დედამიწის ცხოველთა სამყარო, საყოველთაო აღიარებით, ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, და ეს არცაა გასაკვირი. დედამიწაზე ხომ კიდევ ბევრი ადგილი დარჩა, სადაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს ჯერ კიდევ არ დაუდგამს ფეხი: ცენტრალური ინდოეთის, სუმატრის ბორნეოს, სულავეს ჯუნგლები, პატაგონიის ვრცელი ველები, ბრაზილიისა და ვენესუელის უღრანი ტროპიკული ტყეები, დიდი ქვიშიანი უდაბნო ავსტრალიაში...
ამასთან, არ უნდა ვიფიქროთ, რომ უცნობი ცხოველები ჩვენგან ყველაზე უკაცრიელ, მიუდგომელ ადგილებში იმალებიან. სულაც არა. ყველამ ვიცით, რამდენად დიდია მოსახლეობის სიმჭიდროვე იაპონიაში. ამ ქვეყანაში უცნობი ცხოველის აღმოჩენა დაუჯერებელი ჩანდა.
გიგანტური კურდღელები
მაგრამ მაინც აღმოაჩინეს... და რა?.. ველური კატის ახალი სახეობა! ცხოველთა სამყაროში მას არ აღმოაჩნდა ახლო ნათესავები, იგი თავისი სახეობისა და გვარის ერთადერთი წარმომადგენელია.
ეს აღმოჩენა იაპონელ ნატურალისტ ტაგავას ეკუთვნის. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ კუნძულ ირიომოტეს მცხოვრებლებმა მას იქ მობინადრე "სრულიად განსაკუთრებული" კატების შესახებ უამბეს.
ავსტრალიის კონტინენტზე, სადაც, როგორც ცნობილია, ჩანთოსანი ცხოველები - კენგურუ, კოალა, ოპოსუმი ბინადრობენ, ცნობილია ლეგენდა უზარმაზარ ველურ კურდღლებზე, რომლებიც ზომით მარტორქას აღემატებიან. პირველად ხმები ამ ფანტასტიკური ცხოველების შესახებ ოქროსმაძიებლებმა გაავრცელეს, რომლებიც ძვირფას ლითონებს ეძებდნენ დასავლეთ ავსტრალიის უდაბურ მხარეებში.
"ეს ბიჭები ჰალუცინაციის მსხვერპლი გახდნენ", - ჩათვალეს ზოოლოგებმა. კურდღელი-მარტორქა - ამის მოფიქრებაც კი ძნელია! მაგრამ ცნობები ჩანთოსან გოლიათებთან შეხვედრების შესახებ გრძელდებოდა. ამ საიდუმლოთი დაინტერესდა ავსტრალიელი ნატურალისტი პრატი. მან იცოდა, რომ შორეულ წარსულში ავსტრალიის ვაკეებზე ნამდვილად ბინადრობდნენ უზარმაზარი ჩანთოსანი ცხოველები - დიპროტოდონტები. იქნებ მათ ჩვენს დრომდე მოაღწიეს?
ამ "ნამარხთა" ზომებზე შეიძლება იმ გარემოების მიხედვით ვიმსჯელოთ, რომ გიგანტის თავის ქალა სიგრძეში ერთ მეტრს აღწევდა. ვიქტორიის უდაბნოს ერთ-ერთ მარილიან ტბაში აღმოაჩინეს "მარილწყალში" მშვენივრად შენახული დიპროტოდონტი. მისი მასიური სხეული სულაც არ ჰგავდა კურდღელს, ის უფრო უზარმაზარ დათვს მოგაგონებდათ, მაგრამ "დათვის" დრუნჩი მართლაც ჰგავდა კურდღლის დრუნჩს.
დიპროტოდონტები (რაც ნიშნავს "ვისაც წინ ორი კბილი აქვს") ბუნებით ბალახისმჭამელები, მხდალები იყვნენ. ოქროსმაძიებლებმა, რომლებმაც ისინი ნახეს, ეს ცხოველები ტყუილად არ შეადარეს კურდღლებს - ადამიანის დანახვაზე ისინი ხტომა-ხტომით გარბოდნენ. რამდენიმე ათეული ათასი წლის წინ, როდესაც ავსტრალიის მატერიკი უხვი მცენარეულობით იყო დაფარული, ეს ცხოველები უზრუნველად ცხოვრობდნენ. შემდგომმა გვალვიანმა ეპოქამ ყველაფერი შეცვალა. საკვებისა და წყლის ძებნაში გოლიათთა ჯოგები ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ და როდესაც წყალსატევები შრებოდა, ისინი ქვიშიან უდაბნოებში იღუპებოდნენ.
