის). გავეცანით და ამით დასრულდა ეს ყველაფერი...
- თუ გაგაოგნა ვინმემ?
- მე პირადად ყველა ქალაქში ვნახე ისეთი კონკურსანტი, რომელმაც გამაოგნა. ერთ კონკურსანტზე ზოგჯერ ბევრს ვლაპარაკობდი, ზოგჯერ ისე ხდებოდა, 15-20 კაცს ისე ვუშვებდით, არც ერთი არ გადაგვყავდა შემდეგ ტურში, ამით ისე ვითრგუნებოდი, რომ ვმუნჯდებოდი და საერთოდ არაფერს არ ვამბობდი, მერე პროდიუსერები მეუბნებოდნენ, ხმა ამოიღე, რა მოგივიდაო.
- ნიჭიერებით არავის გაუკვირვებიხართ?
- საკმაოდ კარგი კონკურსანტები იყვნენ. ერთი შემოვიდოდა და ისე იმღერებდა, რომ ძალიან გვახარებდა. ყველა ქალაქში ვნახეთ მინიმუმ ორი-სამი ძალიან მაგარი შემსრულებელი. მთავარი მაინც თბილისია, რადგან აქ ყველა რაიონიდან იკრიბება ხალხი და 12-13 სექტემბერს სწორედ თბილისის ტურები იქნება.
- რაც შეეხება შენს ჯგუფს, რა გეგმები გაქვთ?
- გვქონდა კონცერტები, ვაპირებთ უკრაინაში დიდ ტურნეში წასვლას. მზადდება ჩვენი ახალი ალბომიც, სადაც ახალი სიმღერები შევა და ოქტომბერში დიდ კონცერტსაც გავმართავთ, სადაც მაყურებელს ახალ რეპერტუარს წარვუდგენთ.
- დასვენებას ვერ ახერხებ?
- სამწუხაროდ, დასვენება არ გამომივიდა. თანაც, რემონტი მაქვს...
- ვიცი, დედაშენმა გაგვიმხილა, რომ ცალკე გადადიხარ საცხოვრებლად.
- მთლად ცალკე არ გამოდის, იმიტომ რომ ერთოთახიანი, რომელსაც ახლა ვარემონტებ, ჩვენი ბინის გვერდით არის, იმავე სართულზე. ჩემთვის მექნება დიდი ოთახი, რადგან ჩემთან სულ ხალხმრავლობაა.
- თქვი, რომ ალბომს აკეთებთ, ახალ კლიპსაც ხომ არ შემოგვთავაზებთ?
- არ გვაქვს კლიპის გადასაღები ფული. ხომ იცი, საქართველოში ფული არ იშოვება. ჩვენთვის კლიპის გადაღებას დიდი ფული სჭირდება, რაც შესაძლოა, ბილ გეიტსისთვის სულაც არაფერი არ იყოს (იცინის).
- გიგი, პირად ცხოვრებაზეც გვითხარი ორი სიტყვა. უკრაინაში ხშირად სიარული მხოლოდ კონცერტებით რომ არ არის განპირობებული, ვიცით. შენი საცოლე უკრაინელია.
- კი, კიდევ სხვა რაღაცებითაც არის განპირობებული (იცინის).
- დაქორწინებას გეგმავთ?
- ჯერ, უბრალოდ, ბევრი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, არა მხოლოდ მე, არამედ მარინასაც. ერთად ვართ სულ და იმედი მაქვს, მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით. დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს, როდის რა იქნება, თუმცა სერიოზული ურთიერთობა გვაქვს და დაქორწინებასაც ვაპირებთ.
- მისთვის ახალ ალბომში რაიმე სიმღერა ხომ არ მიგიძღვნია?
- კი, ერთი სიმღერა მივუძღვენი, მგონი, არ არის თქმა საჭირო, ისედაც მიხვდება მსმენელი, როცა მოისმენს (იღიმება).
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)