"თავისუფალი საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, ფოტორეპორტიორების საქმის გამოძიება გამჭვირვალედ წარმართოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, მათთვის გაუგებარია კონკრეტულად რა ბრალდებას უყენებენ დაკავებულებს.
"რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით ნებისმიერი მოქალაქის დაპატიმრება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სააკაშვილის რეჟიმი უკვე ატერორებს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მედიის წარმომადგენლებსაც. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საჯარო გახადოს აღნიშნული გამოძიების დეტალები და პოლიტიკურ პარტიებსა და დიპლომატებს შუალედური მონაცემები მიაწოდოს", - აცხადებს პარტიის ლიდერი კახა კუკავა.
შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის პრესფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი) დააკავა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.