1953 წელს ერთ-ერთმა მკვლევარმა ქვეყნის უწყლო რაიონში ამ ცხოველების მთელი სასაფლაო აღმოაჩინა. კარგად იყო შენახული ათასობით გიგანტური ჩონჩხი. მრავალი მათგანი ფეხებმოკეცილი იწვა, თითქოს ისევ ცდილობდნენ საფლავიდან თავის დაღწევას...
ამჟამად მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯერ კიდევ ორი-სამი ათასი წლის წინ ავსტრალიის ცენტრალური ნაწილის ვაკეებზე "გიგანტური კურდღლები" დახტოდნენ. მაგრამ ეს ხომ დედამიწის ისტორიისთვის საკმაოდ მცირე ვადაა. შესაძლოა, გვალვიანი პერიოდების დროს ყველა დიპროტოდონტი არც განადგურებულა. ავსტრალიის დიდ უდაბნოებში დარჩა ტბები და ჭაობები, სადაც შესაძლოა ჩვენს დრომდე შემორჩნენ ბალახისმჭამელი გოლიათები, რომლებიც ერთ დროს მთელი მეექვსე კონტინენტის ბატონ-პატრონები იყვნენ.
უზარმაზარი მხეცი
როდესაც ევროპელები პირველად გამოჩნდნენ სამხრეთ ამერიკაში, ისინი განცვიფრებით შეჰყურებდნენ იქ მობინადრე ცხოველებს. ზოგიერთი აქაური მაიმუნი ხელისგულზე შეიძლება დაეტიოს, ხოლო ობობა-ფრინველჭამია ისეთი დიდია, რომ ჩიტებსა და გველებს ესხმის თავს. ყველაზე საშიში სამხრეთამერიკული მტაცებლები პუმა და იაგუარი ზომებით აშკარად ჩამოუვარდებიან მათ მონათესავე აზიურ და აფრიკულ ვეფხვებსა და ლომებს; მათთან შედარებით ამ კონტინენტზე ჩამოყვანილი ცხენები გიგანტებად გამოიყურებიან, ამიტომ ევროპელებს დიდხანს არ სჯეროდათ, რომ აქ უზარმაზარი ცხოველებიც არსებობდნენ, რომელთა შესახებაც მათ ინდიელები უამბობდნენ.
ასეთია, მაგალითად, ცხოველი, რომელიც სიმაღლით ხუთ მეტრამდე აღწევს და შეუძლია დიდი ხეები ძირფესვიანად ამოგლიჯოს. მას ვერც ისრით მოკლავ, ვერც ტყვიით: იგი რქოვანი ჯავშნითაა დაფარული.
1789 წელს ბუენოს-აირესთან ახლოს, მდინარე ლუიანას სანაპირო ნალექებში უზარმაზარი, თითქმის სპილოს სიდიდის ცხოველის ძვლები იპოვეს. მარკიზმა ლორეტომ, კოლონიის ვიცე-მეფემ, ესპანეთში მიმავალი პირველივე ხომალდებით გაუგზავნა ისინი მეფე კარლოს მეოთხეს.
