ქართულ-აფხაზური ნათესაური კავშირისა და ორი მსგავსი ტრადიციის მქონე ერის თანაცხოვრების არაერთი მაგალითი არსებობს. აფხაზურმა "მორდუობის" ტრადიციამ არაერთი ოჯახი ისე დაამოყვრა, რომ XX საუკუნის 90-იან წლების მოვლენებმაც ვერ შეძლო მისი გაწყვეტა... როცა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზებზე საუბრობენ, სახალხო დიპლომატია, მათ შორის დღემდე შენარჩუნებული ადამიანური ურთიერთობები და ნათესაური კავშირები არავის აგონდება. არადა, ერთმანეთთან მტრად გადაკიდებული ამ ორი ხალხის ურთიერთობაში ეს "ხიდი" ჯერ კიდევ მყარია და სიცოცხლის რისკის ფასად, ისინი ერთმანეთს მაინც არ კარგავენ...
ახალგაზრდა აფხაზი ქალი - ნანო, აფხაზებთან დამოყვრებული ქართველების მეოთხე თაობის შვილია. რამდენიმე წლის წინ მან ომის დროს დროებით გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინა. "აფხაზურად ისე თავისუფლად ვლაპარაკობ, როგორც ქართულად. ქართველ ნათესავებთან ყოფნისას, მათთან მშობლიურ ენაზე ვურთიერთობ, აფხაზებთან სტუმრობისას კი - "მეორე მშობლიურ ენაზე" (აფხაზურს ასე ვუწოდებ). აფხაზეთში, მგონი, ერთადერთი ოჯახი ვიყავით, ვინც შერეული ნათესაური შეკრებების დროს, შეგნებულად არ საუბრობდა რუსულად..." - გვიყვება ნანო.
- თქვენი აფხაზი ნათესავებიც ქართულად ლაპარაკობენ?
- დიახ, ბაბუაჩემის ხელშეწყობით, უმეტესობამ უმაღლესი სასწავლებელი თბილისსა და ქუთაისში დაამთავრა... ჩემი ოჯახის ამბის თხრობას ცოტა შორიდან დავიწყებ: ბაბუასა და ბებიას ერთმანეთი ბავშვობიდან ჰყვარებიათ. ბაბუა ქართველი იყო, ბებია - აფხაზი, მაგრამ ამას მათი ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია. როცა დაოჯახება გადაწყვიტეს, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ბაბუა ფრონტზე წაიყვანეს. ბებიაც ფრონტზე გაეპარა ოჯახს. მისი თქმით, ძლივს გააკეთა "ქართული" პასპორტი, რადგანაც ეროვნებამ ფრონტზე სანიტრად წასვლაში ხელი შეუშალა: იცით ალბათ, რომ სტალინის ბრძანებით, აფხაზი ქალები კი არა, მამაკაცებიც კი არ მიჰყავდათ ჯარში.
ამიტომაც, ათასობით ქართველი აფხაზად ჩაეწერა. ბებიას გადაწყვეტილება სამხედრო კომისარიატში გაჰკვირვებიათ... დღემდე არ ვიცი, როგორ შეხვდნენ შეყვარებულები ერთმანეთს, მაგრამ 1945 წელს ჯანმრთელობაშერყეული წყვილი მშობლიურ აფხაზეთში ერთად დაბრუნდა. ცხადია, დაოჯახდნენ, მაგრამ შვილი არ გაუჩნდათ. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარმა ბაბუაჩემის სიყრმის მეგობრის, აფხაზი კაცის პატარა იშვილეს. ბაბუამ გვარიც მისცა და ღვიძლი შვილივით გაზარდეს. ის ბავშვი მამაჩემი იყო, რომელიც არც თავის ნამდვილ მშობლებს კარგავდა.
- ალბათ ბევრი და-ძმა ჰყავდა...
- არა, მამაჩემის ჩათვლით, 3 დედმამიშვილია - ანუ მამას და-ძმა ჰყავს. მართალია, მამაჩემი ქართველების "მორდუ" (გაზრდილი) იყო, მაგრამ თავისი და-ძმის ნახვა მაშინ შეეძლო, როცა მოესურვებოდა. ერთი ოჯახივით ცხოვრობდნენ... ბაბუასა და ბებიას, როგორც ფრონტგამოვლილებს, ადგილობრივი ხელმძღვანელობა დიდ პატივს სცემდა, ორივე დაასაქმეს და, მაშინდელი კანონის თანახმად, არაერთი შეღავათით სარგებლობდნენ.
