სინგაპური და ევროპა საქართველოში ერთად ვერ იარსებებს

სინგაპური და ევროპა საქართველოში ერთად ვერ იარსებებს

ინტერვიუ ქონების მართვის ყოფილ მინისტრთან, ეკონომიკის ექსპერტთან ავთანდილ სილაგაძესთან

- ბატონო ავთო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობა აქცენტს ძირითადათ ტურიზმის განვითარებაზე აკეთებს. თქვენი აზრით, რამდენად გვაქვს ტურიზმის განვითარების პოტენციალი? და რამდენად შესაძლებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარ ბირთვად ტურიზმი იქცეს?

- მსოფლიოში ტურიზმის ორ მიმართულებას განიხილავენ. არსებობს ქვეყნები, რომელთათვისაც ტურიზმი არის პრიორიტეტული მიმართულება და ასევე არის ისეთი ქვეყნებიც, რომელთათვისაც ეს სფერო მნიშვნელოვანია, მაგრამ არა პრიორიტეტული. ასეთი ქვეყნებისთვის ტურიზმი ძირითადად საკუთარი პროდუქციის რეკლამირების როლს თამაშობს. პირველი რიგის ქვეყნებს მიეკუთვნება: საბერძნეთი, ეგვიპტე, პორტუგალია და სხვა. მეორე რიგის ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი. საკითხავია, სად შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყანა? ვფიქრობ, რომ პირველი მიმართულების ქვეყნებმა უკვე ნათლად დაგვანახა, რომ სადაც ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა, როგორც კი ეკონომიკაში პრობლემები შეიქმნა, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისის პერიოდში, როდესაც ტურისტების მოძრაობა შემცირდა, შემოსავლები შემცირდა და ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასე იმიტომ მოხდა, რომ პრიორიტეტი ტურიზმი იყო და სხვა მიმართულებები არ იყო გათვალისწინებული. ამის მაგალითია საბერძნეთის, ესპანეთის, პორტუგალიიის ეკონომიკაში არსებული პრობლემები. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს, მაგრამ არა ერთადერთი. ჩვენთან პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის, მრეწველობის განვითარება უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე.

საერთოდაც ტურიზმის შესახებ სტატისტიკა არის დასაზუსტებელი. ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს ჩვენთან 2 მილიონზე მეტი ტურისტი იყო. კარგი იქნება, თუ მეთოდიკას გამოაქვეყნებენ შესაბამისი ორგანოები იმის შესახებ, თუ ვინ ითვლება ტურისტად. ყველა ვიზიტორი, ვინც საზღვარს გადმოკვეთს ან გადაკვეთს, ტურისტი არ არის. საშუალოდ რომ ავიღოთ, ტურისტად ითვლება ის, ვინც გარკვეული დღეების განმავლობაში იმყოფება ქვეყანაში და არა ის, დღეს, რომ ჩამოვიდა და ხვალ წავა. თუ საქართველოში გასულ წელს იყო თუნდაც 2 მილიონი ტურისტი ჩამოსული, საშუალოდ ერთი ერთი ტურისტი 10-12 დრეში დახარჯავდა დაახლოებიტ 1500-2000$-ს სასტუმროს ჩათვლით. 2 მილიონი რომ გავამრავლოთ 2000$-ზე, დაახლოებით 4 მილიარდი გამოდის და სად არის ეს თანხა?

ეკონომიკაში 4 მილიარდი დოლარი, რომელიც თითქმის 8 მილიარდი ლარია, ძალიან სერიოზული ინვესტიცია იქნებოდა. ამიტომ სასურველია კონკრეტულად იყოს ახსნილი, თუ ვის მივიჩნევთ ტურისტად. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ისინი რომ ოჯახებში ბრუნდებიან, გასარკვევია, ჩვენ მათ ტურისტად თუ ვთვლით. ან კიდევ: მაგალითად, ადამიანი ქალაქიდან საკუთარ სოფელში სტუმრად ჩავიდა დასასვენებლად, საკუთარ სახლ-კარში, ეს რატომ უნდა ჩაითვალოს ტურისტად. ამიტომაც საქართველოში კრიტერიუმები, თუ ვინ ითვლება ტურისტად, მოსაგვარებელი საკითხია. მიმაჩნია, რომ საქართველოში ტურიზმი უნდა განვითარდეს, მაგრამ პარალელურად უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებაც. სხვაგვარად ეკონომიკური შედეგი არ გვექნება.

- 2007-2008 წლების შემდეგ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა პერმანენტულად იკლებს. თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას უფრო ცოტა ინვესტორი იჩენს?

- რა თქმა უნდა, შემცირდა და ბუნებრივიცაა. ინვესტიციების კლებაზე გავლენა იქონია სხვადასხვა მოვლენებმა. 2009 წელს ჩვენთან ინვესტიციები საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ გასულ წელს კიდევ უფრო, თითქმის 3-ჯერ შემცირებულია. საერთოდ როდესაც ამბობენ, რომ ამის მიზეზი მსოფლიო ფინანსური კრიზისი იყო, ეს არის არასაკმარისი არგუმენტი იმიტომ, რომ 2009-2010 წლიდან მსოფლიო ეკონომიკა თითქმის გამოვიდა კრიზისული მდგომარეობიდან და ჩვენთან საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით მდგომარეობა აღარ გაუმჯობესებულა. არსებობს სხვა მიზეზები, სხვა მიზეზი კი, ჩემი აზრით, არის პოლიტიკური განცხადებები, მაგალითად ასეთი: `ჩვენთან ომი არ დამთავრებულა~. ყველაზე მთავარი მიზეზი კი არის, ჯერ ერთი - ანტიმონოპოლიური სამსახურის არ არსებობა და მეორე - საკუთარი ეროვნული საქმის და მისი განვითარებისადმი ნაკლები ყურადღების გამოჩენა. ინვესტიციები პრაქტიკულად მინიმალურია, მიზერულია. ამის შედეგად კი გვაქვს მძიმე მდგომარეობა სოფლის მეურნეობაში, მძიმე მდგომარეობა მრეწველობის სექტორში. ჩვენ თვითონ არ შევქმენით გარე ბაზარზე სასურველი დამოკიდებულება. ადრე რა ინვესტიციებიც ხორციელდებოდა, ისიც არ იყო რეალურ სექტორში მიმართული. კარგია ინფრასტრუქტურა, კარგია გზები, მაგრამ პარალელურად გვაქვს სერიოზული საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის შიგა მოთხოვნის დიდი ნაწილი ჩვენ თვითონ დავაკმაყოფილოთ, თუკი რეალურ სექტორში მოვახდენთ ინვესტირებას.

- მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა ქვეყნის სინგაპურული მოწყობის მოდელს ირჩევს. ამასთან, ჩვენ ევროკავშირთან დაახლოებაც გვსურს, თქვენი შეფასებით, რამდენად შესაძლებელია, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, სინგაპურისკენ ვისწრაფოდეთ და, მეორეს მხრივ, ევროკავშირში შევიდეთ?

- ორივე ერთად, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, რადგან სინგაპურიზაცია სულ სხვა რამეს ითვალისწინებს: მკაცრ ხელს ეკონომიკაში, მრავალწლიან ერთი და იმავე მთავრობის მუშაობას, პლიუს ამას ეროვნული ინტერესების დაცვასა და მკაცრ ხელს მმართველობაში. ხოლო ევროპა დემოკრატიული მმართველობით ხასიათდება, მათ შორის ეკონომიკაშიც და ამიტომ ეს ორი მიმართულება არ არის ერთმანეთის შესაბამისობაში. ორივეს შეთავსება არის შუა გზაზე დარჩენა.

- ექსპერტების შეფასებით, საქართველოში კორუფციის დონე დაბალ ეშელონებში შემცირებულია, მაღალ ეშელონებში კი ისევ არის. სასამართლო პროცესების 90% საპროცესო შეთანხმებით სრულდება. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ჩაითვალოს ეს კორუფციის მაგალითად?

- კერძო საკუთრების დაუცველობა და სასამართლო პროცესების მიმართ ნდობის არ არსებობა, ესეც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მიზეზად ინვესტიციების შემცირებისა.. სანამ არ მოხდება ამ სისტემის დარეგულირება, მანამ შეუძლებელ იქნება საკუთრების დაცვა და ეკონომიკის სერიოზული განვითარება. ახლა არ მინდა შევაფასო საპროცესო შეთანხმებები, მინდა ვიმსჯელო მხოლოდ იმის შესახებ, თუ რამდენი დამთავრდა სახელმწიფოს სასარგებლოდ და რამდენი დამთავრდა მომხმარებლის სასარგებლოდ. ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს. სწორედ ეს ახდენს საბოლოო ჯამში ეკონომიკაზე, და არა მხოლოდ ეკონომიკაზე, უარყოფით ზეგავლენას.

მაგდა ლორთქიფანიძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