ავტორი:

"მხოლოდ იმას ველი, დავსაჯო, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემი ხუთი წლის შვილის დაღუპვაში“- აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ბავშვის საქმე: რას ჰყვებიან მშობლები

"მხოლოდ იმას ველი, დავსაჯო, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემი ხუთი წლის შვილის დაღუპვაში“- აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ბავშვის საქმე: რას ჰყვებიან მშობლები

27 ოქტომბერს, ქუთაისში, 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

  • დანიელ ბაზაძე დღეს დაკრძალეს.

მშობლებმა "ფორმულასთან“ ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ახლა მათი მთავარი მიზანი სამართლის პოვნაა.

მშობლების მონათხრობის მიხედვით, ბავშვს მუცელი ასტკივდა. ქუთაისის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა გასინჯვის შემდეგ უთხრეს, რომ მას აპენდიციტის ოპერაცია დაუყოვნებლივ უნდა გაეკეთებინათ.

მათი თქმით, ოპერაციას გართულებები მოჰყვა. ბავშვს სასუნთქი გზები შეუშუპდა, რის გამოც მისი აპარატზე გადაყვანა გახდა საჭირო. თუმცა, როგორც მშობლები ჰყვებიან, ამის შემდეგ ბავშვი კვლავ კონტაქტური გახდა და კლინიკაში სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად საკუთარი ფეხით გადაადგილდებოდა.

"მიწას უნდა მივაბარო ჩემი ერთადერთი შვილი, რომელსაც სიმწრით ვზრდიდი და მასზე ვამყარებდი მთელ იმედებს. ახლა რა უნდა გავაკეთო?! ეს უბრალოდ დაუდევრობის ბრალია. ბავშვს რომ რამე სჭირვებოდა... თავისი ფეხით მივიდა, საღსალამათი. ამ დაქცეულ ქვეყანაში რატომ უნდა გეშინოდეს ადამიანს ექიმთან მისვლის და თუნდაც ბრმანაწლავის ამოღების?

გადაუღეს ბავშვს ყველაფერი, არაფერი პრობლემა არ აქვსო. გაუკეთეს ანესთეზია, წამოიღო ნახველი და ჯერ ერთი მილი მოსინჯეს, მეორე, მესამე და ძლივს მივიდნენ იმ ეტაპამდე, რომ ბავშვის ყელის შესაბამისი მილი მოერგოთ. ამასობაში ყელი შეუშუპდა და აღარ შეეძლო სუნთქვა, ამიტომ შეაერთეს აპარატზე. თუ ეს სიმართლეა, უნდა თქვან. მინდა, რომ ამ დაქცეულ ქვეყანაში სამართალს მივაგნო და, თუ ვინმე დამნაშავეა ამაში, პასუხი აგოს“, - აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის მამა.

  • დანიელის დედის თქმით, ექიმები მას რამდენიმე დღის განმავლობაში შვილთან შესვლისა და მისი ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ.

"თავისი ფეხით დადიოდა რენტგენზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე - ყველაფრის გადასაღებად. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ხუთი წლის ბავშვთან ერთი საათითაც კი არ მიშვებდნენ. იხვეწებოდა, სახლში წამიყვანეო, მაგრამ ვერ წავიყვანე და მკვდარი მოვიყვანე აქ...

27-ში, დილით, დაგვირეკეს: თქვენს შვილს გულის გაჩერების ეპიზოდები აქვს და ყველაფერს ვაკეთებთ მდგომარეობიდან გამოყვანისთვისო. ათი წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ გადავრეკეთ და გვითხრეს: ბოდიში, თქვენი შვილი გარდაიცვალაო.

მხოლოდ იმას ველი, რომ ვნახო სამართალი და ჩემი შვილის ამ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის დავსაჯო ადამიანები, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემი ჯან-ღონით სავსე, ხუთი წლის შვილის დაღუპვაში“, - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა.

საქმეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს.

"დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა სამედიცინო რეგულირების სააგენტომ და პარალელურად სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს შსს. ორივე უწყებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მიეწოდათ დოკუმენტაცია. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გავატარებთ ღონისძიებებს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე“, - აცხადებს "ფორმულასთან“ კლინიკის იურიდიული სამსახურის უფროსი არმაზ ხელიძე.