როცა მამაჩემისთვის განათლების მიღების დრო დადგა, ბაბუა მის ძმადნაფიცს მაინც დაეკითხა: შენი შვილია და საჭიროდ ჩავთვალე, შენგან აზრი მომესმინაო. გადარეულა თურმე ის კაცი - შენი შვილია და როგორიც შენ გამოგადგება, ისეთი გაზარდეო... მამამ ქართული სკოლა დაამთავრა და მისი დამსახურებით, და-ძმაც ქართულად ლაპარაკობდა. როცა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დაბრუნდა, თავისი ღვიძლი დედ-მამის მეზობელი, 13 წლის პატარა გოგონა შეჰყვარებია. მართალია, მაშინ ადრეულ ასაკში ქმნიდნენ ოჯახებს, მაგრამ ასე პატარას მაინც არავინ გაატანდა, ამიტომაც, იმის შიშით, - ამას დაქალებას არავინ აცდის და ვინმემ არ წამართვასო, - არასრულწლოვანი საცოლე მოიტაცა.
- გოგონას მშობლებმა არ უჩივლეს?
- კი უჩივლეს, მაგრამ მამას დედაჩემი გუდაუთის მთებში გადაუმალავს და მილიციამ მათ კვალს ვერ მიაგნო. დანაშაული კი მისმა ღვიძლმა მამამ აიღო საკუთარ თავზე - აბა, ინვალიდ ძმადნაფიცს ხომ არ გაუშვებდა ციხეში!... ჩემმა აფხაზმა ბაბუამ ამ საშინელი მუხლით, 12 წელი მოიხადა... იმაზე უცნაური ის იყო, მამაჩემი არასრულწლოვან საცოლეს 3 წელი რომ არ მიჰკარებია. მთაში, ბაბუაჩემის აგარაკზე ცხოვრობდნენ. დედაჩემი სიგიჟემდე ჰყვარებია, მაგრამ მის დაქალებას დაელოდა და ცოლად შემდეგ შეირთო. მისი ძმაკაცები ჰყვებოდნენ, მათთან სტუმრად მისულებს, "პატარძალთან" თოჯინები და ტკბილეული მიგვქონდაო...
დედაც აფხაზია. 5 უფროსი ძმა ჰყავს და წარმოიდგინეთ, რა ამბავს დაატრიალებდნენ პატარა დის მოტაცების გამო. როცა თავიანთი მეზობლის სახლ-კარის გაპარტახებით გული იჯერეს, თურმე ჩემს ქართველ ბაბუას სახლში მიუცვივდნენ, მაგრამ მას მთელი სოფელი გვერდში დაუდგა. მაშინ, სოფელში დაბრუნებულებმა, ბიძაჩემი მძევლად აიყვანეს და მოკვლით დაემუქრნენ... თურმე ცუდ დღეში ჩავარდა ჩემი ქართველი ბაბუა. მისი ჯიუტი შვილის "ხუშტურს" ლამის 2 ოჯახი გადაჰყვა.
ძმადნაფიცი მილიციას ჩაჰბარდა, ხოლო მის ოჯახს ყოველდღე აწიოკებდნენ. რაღას იზამდა - გათამამებულად გაზრდილი შვილობილისთვის ისღა უთქვამს, - მეგონა, უფროსების მიმართ მეტი რიდი გქონდაო, - მაგრამ რის ვაი-ვაგლახით მოტაცებულ ცოლს ხომ არ წაჰგვრიდა!.. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, თვითონ მისულა აფხაზი რძლის ოჯახში და საკუთარი ჯიუტი შვილის საქციელის გამო, მუხლებზე დაჩოქილს უთხოვია პატიება და უთქვამს, - ალბათ იცით, რომ ჩემი გაზრდილი - აფხაზია; ჩემი ღვიძლი შვილი რომ ყოფილიყო, სხვანაირად გავზრდიდი და არც მამამისის ოჯახში გაზრდილი იქნებოდა ასეთი თავხედი... თუკი ვინმე დასასჯელია, ეს მე ვარ და თქვენთან ჩემი ფეხით მოვედიო...
- როგორ შეხვდნენ?
