ავტორი:

"ემოციებმა მძლია და სპექტაკლის დროს დარბაზიდან მაყურებლის გაძევება მომიწია" - ნიკა კუჭავა თეატრსა და მსახიობის ცხოვრებაზე

"ემოციებმა მძლია და სპექტაკლის დროს დარბაზიდან მაყურებლის გაძევება მომიწია" - ნიკა კუჭავა თეატრსა და მსახიობის ცხოვრებაზე

18 წლის იყო პირველი სპექტაკლი რომ ითამაშა... უკვე 25 წელია, სცენაზე დგას. მსახიობის რთული და საინტერესო პროფესია აირჩია და არ ნანობს. გაუმართლა, მოულოდნელად სრულიად ახალგაზრდა, მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს, მოხვდა ისეთ რეჟისორთან, რომელმაც მთელი მისი შემოქმედებითი გზა განსაზღვრა... საუკეთესო როლებისთვის პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვებულიც გახლავთ. დღეს გარდა მარჯანიშვილის თეატრისა "თეატრი-სახელოსნო 42“-ის მსახიობია...

Ambebi.ge-მ ნიკა კუჭავა სპექტაკლის შემდეგ ჩაწერა...

- როგორია თქვენი ემოცია სპექტაკლის შემდეგ? პერსონაჟი სახლამდე მოგყვებათ?

- პერსონაჟი არა, მაგრამ ის ენერგია, საერთოდ რისთვისაც ღირს მსახიობობა და რისთვისაც არიან მსახიობები, ის ენერგია მოგყვება. რაღაცნაირად გკვებავს და ამიტომ, სახლამდე კი არა, მეორე დღესაც არ ნელდება. ყველაზე სასიამოვნო ალბათ ის ენერგიაა, რომელიც მაყურებლისგან მიიღე. ვიცით ხოლმე თქმა: "დღეს რა კარგი მაყურებელი იყო!“ ან "დღეს ნაკლებად კარგი მაყურებელი იყო“. ოღონდ, არავინ ვიცით, რაზეა ეს დამოკიდებული...

- როგორ ყალიბდება ესა თუ ის პერსონაჟი? ეძებთ მის შესაბამის ხმას, გარეგნობას, ინტონაციას, ემოციას, თუ უბრალოდ ფიქრობთ იმაზე, ჩასწვდეთ მის შინაგან სამყაროს?

- თავიდან, მთავარია პიესა და რეჟისორი. რას გთავაზობს რეჟისორი და რას გთავაზობს დრამატურგი – რა პრინციპით და რა მეთოდით წავა სამუშაო პროცესი. ეს იქნება სტანისლავსკის მეთოდი, მიხეილ ჩეხოვის თუ სხვა. არის, როცა პერსონაჟს საკუთარი თავიდან გამომდინარე თამაშობ – მე, ნიკუშა კუჭავა რომ მოვხვედრილიყავი ასეთ სიტუაციაში. არსებობს სახასიათო პერსონაჟი, როდესაც შენგან განსხვავებულ ტიპაჟს ქმნი, რაც თავისთავად საინტერესოა, მაგრამ მთავარი მაინც სტანისლავსკის ქმედითი ანალიზით მუშაობაა. შეიძლება რეჟისორმა პირველ რეპეტიციაზე არ გითხრას, რომელი მეთოდით ვიმუშავებთ, მაგრამ მერე გამოჩნდეს, როგორი პერსონაჟი ხარ, რა ხდება და საერთოდ რას გთავაზობს.

ბატონ ლევანთან [წულაძე] მუშაობა იმის გამო მიყვარს, რომ არ მახსოვს, რომელიმე პიესაზე ერთნაირად გვემუშაოს – ერთი სცენა ისეა, მეორე - ასეა, თითქოს ეს არ უნდა იყოს სწორი, თითქოს ასე არც შეიძლება, მაგრამ ბოლოს ააწყობს სპექტაკლს და გამოდის სწორი. ეს მის სპექტაკლებში სულ მხიბლავდა და დღესაც ასეა, რაც ჩემს გემოვნებას სრულად აკმაყოფილებს და პროფესიულ მიზნებსაც.

- როგორი იყო პირველი შეხვედრა ლევან წულაძესთან?

- მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც დეკანატში დამიბარეს. მითხრეს, რომ მარჯანიშვილის თეატრში ხართ დაბარებული. გამიხარდა, ალბათ ვინმე სპექტაკლში მაკავებს-თქო (21 წლის ვიყავი). დეკანატში რომ მივედი, დამხვდნენ - გაიოზ კანდელაკი და გიზო ჟორდანია, ოღონდ, სახეზე არ ვიცოდი, რომელი რომელი იყო (ლაპარაკში მივხვდი, ვინ რომელი იყო). "გვაქვს შემოთავაზება, რომ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. ამაზე სამი დღე იფიქრეო“. რომ აღარ გავაგრძელო, ასე გავხდი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. ვფიქრობ, რომ ეს ბატონი გიზოს არჩევანი იყო, ალბათ ჩემი სპექტაკლები ნანახი ჰქონდა თეატრალურ უნივერსიტეტში.

- როლი არ მოგცეს?

- ერთი წელი ისე ვიყავი იქ, ფაქტობრივად, არაფერი მითამაშია. მერე ზღაპარი "ფორთოხალი, ფლეიტა და“ დადგა გიზო ჟორდანიამ, სადაც პრინცი ვითამაშე (მე და ჯაბა კილაძე დუბლები ვიყავით). ცოტა ხანს იდგმებოდა და მორჩა ჩემი კარიერული წინსვლა. "მასოვკებში“ ვმონაწილეობდი - არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდებოდა. მერე ბატონი ლევანი თეატრში საკუთარი გუნდით მოვიდა და დაიწყო ახალი ერა მარჯანიშვილის თეატრში, მაგრამ - ჩემ გარეშე. მას სპექტაკლში ნანახი არ ვყავდი და ალბათ, ამიტომ არ მაკავებდა.

მაგ პერიოდში თეატრიდან წასვლა გადავწყვიტე. ოღონდ, ეს ჩემთვის მტკივნეული საკითხი არ იყო, ამისთვის ფსიქოლოგიურად შემზადებული ვიყავი უნივერსიტეტის პედაგოგებისგან (ლილი იოსელიანი, ნუკრი ქანთარია), რომ ბევრი რამ გამართლებაზეა. მაშინ დედაჩემი ამერიკაში იყო, ვიფიქრე, გავფრინდები ამერიკაში და იქ რაღაცას ვიზამ-თქო. არადა, "თეატრალურში“ სტუდენტობისას ყველა მთავარი როლი მე მქონდა ნათამაშები. ამასთან, ფესტივალზე "დებიუტი“ და მესამე-მეოთხე კურსზე. მე ავიღე "წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობი“.

წასვლა რომ გადავწყვიტე, მოულოდნელად კინორეჟისორმა ნინო ახვლედიანმა სპექტაკლი "ჩიტი“ დადგა და იქ გამანაწილა, ჩემთან ერთად ასევე - ბექა გოდერძიშვილი და ბატონი დათო დვალიშვილი. ონისე ონიანი ჩემს დიდობას თამაშობდა. იყო ჩემი მეგობარი როლანდ ოქროპირიძეც... დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, საინტერესო სპექტაკლი იყო, განსხვავებული. სპექტაკლის ჩაბარების შემდეგ ბატონ ლევანს ნინო ახვლედიანისთვის უთქვამს: ეს ბიჭი აქამდე როგორ ვერ დავინახეო... აი, იქიდან წავიდა ჩემი როლები და მოვედით "ჰამლეტამდე“, "ოტელომდე“.

- ჰამლეტი ყველა მსახიობისთვის საოცნებო როლია...

- თქვენ წარმოიდგინეთ, მგონი, ერთადერთი ბიჭი ვიყავი ინსტიტუტში, რომელსაც ჰამლეტზე არ უოცნებია. სხვა როლებზე ვოცნებობდი, ცოტა მიწიერი ვიყავი, თუმცა რომის იმპერატორის - კალიგულას თამაში კი მინდოდა, ოღონდ, არ ვიცი, რატომ... შემდეგ მივხვდი, რომ საოცნებო როლები, ასეთი რამ არ არსებობს. შეიძლება საერთოდ არ იცოდე პიესა და იქ აღმოჩნდეს შენი საოცნებო როლი. ასეთიც ყოფილა!

- ყოფილა ისეთი როლი, რომ ვერ მიიღეთ, არადა, თითქოს ყველაფერი კარგად გააკეთეთ... ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ეს არის ის, რაც გინდოდათ?

