"დინამოს“ ლეგენდარულ კაპიტნებს "დინამო არენაზე" ვარსკვლავები გაუხსნეს. მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძესა და ალექსანდრე ჩივაძეს სახელობის ვარსკვლავები ბორის პაიჭაძის ძეგლის წინ განთავსდა.
ღონისძიებას საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მათ შორის: ვეტერანი ფეხბურთელები, სპორტის გულშემატკივრები, მსახიობები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, ვარსკვლავების გახსნის იდეა უეფა-ს მედიაოფიცერს, მამუკა კვარაცხელიას ეკუთვნის.
- მურთაზ ხურცილავა ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მცველია. თბილისის "დინამოს“ ღირსებას 1961-1975 წლებში იცავდა და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანიც იყო.
- მანუჩარ მაჩაიძე თბილისის "დინამოს“ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კაპიტანია. ნახევარმცველი გუნდში 1967-1980 წლებში თამაშობდა და მის შემადგენლობაში 431 მატჩი ჩაატარა, 62 გოლი გაიტანა.
- ალექსანდრე ჩივაძე კი იმ გუნდის კაპიტანი იყო, რომელმაც თბილისის "დინამოს“ ისტორიაში უმთავრესი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა. ცენტრალური მცველი გუნდში 1974 წელს ჩაირიცხა, 1980-1987 წლებში კი მისი კაპიტანი იყო. 1981 წელს სწორედ ჩივაძის კაპიტნობით მოიგო "დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასი.