პარტნიორები:

    ”იდიოტია... წერტილი”

    ”იდიოტია... წერტილი”

    შესავლის ნაცვლად

    "როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას, პიპა... რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს...

    ...ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.

    ...ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი...

    ...ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები". - კ. გამსახურდია, "დიდოსტატის მარჯვენა"

    ფაქტი #1

    საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს "საქინფორმის" საიტზე 16 მაისს გამოქვეყნდა სტატია ბაია ამაშუკელის ავტორობით, სახელწოდებით - "რობერტ სტურუა: "ხალხმა ვიცით სიმართლე, მაგრამ ხელისუფლება სირაქლემასავით ოსტატურად მალავს „სიცრუის ქვიშაში თავს!" რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სტატიაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

    ციტირება სტატიიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილს რეჟისორი სომხად მოიხსენიებს:

    რობერტ სტურუა: სომეხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის დამალული?

    ბაია ამაშუკელი: თავად უარყოფს ამას. ეს გასაგებია, მაგრამ იყოს სომეხი! იყოს შუშანიკი, ფეხებს დავუკოცნით. უდიდესი შანსი ჰქონდა, დიდი პიროვნება გამხდარიყო...

    რობერტ სტურუა: მერე ეგ შუშანიკივით ექცევა საქართველოს?

    ფაქტი #2

    LIBERALE.GE-ს ბლოგზე გამოქვეყნდა ჟურნალისტ ნინო ბექიშვილის ღია საპასუხო წერილი რობერტ სტურუასადმი. გთავაზობთ ამონარიდს:

    "ბატონო რობერტ! მერამდენეჯერ ჩავხედე ინტერვიუს ტექსტს - იქ შავით თეთრზე წერია: - [მიშა]  სომეხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის დამალული?"

    უცნაურია, რამ გიბიძგათ ეს ფრაზა გეთქვათ! თქვენ ხომ პოლიტიკოსი არა ხართ - ასეთ რამეებს საქართველოში, როგორც წესი, გაკოტრებული ან პირზე რძეშეუმშრალი პოლიტიკოსები ამბობენ, რათა საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენების მხარდაჭერა მოიპოვონ. სამწუხაროდ, ამგვარი რამ ჩვენში ჯერ კიდევ ჭრის.

    დიდი მემკვიდრეობა დგას თქვენი სახელის უკან. წესით, სწორედ იმას უნდა შეეჩერებინეთ, რასაც უკვე ათწლეულებია, აკეთებთ. მახსენდება ჩემი მეგობარი სომხები - თქვენ ყველანი გიცნობენ. ვინც აქ არ ცხოვრობს, ალბათ, ვერც გაიგებენ ამ ინტერვიუს შესახებ, მაგრამ ხვალ რომ შემხვდეს, როგორ უნდა გავუსწორო თვალი არაჩვეულებრივ ადამიანსა და მწერალს გივი შაჰნაზარს? თქვენი სიტყვების გამო ნამდვილად შემრცხვება. მით უმეტეს, ვიცი, როგორ უხაროდა ქართული თეატრის ყველა წარმატება, როგორ გგულშემატკივრობდათ. ასეთი კი ძალიან ბევრია თბილისელ თუ არათბილისელ სომეხთა შორის..."

    ფაქტი #3

    სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სრულიად შემთხვევით წავაწყდი თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს რობერტ სტურუას ინტერვიუსთან დაკავშირებით. პროფილის ავტორმა მოგვიანებით უცხო სტუმართათვის ინფორმაცია დახურა, თუმცა მოვასწარი, გადმომეტანა ის გასაოცარი ტექსტები, რომელიც ჩერგოლეიშვილის სამეგობრომ "გაიმეტა" მსოფლიო დონის რეჟისორისადმი. ვიდრე ამ დისკუსიების ნაწილს შემოგთავაზებთ, ორიოდე საყურადღებო დეტალი:

    1. როგორც მიმოწერიდან ირკვევა, რობერტ სტურუას ღვაწლის, საერთაშორისო წარმატებისა თუ პიროვნული სიდიადის შესახებ ადამიანთა ეს სეგმენტი არასრულ ინფორმაციას ფლობს, ან უბრალოდ არ იცის, ან კიდევ არ სურს დაჯერება-აღიარება. იმ მსოფლიო გამოხმაურებისა თუ საერთაშორისო აღიარებების ნუსხა, რომელიც მოვიძიე, აქ რომ წარმოვადგინო, ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს, თან ორი მიზეზი გამაჩნია იმისთვის, რომ ეს არ გავაკეთო: პატივისცემა დიდი მაესტროს ტალანტისადმი და შენდამი, მკითხველო! იმის მტკიცება, ვინ არის რობერტ სტურუა, უხერხულია.

