ორი ქართველი ქალი ათენში გაუჩინარდა. დედა და ქალიშვილი - 59 წლის ჟუჟუნა და 21 წლის ანა - 2007 წლის 6 ივლისის შემდეგ აღარავის უნახავს. მათი კვალი გაქრა, გამოძიება კი წლების განმავლობაში უშედეგოდ გრძელდებოდა. არავინ იცოდა, რომ ქალები უკვე მოკლულები იყვნენ, მათი ცხედრები კი დანაწევრებული და ნაგვის პარკებში მოთავსებული.
მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში, საბერძნეთის პოლიციამ ამ შემზარავი დანაშაულის დეტალები გაასაჯაროვა. გამოძიების მასალებში აღწერილი იყო, როგორ დაახრჩვეს დედა-შვილი, როგორ დაანაწევრეს მათი ცხედრები და როგორ გააქრეს კვალი. საქმეში პაკისტანის სამი მოქალაქე ფიგურირებდა, რომელთაგან ერთ-ერთმა პოლიციას მომხდარის დეტალები თავად უამბო.
ყველაფერი ათენის პეტრალონას რაიონში მდებარე ბინაში მოხდა.
გამოძიების მიხედვით, ახალგაზრდა ანას ერთ-ერთ ბრალდებულთან, ნაზიბ ულაჰთან, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. თავად ულაჰის ჩვენებით, ისინი 2004-2006 წლებში ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობა დასრულდა.
ბრალდებული ამტკიცებდა, რომ დაშორების შემდეგ ანა და დედამისი კაცისგან ფულს ითხოვდნენ და ემუქრებოდნენ, რომ მის მეუღლეს მათი ურთიერთობის შესახებ მოუყვებოდნენ.
მისი მონათხრობით, ქალებისთვის 2007 წლის ივნისამდე 21 500 ევრო ჰქონდა გადახდილი. ამ თანხას ემატებოდა სხვა ხარჯებიც - ქირა, ტანსაცმელი და სხვადასხვა საჭიროება.

ულაჰის თქმით, ქალები მას მაშინაც არ მოეშვნენ, როდესაც მეოთხე შვილი შეეძინა. მისი მტკიცებით, ისინი საავადმყოფოშიც მივიდნენ, 1 500 ევრო გამოართვეს, პასპორტი წაართვეს და მოგვიანებით 10 000 ევრო მოსთხოვეს.
ბრალდებულის ვერსიით, გამოსავლის ძიებაში მან დახმარებისთვის თავის ბიზნესპარტნიორს, მუხარ აჰმედს მიმართა. აჰმედმა უთხრა, რომ 10 000 ევროს სანაცვლოდ შეეძლო ქალების საბერძნეთიდან გაძევების საკითხის მოგვარება.
თუმცა, ულაჰის მონათხრობის თანახმად, ამ შეთანხმების შემდეგ, მოვლენები სრულიად სხვა მიმართულებით განვითარდა.
2007 წლის აგვისტოში ულაჰი პეტრალონაში, საკუთარ ბინაში მივიდა. მისი ჩვენებით, იქ უკვე მუხარ აჰმედი იმყოფებოდა. მაგიდაზე ალკოჰოლური სასმელი იდგა. აჰმედმა მასაც დაუსხა და ფული გამოართვა. როდესაც ულაჰმა იკითხა, სად იყვნენ ანა და ჟუჟუნა, პარტნიორმა უპასუხა, რომ მათ მეზობელ ოთახში ეძინათ. როგორც მოგვიანებით ულაჰი ამტკიცებდა, აჰმედს ქალებისთვის სასმელში საძილე აბები ჩაეყარა.
თავად ულაჰიც ამბობდა, რომ ორი ჭიქა ვისკის სწრაფად დალევის შემდეგ თავბრუსხვევა დაეწყო და ეჭვი ჰქონდა, მის სასმელშიც რაღაც იყო შერეული.
შემდეგ აჰმედმა ოთახიდან ჟუჟუნა გამოიყვანა. ულაჰის ჩვენებით, მას კისერზე თოკი გაუკეთა და გაგუდვა დაუწყო.
"შევყვირე, რადგან შეშინებული ვიყავი, მაგრამ აჰმედმა მითხრა, რომ თუ მეც არ ჩავერთვებოდი, ეს საქმე არ დასრულდებოდა“, – ასე აღწერდა ულაჰი მომხდარს.
მისი მტკიცებით, საბოლოოდ თავადაც ჩაერთო მკვლელობაში. ჯერ ჟუჟუნა დაახრჩვეს, შემდეგ კი ოთახიდან ანა გამოიყვანეს და ისიც იმავე მეთოდით მოკლეს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
ორი ქალის მკვლელობის შემდეგ აჰმედმა დახმარებისთვის სუფი რაჯა მოიყვანა. სწორედ მისი ჩვენება გახდა საქმის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილი. რაჯა პოლიციას უყვებოდა, რომ საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ ათენის ომონიას რაიონში, სუვლაკის რესტორანში მუშაობდა. დაწესებულება წარსულში ულაჰსა და აჰმედს ეკუთვნოდათ.
მისი თქმით, ერთ საღამოს აჰმედი რესტორანში მივიდა და სთხოვა, მასთან ერთად წასულიყო, რადგან პარტნიორს დახმარება სჭირდებოდა. რაჯას არ უკითხავს, რა პრობლემა იყო და თან გაჰყვა.
