არის არბოში ერთი ეკლესია...

არის არბოში ერთი ეკლესია...

2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, ყოველ ამ დღეს ემოციები იმდენად ძლიერდება, რომ არაერთხელ მოსმენილის კიდევ ერთხელ მოსმენის სურვილი ჩნდება. ამიტომაც ვთხოვეთ ჩვენ ჟურნალისტს, კობა ბენდელიანს, გაეხსენებინა, "როგორ წავიდა "ინტერპრესნიუსი" ომში", რა გადახდა და რას გრძნობს ჟურნალისტი, როდესაც ჯარისკაცთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდება...

- 2007 წლის 7 აგვისტოს "ინტერპრესნიუსი" უკვე მოვლენათა ეპიცენტრში იყო და შიდა ქართლიდან არ გამოსულა, ვიდრე ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოში დაპირისპირების ზოლზე არ განლაგდნენ.

ფოტოკორესპონდენტ ნოდარ ცხვირაშვილთან ერთად კონფლიქტის ზონაში გამგზავრების დავალება მთავარი რედაქტორისგან 7 აგვისტოს, დაახლოებით, 15.00 საათზე მივიღეთ. 17.00 საათისთვის "ინტერპრესნიუსი" უკვე გორში იყო.

შუაღამისას გაკეთდა განცხადება კონსტიტუციური წესრგის აღდგენის გადაწყვეტილების შესახებ. ეს უკვე ომი იყო და 00.32 საათზე "ინტერპრესნიუსის" საიტზე ეს ინფორმაციაც გაჩნდა...

მთავარმა რედაქტორმა, ბაია ცანავამ ჯგუფის გორში გამგზავრების გადაწყვეტილება დროულად მიიღო, მაგრამ იმაშიც გაუმართლა, რომ ჩემი მეწყვილე ნოდარ ცხირაშვილი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელზეც თამამად ვიტყვი - ამ კაცთან დაზვერვაში წასვლა შეიძლება.

ნოდარმა ამ ომის შესახებ უნიკალური ფოტომასალა გადაიღო, რაც შეეხება ინფორმაციებს და 7 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" არქივიც კარგად მეტყველებს.

უნდა ვთქვა, რომ გორში ჩასულებს, გარკვეულწილად, გაგვიმართლა. გაგვიმართლა იმით, რომ შტაბში ახლად გაცნობილმა სამხედროებმა წინა ხაზზე წასვლის მსურველი ჟურნალისტების გულწრფელობის დაიჯერეს. ჯავშანჟილეტებით აღგვჭურვეს და თითქმის ბრძოლის მთელი პერიმეტრიც შემოგვატარეს. მათ მანქანაში ჩართული გადამცემი იმდენ ინფორმაციას აწვდიდა ჩვენ სამხედროებს, რომ ომის პერიპეტიებში გაუთვითცნობიერებელ კაცს გული გაუსკდებოდა. ინფორმაციებით გაუაზრებლად ნამდვილად არ მისარგებლია, აფხაზეთის ომში მიღებული გამოცდილება ცხინვალთან აშკარად გამომადგა...

საბრძოლო მოქმედებების შუაგულიდან გადმოცემულ ინფორმაციებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ინფორმაცია იყო, რომელიც რუსეთის მხრიდან როკის გვირაბთან რუსული ტანკების რაოდენობასა და მოახლოებას, ასევე, ქართული არტილერიის მიერ ჯავა-ცხინვალის გზის მონაკვეთის კონტროლისთვის მოქმედებებს უკავშირდებოდა.

"რუსთავის 2"-ის ჯგუფთან, პაატა იაკობაშვილთან და აკა ჯორბენაძესთან ერთად, 7-დან 8 აგვისტოს ღამე და 8 აგვისტოს შუა დღე სოფელ ერედვში, ქართული მხარის ქვედანაყოფებთან ერთად დავყავით. 8 აგვისტოს ქართულმა ქვედანაყოფმა მარჯვენა ფლანგზე გადაადგილების ბრძანება მიიღო. გადაადგილება ტრანსპორტით, ნაწილ-ნაწილ გადაწყდა. სამხედროებისთვის გადაადგილებაში ხელი რომ არ შეგვეშალა, მე და პაატა იაკობაშვილმა ჩავიმუხლეთ თუ არა, დავინახეთ, რომ ფოტორეპორტიორი ნოდარ ცხვირაშვილი და ოპერატორი აკა ჯორბენაძე სამხედროების მანქანაში აღმოჩენილიყვნენ. ამ მანქანასთან მე და პაატა იაკობაშვილიც მივედით, მაგრამ ადგილი უკვე აღარ იყო; შემდეგ მანქანას უნდა დავლოდებოდით. ამასობაში კი, რუსულმა თვითფრინავმა სოფელ არბოსთან ქსუისისკენ მიმავალი გზა დაბომბა. ასე აღმოვჩნიდთ დაბომბვის დროს "ინტერპრესნიუსისა" და "რუსთავის-2"-ის ჯგუფები სხვადასხვა ადგილზე.

შემდეგ იყო დაკარგული კოლეგების ძებნის უსასიზღრესი და უმძიმესი ორი საათი. ნათელი იყო, რომ რუსულმა თვითმფრინავმა სწორედ ის ქვედანაყოფი დაბობმა, რომელთან ერთადაც ნოდარ ცხირაშვილი და აკა ჯორბენაძე იყვნენ.

ღმერთის წყალობით ნოდარი და აკა გადარჩნენ, მაგრამ იმის აღწერა და გახსენება, რაც ქსუისის გზაზე ვნახეთ, ახლა არც ღირს. თუმცა, ერთი ამბავი კარგა ხანს არ დამავიწყდება - ქსუისისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ არბოში ეკლესია დგას. მას შემდეგ, რაც მე და პაატა იაკობაშვილმა, როგორც იქნა, ნოდარ ცხვირაშვილი და აკა ჯორბენაძე ვიპოვეთ, ამ ეკლესიასთან მივედით; ქუთაისის ბრიგადის ჯარისკაცებიც მოვიდნენ, რამდენიმე თანამებრძოლი დაღუპვოდათ, თავადაც დაჭრილები იყვნენ. მეხსიერებაში ჩაიბეჭდა ქართველ ხუროთმოძღვართა ნალოლიავებ კედელზე მიბჯენილი, სიკვდილს გადარჩენილი და ბრძოლაში დაღლილი მეომრების ახლობლებთან სატელეფონო საუბრები-გამხნევება - კარგად ვართ, არ გვიჯავროთ, ყველანი კარგად ვართ. ამათ შემყურეს ისღა დამრჩენოდა, თბილისში რედაქტორისთვის დამერეკა და მეცნობებინა, რომ ნოდარ ცხვირაშვილი ცოცხალია. სხვაგან ვერსადაც ვერ დავრეკავდი, ვერც - დედასთან თბილისში და ვერც - დასთან ქუთაისში. მათ კი იცოდნენ სადაც ვიყავი, მაგრამ მათთვის რომ ნოდარის გადარჩენის ამბავი მეხარებინა, მიხვდებოდნენ, ხიფათი ჩემთანაც ახლოს იყო.

ამის შემდეგ სოფელ ერედვში დავბრუნდით, თუმცა სოფლის მალევე დატოვება და გორში ჩასვლა მოგვიხდა...

გორი. 8 აგვისტოს საღამო

გორის საინფორმაციო ცენტრში უამრავ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს მოეყარა თავი. გორში ვნახეთ "ინტერპრესნიუსის" კიდევ ერთი ჟურნალისტი მანანა მჭედლიშვილი და ფოტოკორესპონდენტი მზია საგანელიძე. ქალაქის ცენტრი სავსე იყო რეზერვისტებით. ექსტრემალურ ვითარებაში დრო შეუმჩნევლად გადიოდა. საინფორმაციო ცენტრში 12.00 საათამდე ვიყავით. შემდეგ ღამის გათევა ნოდარ ცხვირაშვილის ბიძამ, მამა იოანე ცხვირაშვილმა შემოგვთავაზა. ტელევიზია "თრიალეთიდან" მამა იოანეს სახლამდე ტაქსით მივედით. მახსოვს, მძღოლმა მგზავრობის ფული არ გამოგვართვა.

მამა იოანე ჩვენ დამშვიდებას კი შეეცადა, მაგრამ ნანახისა და განცდილის ასე იოლად დავიწყება ძნელი იყო; განსაკუთრებით ნოდარისთვის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საავიაციო დაბომბვას შემთხვევით გადაურჩა. მამა იოანესთან ყოფნისას არ დაგვვიწყებია თბილისში დარჩენილ ახლობლებთან და სააგენტოსთან დაკავშირება და თქმა, რომ ჩვენ უსაფრთხო ადგილზე ვართ.