    2. თამარ ჩერგოლეიშვილის მიღწევების შესახებ, რაც მოვიძიე, მხოლოდ ის არის, რომ ის გიგა ბოკერიას მეუღლე და ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორია.

    გთავაზობთ მცირე ნაწილს ჩერგოლეიშვილისა და მისი სამეგობროს მიმოწერიდან, დასკვნა თქვენთვის მომინდვია (უცენზურო გამონათქვამების გამო, რედაქცია ბოდიშს გიხდით, თუმცა ვეცადეთ, შედარებით "წესიერი" ფრაზები შეგვერჩია):

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ვინც ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მეტყვის, რომ რობერტ სტურუა სრული სირი არ არის, აღარ დამირეკოს. სრული კი არა, დეგრადირებული სირია(!).

    მერაბ აბდალაძე: ეს რობიკო სულ ... არადა, როგორი დიდი რეჟისორი იყო? ასეთი რამ რომ ხდება, მეჩვენება ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა, ან უახლოესმა მეგობარმა მიღალატა და ადამიანის მიმართ რწმენა მისუსტდება. ზუსტად ამ ღალატის გამო ქუჩაში რომ შემხვდეს, კარგად ვაგინებდი.

    რუსუდან ვაშაკიძე: ასეთი აზრების პატრონი როგორ შეიძლება კარგი რეჟისორი ყოფილიყო? უბრალოდ იმ პერიოდში ალტერნატივები არ არსებობდა და არც არავის ახარებდნენ სხვას.

    შო კვარა: კლიმაქტოიდური მოხუცის ბოდვები...

    ერეკლე ურუშაძე: სირი კი არა ყ..ა!

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ერეკლე, ზუსტად ეგ მინდოდა დამეწერა, მაგრამ კდემამოსილებისკენ მომიწოდებს გარემოცვა და... როცა პრესის თავისუფლება არ გვქონდა, ეს კაცი გენიოსი გვეგონა - ახლა ვისაც ჭკუა მოეკითხება, ყველამ იცის რომ პიტალო ყ...ა(!!!).

    ლექსო მაჭავარიანი: მე მაქვს სტურუას სპექტაკლები ნანახი და ისეთივე სირობაა, როგორიც ინტერვიუ...

    თეონა ჯაფარიძე: ინტერვიუ საშინელია, კიდევ უფრო საშინელია ჟურნალისტი. სტურუას სპექტაკლებს რაც შეეხება, მოგწონთ თუ არა, ეს თქვენი საქმეა, ფაქტია, რომ ლონდონის ღივერსი დე  შტუდიო-ში დადგმული მისი "ჰამლეტი" ოფიციალურად ბოლო 50 წლის "ჰამლეტების" საუკეთესო ხუთეულშია...

    თამარ ჩერგოლეიშვილი: იმდენი ხნის წინ ვნახე ყველაფერი და ისეთი პატარა ვიყავი, რომ ვერაფერს ვიტყვი. მე ზოგადად თეატრი არ მიყვარს და მის შემფასებლად ვერ გამოვდგები... მე, რომელსაც თეატრი არ მესმის, რობერტ სტურუას პროფესიონალიზმში ეჭვი მეპარება...

    ქეთი დევდარიანი: პოლიტიკური სიბეცე, ქსენოფობია, სექსიზმი და ალოგიკურობა ნამდვილად იძლევა იმის საფუძველს, რომ დავასკვნათ - რობიკო გონებაშეზღუდულია.

    თამარ ჩერგოლეიშვილი: იდიოტია. წერტილი.

    ფაქტი #3

    რობერტ სტურუას გარემოცვიდან პირველი აღმოჩნდა რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ამ ფაქტთან დაკავშირებით მყისიერი რეაქცია და პროტესტი ჰქონდა:

    ბესო ზანგური: "ამ ტექსტების წაკითხვისთანავე თამარ ჩერგოლეიშვილს მივწერე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამხელა ადამიანს ასე უცენზუროდ რომ მოიხსენიებთ, უხერხულია-მეთქი. მიპასუხა, სირია და რა ვქნაო... ამაზე ვუთხარი, შე მართლა სირო-მეთქი. ჩემი პირადი მიმოწერა მან საქვეყნოდ გამოფინა ყველას წასაკითხად, რასაც მისი მხარდამჭრების მხრიდან მორიგი უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა როგორც ბ-ნი რობერტის, ასევე ჩემი მისამართით.