- კი, დოსტოევსკის მიხედვით პიესას "ადამიანი მიწის ქვეშეთიდან“ დავარქვით, სადაც ვითამაშე. პრემიერაზე მომილოცეს. ორნი ვთამაშობთ - მე და ნინო ლორთქიფანიძე. მოკლედ, ჩავთვალე, რომ ამ სპექტაკლში სამარცხვინო ვარ. "ვაიმე, როგორ შევრცხვი“ - ასე ამ ერთადერთ სპექტაკლზე დამემართა, მაგრამ მსახიობები ხომ მეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად გექნება ერთი როლი, რომლისაც შეგრცხვება...

სპექტაკლი საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს. მოსაწვევი მომივიდა, მაგრამ მე მეგობრის ქორწილში წავედი, საჭიროდ არც ჩავთვალე, იქ მივსულიყავი... იმ დღეს არ გაჩერდა ტელეფონი, მირეკავდნენ, - "სად ხარ?“ პრემია აიღე, გრან-პრი!..

პირველ მოქმედებაში აბსოლუტურად მარტო ვარ სცენაზე - 45 წუთი. ფაქტობრივად მონოსპექტაკლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეორე მოქმედებაში გოგო შემოვიდა, მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე.

- ისე, რა ემოციაა, როდესაც მარტო დაგახარ სცენაზე, სპექტაკლს სავსე დარბაზის წინაშე თამაშობ?

- პასუხისმგებლობა გემატება, არავის იმედი არა გაქვს. ჩემთვის ეს უცხო არ არის, რადგან ვიყავი მკითხველი მსახიობი. არსებობს არამკითხველი მსახიობიც. ახლა ასეთი რამ აღარ არსებობს. მკითხველი მსახიობი ლექსს, პროზას კითხულობს... გურამ საღარაძე ჩემი პედაგოგი იყო და თავადაც მკითხველი მსახიობი გახლდათ, მაგრამ პროზა და ლექსი სცენაზე 10-15 წუთია, სპექტაკლს როცა თამაშობ – ერთი საათი სავსე დარბაზის წინაშე მარტო ხარ. თუ ნორმალური ადამიანი ხარ, გიჩნდება კომპლექსი, ვინ ხარ შენ, რომ 400-მა კაცმა ერთი საათი მოგისმინოს? ამიტომ გააჩნია, როგორ თამაშობს, რაზე მელაპარაკება, რამდენად მართალია, რამდენად აწუხებს ის, რაზეც მელაპარაკება და ა.შ.

- მაგრამ თუ რეჟისორმა ჩათვალა, რომ ნიკა კუჭავა "აიყვანს“ მაყურებელს?

- რეჟისორი ერთია და მაყურებელი - 400. აქედან გამომდინარე, მეშინოდა მიიღებდნენ თუ არა. ჩვენთან ხომ ასეა, სამწუხაროდ, შეგიძლია გააკეთო 3 მილიონი კარგი, ერთი ცუდი გამოგივიდეს და ყველას ის დაამახსოვრდეს. ამის კომპლექსი მქონდა, მაგრამ ჯერჯერობით იღებენ.

- მარჯანიშვილის თეატრზე თქვენთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის. უკვე სახლიც არის, რამაც თქვენი შემოქმედებითი "მეს“ განვითარებას ხელი შეუწყო. ან იქნებ ასე არც არის?

- როდესაც მეკითხებიან, რა არის ყველაზე სასიამოვნო მსახიობობაში, სამსახიობო პროცესში, ვამბობ, - 43 წლის ასაკშიც, როცა მომინდება, შემიძლია ვიცხოვრო ზღაპარში. იმ ზღაპარში, სადაც მთელი ბავშვობა გვინდოდა ვყოფილიყავით, რაზეც გვიოცნებია. კი, ამის გაკეთება შემიძლია 43 წლის ასაკში და ბევრად პროფესიონალურად და ბევრად ემოციურად.

