ხუთი ქალი, რომლებიც კადაფის დაცვის ელიტური ქვედანაყოფის წევრები იყვნენ, ლიბიის ყოფილ მმართველს ძალადობაში ადანაშაულებს. ქალები ამბობენ, რომ კადაფი და მისი ვაჟები მათ ხშირად აუპატიურებდნენ.
მათივე განცხადებით, სამსახურში მიღების შემდეგ, რეზიდენცია Bab Azizia-ში, ქალბატონები კადაფის საძინებელში გაიყვანეს, სადაც დიქტატორი საღამურით დახვდა და მათზე ძალა იხმარა. შემდეგ კი თავისი შვილების საძინებელში გაუშვა.
ლიბიელი კომანდოსი-ქალების მისია, გერმანელი მზვერავის კარლ ჰანსის იდეაა. ჰანსის თეორიის მიხედვით, ქალებს მეექვსე გრძნობა გააჩნიათ, რომელიც მათ ეხმარება ინტუიციით შეიგრძნონ საფრთხე და იმოქმედონ უფრო სწრაფად, ვიდრე კაცებმა.
ქალები ფიცს დებდნენ, რომ კადაფისთვის დაიხოცებოდნენ, ისინი ვალდებულნი იყვნენ 24 საათის განმავლობაში კადაფის გვერდით ყოფილიყვნენ.
კადაფის მცველის თანამდებობა საპატიოდ მიიჩნეოდა. კანდიდატები თავდაპირველად სპეციალურ სასწავლებლებში ფიზიკური მომზადების კურსს გადიოდნენ. ვინც ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებდა, საბრძოლო ხელოვნების მაღალკვალიფიციური ოსტატი ხდებოდა. საბოლოოდ, მათ კადაფი არჩევდა. მართალია, კადაფი მოითხოვდა, რომ მისი მცველები უბიწოები ყოფილიყვნენ, მაგრამ ხმები, რომ კადაფი მათგან ინტიმურ მომსახურებას მოითხოვდა, ადრეც ვრცელდებოდა.
კადაფის დაცვის ელიტურ ქვედანაყოფში, სულ 400-მდე ქალმა იმსახურა.
მომზადებულია Sunday Times of Malta-ს მიხედვით.