ესპანელმა ბუნებისმეტყველმა ხოსე გარიგამ იდუმალი გიგანტის ჩონჩხის აღწერილობა გამოაქვეყნა, რომელიც მადრიდის სამეფო მუზეუმში ინახებოდა. ცნობა საოცარი აღმოჩენის შესახებ მთელ ევროპას მოედო. მეცნიერული სამყარო სახტად დარჩა. "პალეონტოლოგიის მამამ", სახელგანთქმულმა ჟორჟ კიუვემ, რომელმაც ეს ძვლები შეისწავლა, დაადგინა, რომ ლუიანას ნაპირებზე ნაპოვნია გიგანტური ზარმაცას ჩონჩხი, რომელსაც "მეგათერიუსი" ანუ "უზარმაზარი მხეცი" უწოდა. ჩონჩხის აგებულების მიხედვით მეგათერიუსი ზარმაცებს ჰგავდა, რომლებიც ახლაც ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის ტყეებში, მაგრამ მათზე ათჯერ დიდი იყო. უკანა თათებზე დამდგარ მხეცს შეეძლო მესამე სართულამდე მიეღწია. ზარმაცასგან განსხვავებით, რომელიც მთელ თავის სიცოცხლეს ხეზე ატარებს, მეგათერიუსი მიწაზე ცხოვრობდა, უკანა ფეხებზე დადიოდა, წინას იშვიათად ეყრდნობოდა. იკვებებოდა ფოთლებით. კენწეროს თუ ვერ შესწვდებოდა, ბრჭყალებით ფესვებს თხრიდა, შეარხევდა, მიწაზე დასცემდა და ხის წვერში შემორჩენილ ფოთლებს შეექცეოდა.
ესპანეთის მეფე კარლოს მეოთხემ დაუყოვნებლივ უბრძანა თავისი ტრანსატლანტიკური კოლონიის ჩინოვნიკებს, მისთვის ცოცხალი ან მკვდარი მეგათერიუსი ჩამოეყვანათ. მეფის უგუნურ ახირებაზე ნატურალისტებმა საკმაოდ იმხიარულეს: სამეცნიერო სამყაროში ერთსულოვნად მიაჩნდათ, რომ მეგათერიუსები მილიონობით წლის წინ გადაშენდნენ, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა უჩვენეს, რომ კარლოს მეოთხე უფრო ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ჟორჟ კიუვე და მისი კოლეგები.
1898 წელს ბუენოს-აირესის საბუნებისმეტყველო მუზეუმის ხელმძღვანელს, პროფესორ ფლორენტინო ამეხინოს სამხრეთ პატაგონიიდან ცხოველის ტყავი ჩამოუტანეს და სთხოვეს დაედგინა, რომელ ცხოველს ეკუთვნოდა იგი. ტყავს მცირე რქოვანი ფირფიტების ჯავშანი ჰქონდა გადაკრული და გარედან დაფარული იყო ხშირი მურა ბეწვით. მსგავს ჯავშანს გიგანტური ზარმაცები ატარებდნენ. მეცნიერმა დაადგინა, რომ ტყავი შედარებით ახლად მოკლულ, ზარმაცას მონათესავე უცნობ ცხოველს ეკუთვნოდა.
მალე კი პატაგონიის სამხრეთით ერთ-ერთი სამეცნიერო ექსპედიცია უზარმაზარ უცნობ ცხოველს შეეჩეხა, რომელსაც ტყვიებით ვერაფერი დააკლეს, მაგრამ მეცნიერული სამყარო კიდევ უფრო მეტად ააღელვა ტყავმა, რომელიც იმავე მხარეში, ერთ-ერთ უზარმაზარ გამოქვაბულში იპოვეს. მასთან ერთად ნახეს ადამიანის ჩონჩხი და ქვის დამუშავებული იარაღები. იგი იმ ტყავის იდენტური გამოდგა, რომელიც პროფესორმა ამეხინომ გამოიკვლია, და რაც მთავარია - აშკარად ადამიანის ხელით იყო გამოყვანილი!
1899 წელს აღნიშნულ მღვიმეში მოეწყო ექსპედიცია გეოლოგ რუდოლფ ჰაუტხალის ხელმძღვანელობით. მღვიმეში ნახეს მრავალი ძვალი, წვრილად დაკეპილი თივა და რაღაც დიდი ცხოველის ნაკელი. ქვა-ღორღის სქელი ფენის ქვეშ გუანაკოსა და ირმების შემომწვარ ძვლებს მიაგნეს, რაც დაკეპილ თივასა და უზარმაზარი ბალახისმჭამელი ცხოველის ნაკელთან იყო არეული. იქვე გიგანტური, ერთ მეტრამდე სიგრძის ჩამტვრეული თავის ქალები ეყარა.