- ყველას ეგონა, რომ ბაბუა იქიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა, მაგრამ აფხაზისთვის სტუმარი, ვინც უნდა იყოს და რა დანაშაულიც უნდა მიუძღოდეს, ისეთივე ძვირფასია, როგორც სისხლით ნათესავი. სტუმრად მისული ადამიანი მათთვის ისეთივე ხელშეუხებელია, როგორც ტაძარში შემთხვევით ნანახი მტერი. თან, მოხუცი კაცი მათთან თხოვნით მისულა და ცუდად როგორ შეხვდებოდნენ?! დედაჩემის მამას უთქვამს, - ეთქვა, თუ ასე უყვარდა ჩემი ქალიშვილი, ას თვალსა და ყურს გამოვიბამდით და ისე გავუფრთხილდებოდით, სანამ სრულწლოვანი გახდებოდაო... ბიძაჩემი, მამაჩემის ძმა მეორე დღესვე გაათავისუფლეს და ოჯახის დაწიოკებაც შეწყვიტეს... როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, დედაჩემი მთიდან სახლში ჩამოუყვანიათ. თურმე უშვილო ბებია საკუთარი ქალიშვილივით ზრდიდა, დიასახლისობას ასწავლიდა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ სკოლაშიც ატარებდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, დედ-მამა შეუღლდა და უმაღლეს სასწავლებელშიც ერთად მოეწყო.
- აფხაზმა ბაბუამ 12-წლიანი სასჯელი მოიხადა?
- დიახ. ბოლო 2 წელი შრომა-გასწორების კოლონიაში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მის ოჯახსა და შვილებს მისი ქართველი ბაბუა ჰპატრონობდა... იცით, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილის გამო კაცს ცხოვრება დაენგრა და ამდენი წელი ციხეში გაატარა, საყვედური არასდროს დასცდენია. როცა დედაჩემი უნახავს, უთქვამს, - ასეთი მშვენიერი რძლისთვის ამდენწლიანი პატიმრობა კი ღირდაო.
- ქართულ-აფხაზური ომის დროს ამ ორ ოჯახს შორის ურთიერთობა შეიცვალა?
- ჩემი აფხაზი ბაბუა ციხიდან სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა, მაგრამ 80-იანი წლების მიწურულს, როცა ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი შეტაკება მოხდა (გახსოვთ ალბათ, მაშინ რამდენიმე ადამიანიც დაიღუპა), ბაბუას, ნერვიულობის ნიადაგზე, გულის შეტევა დაემართა, რადგან აფხაზების მხარეს მისი ვაჟიც - მამაჩემის ძმაც იყო...
- თუმცა, როგორც აღნიშნეთ, ორივე ოჯახი ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობით გამოირჩეოდა...
- დიახ, ასე იყო. ჩემს ძმას მისი აფხაზი ბაბუის ანუ მამაჩემის ძმადნაფიცის სახელი ჰქვია... ბაბუამ ბიძაჩემი გააფრთხილა, - ქართველები ჩვენი ღვიძლი ნათესავები არიან და მსგავსი შეცდომა არ დაუშვაო, - მაგრამ ბიძაჩემი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლასა და ეროვნული საქმის კეთებას მაინც განაგრძობდა. თავიდან ამის შესახებ მხოლოდ მამაკაცებმა იცოდნენ. იცით ალბათ, რომ აფხაზური ტრადიციების თანახმად, ქალები მამაკაცების მორჩილები არიან და ასეთ საქმეებში არასდროს ერევიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველამ ერთად სთხოვა ახალგაზრდა აფხაზს, მეტი წინდახედულება გამოეჩინა, მაგრამ - ამაოდ: ის სახლიდან წავიდა და ერთ-ერთ აფხაზურ დაჯგუფებას შეუერთდა. იმ დროს გაგრის შეტაკებები უკვე დაწყებული იყო. მამამ დიდი გაჭირვებით დაადგინა ღვიძლი ძმის ადგილსამყოფელი და კიდევ ერთხელ სთხოვა, - შეცდომას ნუ დაუშვებო.
- რას პასუხობდა ბიძათქვენი "ქართველ ძმას"?
- თავიდან თბილად შეხვდა, თურმე თავჩაქინდრული უსმენდა, მერე კი უთქვამს, - ახლა ჩვენს ხალხს და ქვეყანას გადამწყვეტი მომენტი უდგას, არჩევანი უნდა გავაკეთო, ქართველებისა და აფხაზების მითური ძმური ურთიერთობის მსხვერპლი გავხდები თუ საქვეყნო საქმეს გავაკეთებო... როცა მამა სახლში ცოცხალ-მკვდარი დაბრუნდა, მივხვდი, რაშიც იყო საქმე.
- ვიცი, რომ მან უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო...