    თამარ ჩერგოლეიშვილი კი, რომელიც თეატრში არც ყოფილა, თავს უფლებას აძლევს, მსოფლიო ლეგენდად ქცეულ რეჟისორს "დეგრადირებული სირი" უწოდოს. იმედი მაქვს, ამ კომენტარის შემდეგ ტყეში ან გლდანის ციხის რომელიმე ჯურღმულში ჩამომხრჩვალს არ მნახავენ."

    კომენტარი #1

    დიდი მაესტრო საქართველოში არ იმყოფება. მას ლონდონში დავუკავშირდით და კომენტარი "ფეისბუქით" ჩამოვართვით.

    რობერტ სტურუა: - "რა ვქნა, იქნებ დამიჭირონ და კედელთან დამაყენონ. სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის მსოფლიოში კარგად ცნობილ სისხლისმსმელ თანამემამულეთა ბოროტი თესლი ჯერ კიდევ ფეთქავს ზოგიერთი ქართველის სულსა და გულში! რაც შეეხება სომხობას, რამდენ სომეხ მსახიობს უმუშავია ქართულ სცენაზე, ისინი არ მალავდნენ თავის ეროვნებას, უბრალოდ ფსევდონიმებს მოიშველიებდნენ ხოლმე. ჩვენი თეატრის მთავარი დირიჟორი ლევან ოგანეზოვიც სომეხია.

    ბოლოს და ბოლოს, ჩემი საყვარელი ბიცოლა გახლდათ სომეხი. ადამიანი ეროვნებას თუ მალავს ან საერთოდ უარს ამბობს თავის მშობელ მამაზე, საეჭვოდ მიმაჩნია. რა ვქნა, ვერა და ვერ ვენდობი... რაც შეეხება უხამს კომენტარებს, თუ მათ არ მოვწონვარ როგორც რეჟისორი, როგორც ადამიანი, თუ მოქალაქედაც არ მთვლიან, ერთი რამ დარჩენიათ (და ყველა ატყობს, რომ ეს ბოღმა კი არა, ისტერიკაა) - ჩამომახრჩონ! მეც მოვისვენებ და შოკოლადის ქარხნის დირექტორიც".

    კომენტარი #2

    თამარ ჩერგოლეიშვილს პირად ნომერზე დავუკავშირდი. როგორც კი შეიტყო, რომ პრესის წარმომადგენელი ვარ, კომენტარზე ჯერ უარი მითხრა, თუმცა, მცირე დიალოგი მაინც შედგა:

    - თქვენ ფიქრობთ, რომ ის ასობით უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარი, რომელიც თქვენ და თქვენმა მეგობრებმა დაწერეთ, სამართლიანია?

    - საჯარო კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე "რუსთავი 2"-ისა და "მაესტროს" ეთერში. რაც შეეხება ჩემს უცენზურო გამონათქვამებს, ინტერნეტში ჩემი მეგობრებისთვის შემიძლია დავწერო ის, რაც მსურს. ვფიქრობ, რომ რობერტ სტურუას საქციელი სამარცხვინოა და ეთნიკური ნიშნით ადამიანების გარჩევა არ შეიძლება.

    - არავინ დაგიკავშირდათ რობერტ სტურუას გარემოცვიდან, ან მისმა თაყვანისმცემლებმა პროტესტი არ გამოთქვეს ამ საკითხთან დაკავშირებით?

    - რობერტ სტურუას თაყვანისმცემლები საერთოდ არ მაინტერესებს, ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ამ საუკუნეში ადამიანის გაკერპება უზნეობად მიმაჩნია.

    - დიახ, მაგრამ თქვენ ხომ მიხვდით, რომ "თაყვანისმცემელში" კერპთაყვანისმცემლობა არ მიგულისხმია?

    - საერთოდ არ მაინტერესებს ადამიანები, რომლებიც სტურუას სცემენ თაყვანს! მისი შემოქმედებაც საერთოდ არ მაინტერესებს!

    - არ ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ წარმოთქმული ფრაზები უხერხულობას შეუქმნის თქვენს მეუღლეს... მის საქმიანობას?!

    - იცით რა, ამასთან დაკავშირებით თავად მას დაურეკეთ და ჰკითხეთ, მე ვერაფერს გეტყვით. მე ჩემი აზრი მაქვს.

    P.S. გიგა ბოკერიასთან დაკავშირებას ამაოდ ვცდილობდით. ის სატელეფონო ზარს არ პასუხობდა...

    სალომე ლილუაშვილი

    ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

    (გამოდის ორშაბათობით)

    გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

    ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"