მარჯანიშვილის თეატრმა ეს ზღაპარი მომცა. იქ შევედი თუ არა, პირდაპირ ზღაპარში აღმოვჩნდი და აღარ დამჭირდა იმისთვის ძალისხმევა, რომ ეს ზღაპარი შემექმნა. დღემდე ამ ზღაპარში ვარ, რომელსაც სხვადასხვა თავი, ქვეთავი, გვერდი თუ ტომი აქვს. ზოგი ეპიზოდი ცუდად მთავრდება, ზოგი კარგად, ზოგი ჯადოსნურია და ზოგი ყოფითია, მაგრამ ზღაპარი ზღაპარია... ასე რომ, მარჯანიშვილის თეატრი ჩემთვის ის ზღაპარია, რომელიც არ უნდა დამთავრდეს და დარწმუნებული ვარ, სანამ საქართველო იარსებებს, არ დამთავრდება.

- როგორი მაყურებელი ჰყავს თეატრს და თუ ყოფილა რაიმე რეპლიკა დარბაზიდან?

- თეატრს თავისი კანონზომიერებები, პერიოდები და ტენდენციები აქვს - იცვლება მაყურებლის გემოვნებაც. თუმცა, პროფესიული ეთიკისა და სცენისადმი პატივისცემის ზღვარი ყველაფერში უნდა არსებობდეს. იყო ასეთი არაორდინარული ეპიზოდი, როდესაც ემოციებმა მძლია და სპექტაკლის დროს დარბაზიდან მაყურებლის გაძევება მომიწია. ძალიან არაპროფესიონალურად მოვიქეცი და ამისთვის საჯაროდაც ბოდიში მოვიხადე სპექტაკლის მერეც, მაგრამ ვერ გავძელი, კაპელდინერი ისეთ ადგილას იჯდა, რომ ვერ ხედავდა. არადა, ცხრაჯერ გავხედე მათ, მერე ჩამოვედი სცენიდან, პირდაპირ თვალებში ჩავხედე და მონოლოგი წავიკითხე.

ეს არ იყო მხოლოდ ჩემი შეურაცხყოფა - ეს იყო ჩემი პარტნიორის, ნატა მურვანიძის შეურაცხყოფა, თეატრის, ჩვენი პროფესიის შეურაცხყოფა. კაცურად მივედი, მეგონა, რაღაცას მიხვდებოდნენ... მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ დაუშვებელია, მაყურებლის მხრიდან წარმოუდგენელი მხარდაჭერა იყო - როგორც იმ წუთებში ტაშით, ისე მეორე დღეს "ფეისბუქში“. ერთი ცუდი კომენტარიც კი არ დაწერილა. უფროსები წერდნენ: "გააგიჟეს ბიჭი, მსგავსი არაფერი გვინახავს“. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მათ გამო 400 კაცის შეწუხება დარბაზში მაინც არ შეიძლება.

- "თეატრი 42“-ზე ვისაუბროთ. როგორ მოერგეთ და გაითავისეთ ეს სივრცე მარჯანიშვილის თეატრის შემდეგ?

- პირველ რიგში, ბატონი ლევანის უზომოდ მადლობელი ვარ. მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება ფაქტობრივად მას ეკუთვნის. თუ უნივერსიტეტში ნუკრი ქანთარიამ მომკიდა ხელი, მერე - ლევან წულაძემ. მიკვირს, საიდან აქვს ამ ადამიანს ამდენი ენერგია, რომ დაუღალავად შემოქმედებითად ცხოვრობდეს. თეატრის "გაკეთება“ მარტო შენობა არ არის - იმ თეატრმა უნდა ისუნთქოს. პირველი ორი წელი იყო თავდაუზოგავი შრომა... თვითდაფინანსებაზეა ყველაფერი, დღის ჩაგდება არ შეიძლებოდა.

ჩვენი პირველი სპექტაკლი "ოტელო“ იყო, რომლის პრემიერაც იტალიაში შედგა, შემდეგ კი თეატრიც ამ სპექტაკლით გაიხსნა. იყო ასევე "დონ ჟუანი“ და კიდევ არაერთი... ზოგი ამბობს, - ეს კონვეიერიაო, მაგრამ ვისაც გემოვნება აქვს, ხედავს, რომ ყველაფერი უმაღლესი ხარისხითაა გაკეთებული - კოსტიუმები, დეკორაცია და პროფესიონალთა გუნდი... ჩვენი თეატრი მაყურებელს საშუალებას აძლევს, სპექტაკლის დაწყებამდე და მერეც დარჩეს ჩვენს სივრცეში. არის ღია სივრცეები, კაფე, სადაც შესაძლებელია მსახიობებთან გასაუბრებაც. ბატონმა ლევანმა საგრიმიოროსაც კი შუშის კედლები გაუკეთა, რომ მაყურებელი და მსახიობი მაქსიმალურად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ყოველგვარი ბარიერის გარეშე. ხშირად მოდიან სპექტაკლამდე ორი საათით ადრე, სხდებიან, განწყობას იქმნიან და მერე შედიან დარბაზში.~

- თეატრის მიღმა, ყოფილა თქვენს ცხოვრებაში კრიზისები და როგორ გადალახეთ ისინი?

