ავტორი:

“გიორგი გახარიამ ჩემთან დარეკა, ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო, მთხოვა, რომ საჭიროა “ბულდოზერი“ ან ტრაქტორი, ტყეში არის გზა გასაყვანი“ - მაია ცქიტიშვილი

“გიორგი გახარიამ ჩემთან დარეკა, ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო, მთხოვა, რომ საჭიროა “ბულდოზერი“ ან ტრაქტორი, ტყეში არის გზა გასაყვანი“ - მაია ცქიტიშვილი

“[სოფელ ჩორჩანაში, უშუალოდ საგუშაგოს ჩადგმამდე] ჩემთან დარეკა იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მითხრა, რომ ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო. მთხოვა, იმ დროისთვის, რა რესურსიც გვქონდა, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტყეში გაგვეყვანა გზა. ეს იყო კომუნიკაცია რაც გიორგი გახარიასთან მქონდა“, - ეს განცხადება გააკეთა სასამართლო პროცესზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საქმე დაცვის მხარის მოწმეა და დღეს სწორედ მოწმის სახით დაიკითხა

  • როგორც მან აღნიშნა, მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ ჩორჩანას ტყეში საოკუპაციო ძალების მიერ ხდებოდა მონიშვნები, რასთან დაკავშირებითაც იმდროინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიასა და მას შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა, საუბრის საკითხი კი გახარიას მხრიდან ჩორჩანაში გზის გაყვანის აუცილებლობა იყო.

ცქიტიშვილის თქმით, სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ისე შს მინისტრის მოადგილე.

"მედიაში აქტიურად შუქდებოდა პროცესები. ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლის მერე აქტიურად მიმდინარეობდა. 2017-2018-2019 წლებში პროცესი საკმაოდ იყო გააქტიურებული. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, ჩანაწერები, სადაც ბორდერიზაციის პროცესის შედეგად საკარმიდამო გადაღობვა ხდებოდა, ასევე, იყო ახალი მონიშვნები, ამას ვხედავდით - ეს ჩორჩანაშიც იყო . ჩორჩანაში, მას შემდეგ რაც საკითხი აქტუალური გახდა, 2019 წლის იანვრიდან დაფიქსირდა ყვითელი მონიშვნები ტყეში. ჩანაწერში ვნახეთ, ხდებოდა მონიშვნები, რაც იყო მავთულხლართით შემოღობვის წინაპირობა.

[უშუალოდ საგუშაგოს ჩადგმამდე] ჩემთან დარეკა იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მითხრა, რომ ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა, და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო. მთხოვა, იმ დროისთვის, რა რესურსიც გვქონდა, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტყეში გაგვეყვანა გზა. ეს იყო კომუნიკაცია რაც გიორგი გახარიასთან მქონდა. ეს იყო აგვისტოს დასაწყისში. საუბარი გვქონდა გზის გაყვანაზე, რომელიც მანამდე არ არსებობდა. მთხოვა, რომ საჭიროა “ბულდოზერი“ ან ტრაქტორი, ტყეში არის გზა გასაყვანი. ჩემს მოადგილეს ილია ბეგიაშვილს ვთხოვე დაჰკავშირებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტს, შესაბამისი კონტრაქტორის მეშვეობით სამუშაოები შეესრულებინათ. დაახლოებით 112- კმ გზა იყო გასაყვანი, რასაც მუნიციპალიტეტი მისი ერთეული ტექნიკით ვერ შეძლებდა.

გახარიამ მითხრა, რომ საჩქარო პროცესი იყო რადგან არსებობდა ტერიტორიის დაკარგვის რისკი. მე ვუთხარი, რომ ეს იყო სატენდერო პროცესი, რაც გრძელვადიან პროცესს მოიცავდა. ეს პასუხი მიიღო. მითხრა, რომ მის მოადგილე ლევან კაკავასთან მქონოდა კომუნიკაცია, ასევე, კომუნიკაცია ჰქონოდა კაკავასთან ჩემს მოადგილეებს. კაკავამ მითხრა, რომ მოაგვარებს ამ საკითხს, შესაბამისად, პროცესში ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ ჰქონია ჩართვა.

დიახ, გიორგი გახარიამ მითხრა, სოფელ ჩორჩანაში გააქტიურებულია პროცესი, შეიძლება ტერიტორია დავკარგოთ და საჭიროა გზის გაყვანაო. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა გარკვეული სამუშაოები შეასრულა [გზის გასაყვანად]",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მან ასევე, ისაუბრა საგუშაგოს შემდგომ განვითარებულ პროცესზე, რა დროსაც თავად უკვე ვიცე-პრემიერი იყო. ცქიტიშვილის თქმით, სამთავრობო სამუშაო პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდა, თუმცა უშუალოდ ჩორჩანას საკითხზე რაიმე ფართო დისკუსია არც ყოფილა მთავრობაში.

"საგანგაშოს ვერაფერს, მძაფრი დისკუსია და ა.შ. არ მახსენდება. იმ დროინდელ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან კომუნიკაცია საჭიროებისამებრ მქონდა. საგუშაგოს თემაზე მამუკა ბახტაძესთან საუბარი არ მქონია, მაგრამ მასთან კომუნიკაციის წყვეტაც არ მქონია, როცა მჭირდებოდა ხელმისაწვდომი იყო.

ვიმეორებ, როცა დამირეკა გიორგი გახარიამ, დეტალური საუბარი არ გვქონია უბრალოდ, “ბორდერიზაცია” ყველა მოქალაქისთვის გასაგები ტერმინია. მითხრა, რომ ბორდერიზაცია აქტიურად მიმდინარეობს, ტყის წაღება უნდათ, შესაჩერებლად გარკვეული სამუშაოებია საჭიროო. ვრცელი საუბარი არ გვქონია მით უფრო, რომ იქ მედიაშიც არსებობდა ამაზე ინფორმაცია - მედიაში შუქდებოდა ეს პროცესი. თუ არ ვცდები, მაშინ დავით ქაცარავა, რომელიც მაშინაც "ქართული ოცნების" მიმართაც ოპოზიციურ ფლანგად მიიჩნეოდა, მისგანაც და მედიიდანაც შუქდებოდა ეს პროცესი.

როცა მესაუბრა გიორგი გახარია, არ მახსოვს კონკრეტულად საგუშაგო ახსენა, თუ არა... საგუშაგოს ჩადგმაზე უკვე გავიგე, მას შემდეგ რაც მედიაში გაშუქდა...ამის შემდეგ, არც მე და არ მოადგილეებს გიორგი გახარიასთან არ გვქონია კომუნიკაცია. მის მოადგილე, ლევან კაკავასთან ჰქონდათ კომუნიკაცია ჩემს მოადგილეებს". განაცხადა ცქიტიშვილმა

მისი თქმით, ჩორჩანას საკითხზე მაშინდელ მთავრობის ახდომებზე საუბარი არ ყოფილა.

"ყველა მთავრობის სხდომას ვესწრებოდი, არ ვესწრებოდი უშიშროების საბჭოს სხდომას, რადგან წევრი არ ვიყავი. მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი (ჩორჩანას საკითხზე) განხილვა არ ყოფილა. ასეთი ტიპის საკითხზე, რადგან სენსიტიური თემაა, ზოგადად მსჯელობა უშიშროების საკითხზე ხდება",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.