უბრძოლველად რომ არაფერი მოდის, ამაში ყველა დამეთანხმებით. ნუცა 16 წლის ასაკიდან ელოდა ოცნების პრინცს. ძალიან რომანტიკული და მგრძნობიარე გოგოა, ამის გამო უამრავი იმედგაცრუება ხვდა წილად. მის გრძნობებზე ბევრმა უგულოდ ითამაშა. მისი მიამიტობით ბევრმა ისარგებლა. ბოლოს კი, როგორც ხდება ხოლმე, ხელი ჩაიქნია, დეპრესიაში ჩავარდა და კაცთა მოდგმაზე გულმოსულს, კაცის სახელის გაგონებაც აღარ უნდოდა. 1 წელმა ისე განვლო მის ცხოვრებაში, არც არავისთვის შეუხედავს სერიოზულად და ამის სურვილიც არ ჰქონია. მერე კი... ნუცას გადაავიწყდა, მის მიმართ მამაკაცების უსულგულო საქციელი და მის ცხოვრებაში უკითხავად შეჭრილ ყმაწვილკაცს გულის კარი გაუგო... ბოლოს მათი სასიყვარულო ურთიერთობა ქორწილით დაგვირგვინდა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს მშვენივრად შეეწყო. ნუცა ბედნიერი იყო, მაგრამ მისმა სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა. დედამთილი ავი ქალი აღმოჩნდა. შვილს ნუცას წინააღმდეგ ამხედრებდა. ყოველდღე, რძლისგან მალულად, ათას რამეს ეუბნებოდა ნუცაზე.
ლადოსაც ტვინი გადაუტრიალდა და დედის გავლენის ქვეშ მოექცა. ნუცას ყოველღამე ეჩხუბებოდა, სისხლს უშრობდა. მერე სასმელსაც მიეტანა და სწორედ მაშინ გამოავლინა "მჟავე" ხასიათი. ნუცას ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა. საბრალო გოგო ტირილში ათენებდა და აღამებდა. მერე კი შეეცოდა დედამთილს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ლადოს მობრუნება ძნელი აღმოჩნდა. ნუცა კარის მეზობელ ქეთის ძალიან ეცოდებოდა. როცა მისი სახლიდან ჩხუბის ხმას გაიგონებდა, მასთან გარბოდა და ნუცას გვერდში ედგა. საუკეთესო გამოსავალი ქმართან განშორება იყო, მაგრამ ნუცას ძალიან უყვარდა ლადო. ჭირს ჭირი დაემატა და ლადო ციხეში აღმოჩნდა. შვილის უბედურებით გამწარებულმა ნათელამ რძალი სახლიდან გააგდო: თუ ჩემი შვილი აქ არ იქნება, შენ რაში მჭირდებიო?! ნუცა ორსულად იყო, მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა ნათელა. მთელი ღამე ცივ ქვაზე იჯდა, ვერც ქეთი შეაწუხა, მოერიდა მასთან მისვლის. მეორე დღეს მუცელი მოეშალა, ბავშვი დაკარგა. 1 წლის შემდეგ, ლადოც გათავისუფლდა ციხიდან. სახლში რომ არ მივიდა, ნათელა მიხვდა, ნუცასთან მივიდოდა და იქ ისე მიბრძანდა, ნამუსს არც კი შეუწუხებია. ლადოს მუხლებში ჩაუვარდა და სთხოვა, შინ დაბრუნებულიყო. ლადო დათანხმდა, ოღონდ იმ პირობით, თუ თან ნუცასაც წაიყვანდა და რძალს აღარაფერს ეტყოდა. ნუცა იმ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაზე დათანხმდა, ვის გამოც შვილი დაკარგა.
ლადო ცოლს აღარ ერჩოდა, მაგრამ ახლა დედამისს უმწარებდა სიცოცხლეს, ეჩხუბებოდა და სულ საყვედურობდა, შვილი შენ გამო დავკარგეო. ნათელაც ისევ დაიბოღმა და ნუცას შვილისგან მალულად მაინც შხამავდა მწარე სიტყვებით. ნუცა ხმას არ იღებდა, არ უნდოდა, ქმარს ისევ ეჩხუბა, ყველაფერს იტანდა ამის გამო. ერთ დღეს ლადომ შემთხვევით მიუსწრო, დედამისი ნუცას რომ ეჩხუბებოდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. ყველაფერს მიხვდა. მეორე დღესვე საცხოვრებლად სიმამრის ოჯახში გადავიდნენ. ნუცა ისევ დაფეხმძიმდა, გოგონა შეეძინათ და ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერები არიან. ლუნა.