თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დასუფთავების გადასახადი აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობით განისაზღვრება. რამ გამოიწვია კომუნალური გადასახადების სისტემაში ცვლილებები და როგორ აისახება ეს თბილისელების ჯიბეზე. თქვენს კითხვებს თბილისის საკრებულო პასუხობს.
გამოგზავნილი შეკითხვები:
მკითხველი ნუნუ: რატომ მოხდა დასუფთავების გადასახადის მიბმა მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადთან? აქვს ამას რამე უპირატესობა დედაქალაქისთვის?
ელექტროენერგია აღმოჩნდა ის ინდიკატორი, რომლითაც დღეის მდგომარეობით შეიძლება ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ის თბილისელები, რომლებიც ცდილობენ დაზოგონ კომუნალური გადასახადები, შესაბამისად გადაიხდიან დასუფთავების ნაკლებ გადასახადს.
მკითხველი ლეილა: ვისაც მეტი ელექტროენერგია ექნება დახარჯული, იმას დასუფთავების მეტი გადასახადი ექნება?
აღნიშნული გადაწყვეტილებით დასუფთავების გადასახადი განისაზღვრება გახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობით. ანუ 1კვტ-ზე 0.05 თეთრით.
მკითხველი ნინო: რა ლოგიკური კავშირი არსებობს ელექტროენერგიასა და დასუფთავებას შორის? თუ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოვიხმარ, რატომ მექნება მეტი ნაგავი გადასაყრელი?
ეს გახლავთ სოციალურად სამართლიანი გადაწყვეტილება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ელექტროენერგია აღმოჩნდა ის ინდიკატორი, რომლითაც დღეის მდგომარეობით შეიძლება ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა.
მკითხველი მარიამი: თბილისის მოსახლეობის რა ნაწილზე აისახება ეს ცვლილება?
თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტით შეღავათები უწესდებათ სოციალურად დაუცველ თბილისელებს, რომლებიც გადაიხდიან დასუფთავების გადასახადის 50%-ს.
თბილისელთა 75% გადაიხდის ნაკლებს, ვიდრე იხდიდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ მოწესრიგდება დასუფთავების გადასახადის გადახდის სისტემაც.
მკითხველი სოფიკო: ამ ცვლილებით უძვირდებათ თუ არა თბილისელებს დასუფთავების გადასახადი? თუ კი, დაახლოებით, რამდენ პროცენტს?
ამ ცვლილებით დაახლოებით 700 000 ადამიანს გადასახადი არ უძვირდება, ხოლო 250 000 აბონენტს ან უნარჩუნდება არსებული ტარიფი, ან პირიქით უმცირდება.
მკითხველი ნათია: ვისი ინიციატივით შევიდა საკრებულოში ეს საკითხი?
საკითხი საკრებულოში დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა.
მკითხველი ნაირა: როგორ გამოვიანგარიშო დასუფთავების გადასახადი? რა ტარიფი მოქმედებს?
ახალი სისტემით, დასუფთავების ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის ყოველ დამწვარ კილოვატ ელექტროენერგიაზე 5 თეთრი იქნება.
მკითხველი ირინა: თუ არსებობს შეღავათები გარკვეულ სეგმენტზე? (ვთქვათ, მარტოხელა პენსიონერებზე...)
დასუფთავების გადასახადზე შეღავათები უწესდებათ სოციალურად დაუცველ თბილისელებს. შესაბამისად, თუ მარტოხელა პენსიონერი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ფენას, იგი ისარგებლებს მერიის მიერ დაწესებული 50%- იანი შეღავათით.
მკითხველი ინგა: რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მოხდა მსგავსი ცვლილების მიღება, თუ ეს დამოუკიდებელი ინიციატივაა? არსებობს სხვაგან დასუფთავების გადასახადს მსგავსი სისტემა?
თბილისის მერიამ და საკრებულომ განიხილეს სხვა ქვეყნების მაგალითები და უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს კომუნალური გადასახადების ერთიან პაკეტში გადახდის სისტემა, როგორიცაა ელექტროენერგიის, დასუფთავების, ქალაქის გარე განათების, ტელეფონის, ინტერნეტის და ა.შ. ასევე განიხილებოდა დასუფთავების გადასახადის დაანგარიშება ფართების მიხედვით, რაც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე უსამართლო გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ჩვენს ქალაქში ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც გააჩნია დიდი საცხოვრებელი ფართი და აქვთ მცირე შემოსავალი.
მკითხველი ეკა: როდიდან შედის ცვლილება ძალაში და როდიდან მოგვიწევს ახალი სისტემით გადახდა?
აღნიშნული ცვლილება ძალაშია ამა წლის ივლისიდან. ახალი სისტემით დასუფთავების გადასახადის გადახდა მოხდება 2011 წლის აგვისტოდან.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4