- დიახ, რაც უნდა ბედის ირონია იყოს, ისტორიული ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ საქმეში გამოცდილმა ადამიანებმა გონება ადვილად აურიეს... ყველამ იცოდა, რომ ბიძაჩემი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ ამაზე საუბარს გავურბოდით. სანამ სოხუმის დატოვება პირველად მოგვიწევდა, რამდენიმე დღით ადრე, შუაღამეს ჩემი აფხაზი ბაბუა მოვიდა. სახე წაშლილი ჰქონდა და ბაბუასა და მამაჩემთან ცალკე საუბარი ისურვა. მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით, მაგრამ ყველაფერი გვესმოდა და გვაინტერესებდა. ამიტომაც, კარს მიღმა ავიტუზეთ და ვუსმენდით უფროსების ლაპარაკს...
არასდროს დამავიწყდება, როგორ დაიღმუვლა მამაჩემმა, როცა მისმა მშობელმა საუბარი დაასრულა. აფხაზურად საუბრობდნენ, მაგრამ ყველაფერი გვესმოდა და მივხვდით, რომ მამამ შვილი მოკლა. ასე ვუთხარი, ქართველის ტყვიამ რომ მოგკლას, იმას მირჩევნია, ჩემი ხელით მოკვდეო... იცით, ამდენი დაპირისპირების მიუხედავად, ორივე მხარემ იმდენი შეძლო, რომ ყველა პრობლემა უსისხლოდ მოაგვარა და ქართულ-აფხაზური "მორდუობის" ფიცი წმინდად შეინახა, ბიძაჩემმა კი ამ ყველაფერს ანგარიში არ გაუწია... ალბათ ციხეში გატარებული წლები მასზე ცუდად აისახა და შვილთან საუბრისას ნერვებმა უმტყუნა...
- რატომ მოკლა? იმისთვის, რომ ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა?
- დიახ, ბევრი რამის გამო: იმისთვის, რომ მან არავის, მათ შორის, უფროსების თხოვნას ანგარიში არ გაუწია, ტრადიციებს პატივი არ სცა და ყველაზე მთავარი - ქართველებთან "მორდუობის" ფიცს უღალატა! ეს კი ჩვენი ხალხისთვის ისეთივე წმინდა და მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი სალოცავი... ამ მკვლელობიდან რამდენიმე ხანში, ჩემი აფხაზი ბაბუა გაგიჟდა, მაგრამ მისმა ქართველმა ძმადნაფიცმა და მამაჩემმა მთაში, უსაფრთხო ადგილას წაიყვანეს. ჩემი აფხაზი ნათესავები რუსეთში გაემგზავრნენ, ჩვენ კი თბილისში წამოვედით. ომის დამთავრების შემდეგ, მამაჩემი თბილისში კოდორის ხეობის გავლით დაბრუნდა. იმ დღეებში იმდენი უბედურება გადავიტანეთ, მეგონა, ემოციას ვეღარ გამოვხატავდი, მაგრამ თურმე ყველაფერი წინ მქონდა: ჩემმა აფხაზმა ბაბუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეორე ბაბუის კვალი კი იქ დაიკარგა - სავარაუდოდ, აფხაზებმა მოკლეს...
- ნანო, როგორ ცხოვრობთ ახლა? თუ გაქვთ აფხაზ ნათესავებთან ურთიერთობა?..
- მე აფხაზი ვარ, უფრო სწორად - გაქართველებული აფხაზი და ჩემთვის ორივე ერი ახლობელია, არასდროს მიფიქრია, თუ რომელია უფრო ძვირფასი... გარკვეული დროის განმავლობაში მამაჩემის აფხაზ ოჯახთან ურთიერთობა არ გვქონია. მამა თავს იკავებდა, დანაშაულის განცდა აწუხებდა, ამ უბედურებაში ჩემი გამზრდელის წვლილი ურევიაო, მაგრამ ინიციატივა მათგან წამოვიდა, რამაც ძალიან გაგვახარა. აფხაზეთში სახლ-კარი მათაც დაიტოვეს და რუსეთის ქალაქ გორკიში ცხოვრობენ... ინტერნეტითა და ტელეფონით ვეკონტაქტებით ერთმანეთს და აგვისტოში თბილისში ჩამოსვლასაც აპირებენ... ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ტკივილის მიუხედავად, ადამიანური ურთიერთობების გაგრძელება შევძელით.
ლალი პაპასკირი
ჟურნალ ”გზის" არქივიდან