ტემპერატურის მკვეთრმა მომატებამ ქვეწარმავლები გაააქტიურა. განსაკუთრებით საშიშ და შხამიან გველებს უკვე არა მარტო სოფლებში, ქალაქის ნებისმიერ რაიონშიც შეიძლება გადააწყდეთ... თითქოს ეს არ კმაროდა, ახლა კალიების შემოსევა დაიწყო. უშველებელი მწერები ბინაშიც კი გვიცვივდებიან... რა საფრთხეს გვიქადიან კალიები და როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ? ამ კითხვით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სურსათის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროს ვერიკო გულუას მივმართეთ:
- სურსათის ეროვნული სააგენტო ამჟამად სხვადასხვა მავნებელს ებრძვის. ესენია: ამერიკული თეთრი პეპელა, რომელიც უმთავრესად გავრცელებულია სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და აჭარის რეგიონში და კალია, ანუ კუტკალია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი კახეთშია მომრავლებული. ესენი მიგრაციული მწერები და განსაკუთრებით საშიში მავნებლები არიან. ამჟამად სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება განსაკუთრებით საშიში საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა.
- რას აზიანებენ ეს მავნებლები და რომელი მათგანია ყველაზე საშიში?
- განსაკუთრებით საშიშია მიგრაციული კალია, რომელიც მწვანე საფარს აზიანებს და მოსავალს ანადგურებს. მათ საწინააღმდეგოდ ჩვენი სამსახური მინდვრებსა და დაუსახლებელ ტერიტორიებს წამლავს.
- რას იტყვით თბილისში კალიების მომრავლებაზე?
- თბილისში გავრცელებული კალია არ არის არც მიგრაციული და არც ე.წ. საკარანტინო (კალიების დიდი შემოსევა, როდესაც ქვეყანაში კარანტინი უნდა გამოცხადდეს), აქედან გამომდინარე, საფრთხეს არ გვიქმნის. თბილისური კალიების ეს პოპულაცია ბუნებაში ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, პერიოდულად, 10 წელიწადში ერთხელ, ხდება მისი აფუთქარება - რიცხვის მატება. გასული წლის ზაფხულშიც და წელსაც ეს მავნებელი საკმაოდ გამრავლდა, რაც კლიმატურმა პირობებმა, სიცხემ განაპირობა. დასახლებულ ტერიტორიაზე მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატების გამოყენება სახიფათოა. ამიტომ სპეციალისტები ქიმიური წამლობისგან თავს იკავებენ. მით უმეტეს, ეს კალია ადამიანს არ ვნებს. უბრალოდ, უსიამოვნოა, როდესაც სამზარეულში ან ბალიშზე პოულობ. ადამიანს არც ამერიკული თეთრი პეპელა ვნებს, თუმცა ისიც და კალიაც საგრძნობლად აზიანებენ მწვანე საფარს, დიდ საფრთხეს უქმნიან მოსავალს და მრავალი პრობლემის წინაშე აყენებენ გლეხებს.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)