- ბევრი რთული პერიოდი ყოფილა. ამაში თეატრი გეხმარება - სცენაზე დგახარ და იმ სამი საათის განმავლობაში არაფერი გახსოვს, არც ადამიანის სიკვდილი, არც პრობლემები... ჩვენი პროფესია ფსიქოლოგიურია და გინდა თუ არა, სულ სხვა სამყაროში გადაჰყავხარ. მერე, როცა სცენიდან გამოდიხარ, უკვე სხვა რეალობაა.

- რას ნანობთ ცხოვრებაში?

- ბევრ რამეს... რომ მკითხონ, თავიდან რომ დაიბადო, არაფერს შეცვლიო? 65%-ს შევცვლიდი! პროფესიას არა, მაგრამ ცხოვრების წესსა და დამოკიდებულებას - აუცილებლად. ახალგაზრდობაში ცოტა სხვანაირი ვიყავი, ბოჰემური ცხოვრება ჩემთვის უცხო არ იყო. ერთ პერიოდში მეტი მომდიოდა. რესტორნები, გალაკტიონის საფლავზე ასვლა და შამპანურით ლექსების კითხვა. ამ ყველაფერს მოვაკლებდი. მსახიობს ჯანმრთელობა სჭირდება, ამაზე სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. ახალგაზრდებს ვეტყვი: არა ბოჰემურ ცხოვრებას - მთავარი ჯანმრთელობაა.

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით?

- მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე - ანა მაისურაძე, რომელთანაც ოთხი წელია, რაც შევუღლდი. ყველაფერი კარგად და მშვიდად მაქვს დალაგებული. ანკასთვის თეატრი უცხო არ არის, მისი მამა ოპერის მომღერალი ბადრი მაისურაძეა, თავად ანკა კი ხელოვნებათმცოდნეა. ასე რომ, ერთმანეთს სრულყოფილად ვუგებთ.

მეუღლესთან ერთად

- თეატრის გარდა, რაიმე გატაცება ხომ არ გაქვთ?

- უკვე ორი-სამი წელია, მინიატურულ მაკეტებს ვაკეთებ - სახლებს, სამზარეულოებს, პატარა დეტალებს. პროფესიონალმა მხატვრებმა მითხრეს, რომ "მხატვრული თვალი“ გაქვს და ეს ხელს არ გიშლის, თუ ფურცელზე კარგად ვერ ხატავო. ამ საქმეს დროს ღამით ვუთმობ - სპექტაკლის მერე ორ-სამ საათამდე ვერ ვიძინებ და ეს მაკეტები ძალიან მამშვიდებს.

- ახალგაზრდებთანაც მუშაობთ ხომ "თეატრი 42“-ის ფარგლებში?

- გავხსენით კურსები სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის, რომელსაც "პირველი როლი“ ჰქვია. ვმუშაობ 13-დან 16 წლამდე ბავშვებთან - ვასწავლი მსახიობის ოსტატობას და მხატვრულ კითხვას. ახლა ლიტერატურულ სპექტაკლზე ვმუშაობთ, ვამუშავებთ ლექსებს... დამწყებ მსახიობებს მხოლოდ მუშაობას, მუშაობას და კიდევ ერთხელ მუშაობას ვუსურვებ! ყველაზე დამღუპველი თვითკმაყოფილებაა. სცენიდან რომ ჩამოხვალ და გგონია, ყველაფერი მაგრად იყო, რეჟისორმა შეიძლება გითხრას, დღეს ყველაზე სუსტი იყავი. პირიქითაც ხდება - როცა გგონია, რომ კატასტროფა დატრიალდა, შეიძლება ზუსტად მაშინ გაამართლა შენმა ნამუშევარმა. არასდროს არ უნდა დაიკმაყოფილო თავი და სრულყოფისთვის ყოველთვის იბრძოლო.