მღვიმის დეტალურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ აქ "ნამარხ" ცხოველებს შინაური ცხოველებივით ინახავდნენ, თუმცა ისინი ბოლომდე მოშინაურებულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, როგორც ჩანს, ინდიელები ამ მხეცებს მღვიმეში შემთხვევით წააწყდნენ და გასასვლელი ქვებით ჩახერგეს.
ანდა, შესაძლოა, უზარმაზარ გამოქვაბულს როგორც საჩეხეს, ისე იყენებდნენ გიგანტურ ზარმაცებზე ჩასაფრების დროს. მათ ნაშიერებს იჭერდნენ, ზრდიდნენ და დაკეპილი თივით კვებავდნენ. ასეა თუ ისე, ეს ცხოველები ახლახან ცხოვრობდნენ და არა მილიონობით წლის წინ.
მღვიმის გამოკვლევის დროს მეცნიერებმა მეგათერიუსის კიდევ ერთი ტყავი იპოვეს - მასზე შერჩენილი იყო ხორცის მცირე ნაფლეთები და გამხმარი სისხლის კვალი. უნებურად ჩნდება კითხვა: იქნებ ახლაც დაეხეტებიან "ისტორიამდელი" ზარმაცები ამაზონის უღრანებში, სადაც ადამიანს ფეხი ჯერ არ დაუდგამს?
უზარმაზარი ჭიები
"ოლღოი-ხორხოი" მონღოლურ ენაზე ძალიან დიდ ჭიას ნიშნავს. ცენტრალურ აზიაში ფართოდაა გავრცელებული ლეგენდები ამ არსების შესახებ. ამ ლეგენდის თანახმად, ოლღოი-ხორხოის თავისი მსხვერპლის გარკვეულ მანძილზე მოკვლის რაღაც იდუმალი უნარი აქვს, ანუ კბენის გარეშე კლავს. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ლეგენდაში არის რეალური "მარცვალი". იგი მოგვითხრობს რაღაც მეტისმეტად იშვიათ და გადაშენების გზაზე მდგომ ცხოველზე, რომელიც ახლაც შემორჩა ცენტრალური აზიის ყველაზე უდაბურ ადგილებში. მაინც რითი კლავს იგი - ელექტრული განმუხტვით თუ შხამით? ალბათ უფრო შხამით და აი რატომ, უდაბნოს ქვიშა კარგი იზოლატორია. ადამიანის მოსაკლავად ან თუნდაც გასაბრუებლად საჭირო იქნება ელექტროდენის ძალიან დიდი ძაბვა - არანაკლებ ათასი ვოლტი. ცოცხალ ბუნებაში ჩვენთვის უცნობია ასეთი გენერატორები, შხამები კი, რომლებსაც წამიერად შეუძლიათ მოკლან ადამიანი, კარგადაა ცნობილი. ზოგიერთი საკმაოდ აქროლადია და უდაბნოს მშრალი და ცხელი ჰავის პირობებში ჰაერში მოხვედრისას შეუძლია სწრაფად გარდაიქმნას სასიკვდილო ანაორთქლად. ამ განმარტების ლეგენდასთან შეკავშირებით ასეთი სურათი შეიძლება წარმოვიდგინოთ: უზარმაზარი ჭიაყელა საშიშროების მომენტში სწრაფი მოძრაობით რგოლად ეხვევა და ჰაერში შხამის წვეთებს აფრქვევს, მისი ანაორთქლი კი თავის საქმეს აკეთებს - მსხვერპლი უსულოდ ეცემა.
ასეთი ვარაუდი მით უფრო სარწმუნოა, რომ უხერხემლო ცხოველთა სამყაროში ცნობილია ჭიისმაგვარი მრავალფეხა კივსიაკი, რომელსაც დამცავი სითხით სავსე ჯირკვლები აქვს და მას სწორედ სპირალურად დახვევისას გაისვრის. და ყველაზე საყურადღებო: ამ მრავალფეხათა ოჯახში არის სახეობა, რომელიც სწორედ მომწამვლელ შხამს სტყორცნის! ახლა წარმოვიდგინოთ არა პატარა ჭია, არამედ ნახევარმეტრიანი, რომელიც თავდაცვის (ან თავდასხმის) ასეთ საშუალებას ფლობს, - და ჩვენ წინაშე ლეგენდარული ოლღოი-ხორხოია.
პაატა გეგელაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)