პეტრალონაში, ულაჰის ბინაში მისულს იატაკზე ორი გარდაცვლილი ქალი დახვდა. როგორც თავად ამბობდა, მაშინვე ვერ მიხვდა, ვინ იყო მეორე ქალი. შემდეგ აჰმედმა სამზარეულოდან დიდი დანა მოატანინა და ქალების ცხედრების დანაწევრება დაავალა.
რაჯას ჩვენებით, მან ცხედრები პატარა ნაწილებად დაჭრა. შემდეგ სამივემ სხეულის ნაწილები ხუთ დიდ შავ ნაგვის პარკში მოათავსა. პარკები აჰმედის ავტომობილის საბარგულში ჩააწყვეს.
ულაჰის მონათხრობის მიხედვით, ისინი პირეაში წავიდნენ და პარკები სხვადასხვა ნაგვის ურნაში გადააგდეს. ასე გაქრა დედა-შვილის ცხედრების კვალი.
დანაშაულის შესახებ პოლიციამ მხოლოდ 2020 წლის შემოდგომაზე შეიტყო ახალი ინფორმაცია. მკვლელობების განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ანა და ჟუჟუნა უბრალოდ გაუჩინარებულები კი არა, მოკლულები იყვნენ.
მკვლელობის საქმეზე პოლიციამ სამი მამაკაცის კვალი მიაკვლია. მათგან ერთმა დანაშაული აღიარა, მეორე ყველაფერს უარყოფდა, მესამემ კი გამომძიებლებს მომხდარის დეტალები მოუყვა.
მუხარ აჰმედი დანაშაულში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფდა. მისი თქმით, ულაჰი ანაზე ეჭვიანობდა და სწორედ ამიტომ ცდილობდა მკვლელობაში მის დადანაშაულებას. აჰმედის ადვოკატი ალექსის კუგია კი ამტკიცებდა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ქალების მოკვლის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. ადვოკატის თქმით, მკვლელობის შემდეგ აჰმედი საბერძნეთში დარჩა, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ბიზნესსაქმიანობასაც აგრძელებდა, ულაჰმა კი ქვეყანა დატოვა.
2020 წლის ოქტომბერში საბერძნეთის პოლიციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2007 წელს მომხდარი ორმაგი მკვლელობა გახსნილი იყო. საქმეზე მასალები პროკურატურას გადაეგზავნა.
დედა-შვილის გაუჩინარებიდან 13 წლის შემდეგ გაირკვა, რომ მათი კვალი ათენის ნაგვის ურნებში გადაყრილ პარკებთან მიდიოდა. თუმცა მათი ცხედრები დღემდე ვერ აღმოაჩინეს.
ambebi.ge-ს არქივში ინახება სტატია, სადაც მომხდარის შესახებ ქართველი ემიგრანტი, მანანა ჩიქოვანი დეტალურად აღწერს ქალების გაუჩინარების შემდეგ მომხდარ ამბებს. ის პირადად იცნობდა მოკლულ დედა-შვილს:
- ეს ძალიან გახმაურებული ამბავი იყო წლების განმავლობაში. ბერძნულ ტელევიზიაში არაერთხელ გაშუქდა. ცნობილი ორსაათიანი გადაცემა "სინათლე გვირაბში", რომლის მიზანიც დაკარგული ხალხის მოძებნაა, მთლიანად ანასა და ჟუჟუნას მიუძღვნეს. მე ისინი გავიცანი 1996 წელს, როდესაც ახალი ჩასული ვიყავი საბერძნეთში. თავადაც ახალი ჩამოსულები იყვნენ. ძალიან უჭირდათ.
ჟუჟუნა ისეთი ლამაზი და კოხტა ქალი იყო, ანი მაშინ 9-10 წლის იქნებოდა. მახსოვს, თავიდან ბინა რომ იქირავეს, ვერ გადაიხადეს ქირა და მეპატრონეს ბავშვიანად გარეთ გამოუგდია ჟუჟუნა. ის ღამე ეკლესიის ეზოში გაუთევიათ. ზოგადად, ბავშვიან ქალს არ იღებდნენ მოხუცების მომვლელებად და მაგიტომ გაუჭირდა თავიდან.
შემდეგ როგორც იქნა მიიღო ერთმა ღვთისნიერმა ოჯახმა და თანდათან მოძლიერდა მატერიალურად. მახსოვს, გახარებული მხვდებოდა ხოლმე გზაში, აი, მანანა, ფეხზე ვდგებით, მგონიო. ვწვალობ ჩემი ანისთვისო. ბოლოს, რომ ვნახე, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე, მითხრა, დიდი ბინა მაქვს ნაქირავები და დღიურად ვაქირავებო. ასე იქცევა ბევრი ქართველი - ფულს რომ იშოვიან, დამატებით შემოსავალს იჩენენ.
პარალელურად ბარში ვმუშაობო. ძალიან წარმატებულები ვართ მე და ჩემი შვილი, ანი სკოლაში კარგად სწავლობს, ქართულ ცეკვებზეც დადის, ნეტა იცოდე რა გოგო მყავსო. მართლაც, ისეთი ლამაზი იყო ანი... აშოლტილი. 20-21 წლის იქნებოდა ეს ამბავი რომ მოხდა. ბოლოს ისინი მუშაობდნენ პაკისტანელების კაფეში. სალაროზე ამუშავებდნენ ანის თურმე და ჟუჟუნა მენეჯერი იყო. ერთ დღესაც დაუგვიანია სამსახურში ანის, დაურეკავთ დედამისისთვის, შენს შვილს პრობლემა აქვსო, ეს გავარდნილა კაფედან და მას შემდეგ არავის უნახავს", - ჰყვებოდა ქართველი ემიგრანტი.