გორი. 9 აგვისტო

დაახლოებით დილის 08.00 საათი იქნებოდა, მამა იოანესთან ვსაუზმობდით; სწორედ ამ დროს დაიწყო გორის დაბომბვა.

20 წუთში მე და ნოდარი გორის საინფორმაციო ცენტრში ვიყავით. არც ქართველი და არც უცხოელი კოლეგებიდან იქ აღარავინ დახვდა - ყველანი დაბომბვის ადგილზე წასულიყვნენ - ე.წ. კომბინატის დასახლება და წყალწმინდის ბაზა...

ჩვენ მსგავსად, რამოდენიმე უცხოელი ჟურნალისტი იმის გარკვევას ცდილობდა, სად მოხდა პირველი დაბომბვა. ამასობაში, რუსული სამხედრო თვითმფრინავი გორის თავზე კვლავ გამოჩნდა და ქალაქი ისევ დაბომბა. უმოწყალოდ იბომბებოდა გორის ის ადგილები, თუ სადმე სამხედრო ტექნიკა და შენაერთი შეიძლებოდა მდგარიყო - მათ შორის გორის სატანკო ნაწილი. სატანკო ნაწილამდე მივაღწიეთ თუ არა, მივხდით, რომ აქ საშინელება ტრიალებდა. ცეცხლი ეკიდა არა მარტო სატანკო ნაწილის საცავს, სატანკო ნაწილთან მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ სახლსაც. ამ დაბომბვის შედეგად რამდენიმე ჯარისკაცი იყო დაღუპული, რამდენიმეს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. აალებულ ქალაქში სულ რაღაც ერთ საათში რამეს დანახვა შეუძლებელი იყო - გორი დაბომვის შემდეგ გაჩენილი ხანძარის კვამლში იძირებოდა.

უცხოელ კოლეგებთან ერთად, საინფორმაციო ცენტრში დავბრუნდით. გორში გვიან საღამომდე დავყავით.

საინფორმაციო ცენტრში ჩვენი სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა რუსული "სუ-25"-ის თვითმფრინავის გადარჩენილი მფრინავის, პოლკოვნიკ იგორ ზინოვის საბუთების ქსეროასლები დაგვირიგეს. მაშინ გამახსენდა, თუ რა უცნაური ბედის ვყოფილვარ - სოხუმში საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას, სოფელ შრომის თავზე ჩვენებმა რუსული "სუ-25" ჩამოადგეს, რომლესაც მაიორი შიპკო მართავდა. მე მისი საბუთებიც ხელში მეჭირა. ახლა ზინოვის საბუთების ქსეროასლებიც ჩემთან აღმოჩნდა. ამჯერად, თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილზე სპეცსამსახურებმა მიგვასწრეს, თუმცა ეს ცუდის ნიშანი სულაც არ უნდა იყოს.

პოლკოვნიკ ზინოვის საბუთების ქსეროასლებში ქექვისას აღმოჩნდა, რომ საქართველოში საბრძოლველად საავადმყოფოდან წამოიყვანეს. საბუთებიდან აშკარად ჩანდა, რომ პოლკოვნიკი რომელიღაც ჰოსპიტალში მკურნალობდა. სხვა საბუთებთან ერთად, მას თან ჰქონდა ლექსი, ეტყობა საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად. აი, როგორ "სულისკვეთებით" ბომბავდა პოლკოვნიკი ზინოვი ქალაქ გორსა და ქართულ სოფლებს:

Пока у русского солдата

Есть спички, пули, самогон,

Сосите хрен, солдаты НАТО,

Дрожи от страха, Пентагон...

მე და ნოდარმა გორი გვიან საღამოს დავტოვეთ და თბილისისკენ გამოვეშურეთ. "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტები, მანანა მჭედლიშვილი, ფოტოკორესპოდენტები ნოდარ ცხვირაშვილი და მზია საგანელიძე გორში 10 აგვისტოსაც ვიყავით. გორიდან ხალხი გადიოდა, მოგვიანებით გორიდან გამოსვლა ქართულმა შენაერთებმაც დაიწყეს.

11 აგვისტოს, დილით ადრე რუსულმა ავიაციამ თბილისის საავიაციო ქარხნის, აეროპორტისა და მახათის მთის ტერიტორია დაბომბა. მე და მზია საგანელიძეს მახათის მთაზე წასვლა მოგვიწია.

11 აგვისტოსვე გაირკვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო და თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჩამოფრინდებოდა...

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?